
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაციის (International Ski Mountaineering Federation) ოფიციალური წევრი გახდა. ამის შესახებ ISMF-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოჩნდა ჩანაწერიც. მართალია, ჩვენი ფედერაციის შესახებ, ჯერ მხოლოდ წევრი ფედერაციების ჩამონათვალში გამოვჩნდით, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ISMF-ი 2026 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იქნება წარმოდგენილი, ამ ჩამონათვალშიც ჩვენი ქვეყნის გამოჩენა უკვე წინ წადგმული ნაბიჯია.
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ჩვენთან, სადაც ბუნებრივ ლანდშაფტთან ერთად, ბევრია ჯან-ღონით სავსე, ფიზიკურად ძლიერი და თავგადასავლებს მოწყურებული ახალგაზრდა, სპორტის ამ სახეობის მიმდევრებიც მალე გამოჩნდებიან. სახეობის განვითრებისთვის კი, საწყის ეტაპზე, ლოკალური შეჯიბრების ორგანიზება და ISMF-ის (სკიმო-ს სახეობებში გუნდური რბოლა, სპრინტი, შერეული ესტაფეტა, ინდივიდუალური რბოლა და ვერტიკალი), როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაციაა. მომდევნო ნაბიჯი, უკვე ქართველების მონაწილეობა იქნება აღნიშნული ფედერაციის საერთაშორისო ტურნირებში, სარეიტინგო ქულების დასაგროვებლად, რაც შესაბამისად ზამთრის ოლიმპიური ლიცენზიების ტოლფასი იქნება.
სხვათა შორის ფედერაცია, რომელიც თავდაპირველად, 1999 წელს UIAA-ს ფარგლებში შეიქმნა, დამოუკიდებელ ფედერაციად, 16 წლის წინ, 2008 წელს ჩამოყალიბდა და დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყნის ფედერაციას აერთიანებს. აღნიშნული ფედერაციის ეგიდით, წლებია იმართება შეჯიბრები შემდგომ ასაკობრივ კატეგორიებში:
18 წლამდე ტურნირი - 17/18 (კადეტები)
20 წლამდე ტურნირი - 19/20 (იუნიორები)
23 წლამდე ტურნირი - 21/22/23 (Espoirs)
21 წლის და ზევით - (სენიორები)
და ბოლოს, ერთი დეტალი, რომელიც აღნიშნული ფედერაციის და ქართული მხარის მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე გვაფიქრებინებს, ISMF-ის კალენდარია, რომელიც 2025 წლის იანვრის ორი შეჯიბრი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და თურქეთში იმართება. ასე, რომ დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენად მოვახერხებთ, ISMF-ის სახეობებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას და იქ, თავის დამკვიდრებას.

ფოტოები: © ISMF





ჩვენ







