წლის ბოლო ოფიციალური - ქართველი ჯუდოკები მონპელიეში არიან
წლის ბოლო ოფიციალური - ქართველი ჯუდოკები მონპელიეში არიან
20.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ავსტრია, საფრანგეთი, საქართველო, ლუქსემბურგი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ჯუდოში, 2024 წლის ბოლო საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, 21 დეკემბერს, მონპელიეში გაიმართება და საერთო ჯამში 125 ჯუდოკა (65 კაცი და 60 ქალი) შეეცდება საკუთარი კლუბის წარმატებაში პატარა წვლილი შეიტანოს. ადრინდელისგან განსხვავებით, ახალი ფორმატით, შერეული გუნდური შეჯიბრის პრინციპით ჩატარდება და თითოეული გუნდიდან 3 კაცი და 3 ქალი ჯუდოკა შეეცდება ოთხი გამარჯვება მოიპოვოს. ფრეს შემთხვევაში,  ისევე, როგორ შერეულ გუნდურ შეჯიბრში, აქაც, გამარჯვებულის გამოსავლენად, ლოტოტრონი შეარჩევს წონით კატეგორიას.

აღნიშნულ შეჯიბრში, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფრანგებს ჰყავთ - 34 და ბუნებრივია, ისინი ექვსი კლუბით შეეცდებიან, ტურნირის ფინალისკენ გზის გაკაფვას. ფრანგული კლუბების ღირსებას დაიცავენ ტედი რინერი, იაპონელი სანშირო მურაო, უზბეკი ალიშარ იუსუპოვი. ერთი „ლეგიონერი" არის ქართულ დელეგაციაშიც. გორელი უშანგი კოკაური, რომელიც წლებია აზერბაიჯანის ნაკრების სახელით ასპარეზობს, ევროპის საკლუბო ტურნირზე ქართული კლუბის - „გოლდენ გორის" ღირსებას დაიცავს. როგორც ვაანონსებდით, ქართული კლუბის ღირსებას დაიცავს ლუკა მაისურაძეც, რომელიც ტოკიოს გრან სლემის შემდეგ, ძალებს კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირზე სცდის. სხვათა შორის, ლუკა ქართული გუნდიდან მამაკაცთა შორის ერთადერთი იქნება წარმოდგენილი -90 კგ წონით კატეგორიაში. დანარჩენ ორ წონაში, -73 კგ-ში ჩვენები ორი, +90 კგ-ში კი, სამი წარმომადგენლით იასპარეზებენ. თითო წონით კატეგორიაში გვეყოლება გოგონებიც.


საერთო ჯამში, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:


-73 კგ ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ გიორგი ტერაშვილი

-90 კგ ლუკა მაისურაძე

+90 კგ თამაზ ბიგანიშვილი

+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი

+90 კგ უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი)

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ ეთერ ასკილაშვილი

+70 კგ სოფო სომხიშვილი


საერთო ჯამში, მედლებისთვის 12 კლუბი იბრძოლებს. ტურნირი ხვალ 21 დეკემბერს ჩატარდება.



ფოტო: (c) France Judo