შერმო MVP და ბითაძის დუბლი
შერმო MVP და ბითაძის დუბლი
22.12.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინი


მცირე პაუზის შემდეგ გიორგი შერმადინმა მატჩის MVP-ის ტიტული მოიპოვა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელშიც ლაგუნა ტენერიფემ მურსია 82-74 დაამარცხა. მურსიამ პირველი ტაიმი 33-32 მოიგო, რის შემდეგაც ტენერიფემ მეტოქეს მესამე პერიოდში 10 ქულით მოუგო (25-15) და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.


ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო სროლა ჩააგდო. გიორგი შეხვედრის MVP გახდა. ტენერიფეს საუკეთესო მექულე კი მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით დაასრულა.


ტენერიფე მომდევნო ტურში შერმადინის ყოფილ გუნდს ანდორას შეხვდება. გიორგის კლუბს მიმდინარე სეზონში 8 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. ტენერიფე 16 ქულით მეოთხე ადგილზეა.




გოგა ბითაძე


გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი თამაში და ორლანდოს გამარჯვება მაიამი ჰითთან. ორლანდოელთა ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა და მეჯიქს ფლორიდული დერბის მოგებაში დიდად დაეხმარა. ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ორლანდომ მოახერხა ნავსის გატეხვა და მაიამის საშინაო შეხვედრაში 121-114 სძლია.


ორლანდომ პირველი პერიოდიც წააგო, მეორეც და მესამეც. ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა სასწაული ქამბექი მოახდინა და დასკვნითი პერიოდის 37-8 მოგებით საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ორლანდო 25 ქულითაც აგებდა და ასეთი ჩამორჩენის შემდეგ მოგებით ისტორიული შედეგი გაიმეორა. აქამდე მეჯიქს სწორედ 25-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოგება ჰქონდა უმაღლეს შედეგად, რომელიც 1989 წლის 8 ნოემბერს, კლივლენდ კავალესთან მატჩში შეძლო. ისტორია დღეს, ქართველი ცენტრის თანამონაწილეობით გამეორდა.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გოგა მოედანზე იყო  ბოლო პერიოდის უმეტეს დროს. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი 6 ქულა (3 ორქულიანი) შეხვედრის ბოლო 4 წუთში. ბითაძემ ჯერ სირენამდე 3:59 წუთით ადრე ჩააგდო და ორლანდო 106-109 მიაახლოვა მაიამისთან. შემდეგ სირენამდე 1:35-ით ადრე და თავისი გუნდი 112-100 დააწინაურა. ბოლო ბურთი კი ქართველმა ცენტრმა დასრულებამდე 30 წამით ადრე მიითვალა, ანგარიში 117-112 გახადა და მეჯიქს ფაქტობრივად გამარჯვება გაუნაღდა.


ბითაძე იყო ერთადერთი მოთამაშე მოედანზე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც თამაშიდან ბურთი არ აუცილებია. მან 8-დან 8 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო: 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი. ბითაძემ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. ბითაძე დომინირებდა ორივე ფარის ქვეშ და მატჩის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ.


ორლანდოში 35 ქულითა და 9 პასით კოულ ენტონი გამოირჩა, კენტავიუს პოუპმა კი 24 ქულა დააგროვა. მაიამიში 23-23 ქულით ადებაიო და ტერი როზიე გამოირჩნენ. 


18 მოგებით და 12 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მეჯიქს ნიუ იორკმა გადაასწრო, რომელსაც 18 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგ მატჩს ორლანდო 24 დეკემბერს, შინ ბოსტონ სელტიქსთან გამართავს.



სტატიაში გამოყენებულია cbcanarias-ის ფოტო