წლის ბოლოს საკლუბო ბრინჯაო - „გოლდენ გორი“ ჯუდოს ჩემპიონთა ლიგის მესამეადგილოსანია
წლის ბოლოს საკლუბო ბრინჯაო - „გოლდენ გორი“ ჯუდოს ჩემპიონთა ლიგის მესამეადგილოსანია
21.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე თებერვლიდან მსოფლიო ჯუდოს სამყაროს ასპარეზობა შეცვლილი წესებით მოუწევს. ამ წესებში არის „დაბრუნებული" წესებიც, რომლებიც როგორც ჩანს აუცილებლობამ მოიტანა, მაგალითად იუკო - როგორც ნაგე-ვაზაში, ისე კანსეცუ-ვაზაში; ნე-ვაზას შემთხვევაში ოსაეკომი-ვაზაში;  5 წამით მეტოქის დაჭერა იუკოთი შეფასდება. ამასთან, იუკოს არანაირი რაოდენობა არ გაუთანაბრდება ვაზირის ან იპონს (აღნიშნულის შესახებ უფრო მერი დეტალი იხილეთ ბმულზე). 



თუმცა, მანამდე, საკმაოდ დატვირთული 2024 წლის ბოლო საერთაშორისო ტურნირი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დღეს საფრანგეთში, მონპელიეში ჩატარდა. 12 მონაწილე კლუბს შორის, სადაც ბუნებრივია ფრანგული კლუბები სჭარბობდნენ (6), იყო ქართული „გოლდენ გორი" (-73 კგ ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ტერაშვილი, -90 კგ ლუკა მაისურაძე, +90 კგ თამაზ ბიგანიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი), -57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, -70 კგ ეთერ ასკილაშვილი, +70 კგ სოფო სომხიშვილი) საკმაოდ საბრძოლო შემადგენლობით.




ქართულმა გუნდმა ბადე მეორე წრიდან დაიწყო და JUDO NICE METROPOLE-თან 3-4  დამარცხდა.  ჩვენი გუნდიდან შეხვედრები მოიგეს ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, შესაბამისად საჭირო გახდა დამატებითი შეხვედრა, რომელშიც ლოტოტრონმა ეთერ ლიპარტელიანი ამოირჩია, თუმცა, ამჯერად ეთერს ფრანგმა მოიგო და ქართული გუნდის გზა რეპეშაჟში გაგრძელდა. აქ „გოლდენ გორი" თურქებს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა,  EJU-ს გვერდზე თურქების გუნდის გრაფის გასწვრივ ტექნიკური წაგების შესახებ არის მინიშნება. აღსანიშნავია, რომ თურქული კლუბი KOCAELI BUYUKSEHIR BELEDIYESI KAGIT SPOR KULUBU ორგანიზატორებმა, პირველ წრეში, ნიცასთან დამარცხების შემდეგ ასპარეზობიდან ჩახსნეს. შესაბამისად, ქართველებს მომდევნო დაპირისპირებაში ტექნიკური მოგება ჩაეწერათ.


რაც შეეხება რეპეშაჟის 1/2 ფინალს, აქ „გოლდენ გორი"-ს მეტოქე ადგილობრივი კლუბი MONTPELLIER JUDO OLYMPIC-ი იყო. ამ შეხვედრაში ქართული გუნდიდან ბრძოლები მოიგეს ლუკა მაისურაძემ, სოფო სომხიშვილმა (იპონი), ეთერ ლიპარტელიანმა (იპონი) და გიორგი ტერაშვილმა. საერთო ჯამში, ჩვენებმა 1-4 მიიღეს და რეპეშაჟის ფინალში უკრაინულ JUDO UKRAINE-ს დაუპირისპირდნენ. ჩვენებმა მშრალი ანგარიშით 4-0 მოიგეს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოს ფინალში გაიმარჯვეს სომხიშვილმა (იპონი), დემეტრაშვილმა (იპონი), ლიპარტელიანმა (იპონი) და ტერაშვილმა, ასე რომ ეთერ ასკილაშვილსა და ლუკა მაისურაძეს ტატამზე გასვლა აღარც დასჭირვებიათ.


 

 



ბრინჯაოს მედლებთან ერთად, ქართულ გუნდს საპრიზო ფონდიდან 15000 ევრო შეხვდა. ტურნირის გამარჯვებული კი პსჟ გახდა, რომელმაც ფინალში სერბული „რედ სტარი" დაამარცხა 4-0.