
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და გუნდის ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე „დინამო არენაზე" მედიის წარმომადგენლებს შეხვდა:
„მთელი კვირა ვემზადებოდით მნიშვნელოვანი მატჩისთვის. ყველაფერი ჩვენს ხელშია, კარგია, რომ 6 ქულა გვაქვს. ანდორა კარგად ორგანიზებულია და მათთან დაპირისპირება მნიშვნელოვანია. კი, მართალია, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულია, მთავარი არაა რამდენი თავდამსხმელია ჩვენს გუნდში. მთავარია, როგორ ავაწყობთ თამაშს.", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
პრესკონფერენციაზე, მედიის ყურადღება გიორგი არაბიძეს და გიორგი ლორიას დაეთმოთ. ვაისის განცხადებით, ლორია კვლავ ნომერ პირველ მეკარედ რჩება ქართველთა ნაკრებში. „ლორია თავისუფალი აგენტია, დინამოში ვარჯიშობს. სათამაშო პრაქტიკა აკლია მაგრამ ხარისხის და გამოცდილევის მხრივ ჩემი შეფასებით პირველი მეკარეა, კვასხვაძე და კუპატაძეც ელოდებიან თავიანთ შანსს, მაგრამ ლორია ნომერ პირველია" - ამბობს ვაისი. „რაც შეეხება არაბიძეს, ჩვენ გვსურს რომ ამ ფეხბურთელს დავეხმაროდ. მისი მომავალი მასზეა დამოკიდებული, ჩვენ არაერთხელ მივეცით შანსი, მაგრამ მან მაქსიმუმი უნდა გააკეთოს მოედანზე. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ის არ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში".
„პირველ ორ მატჩში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა გვაქვს, თუმცა ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს, წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ამ მატჩებისთვის აუცილებელია კარგად მომზადება და სწორი ტაქტიკის შერჩევა. ჩვენ უკვე 4 დღეა შეკრებაზე ვართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შევიკრიბეთ, ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით, წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
მოგვიანებით, ეროვნულმა ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა.
ავტორი: ნინი ვაშაკიძე
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








