
ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღნიშნულ ჩამონათვალში, IFFHS AWARDS 2024-ის გამოკითხვის შემდეგ გამოარჩიეს. საინტერესოა, რომ საუკეთესო ათეულში უეფა-ს წევრი ქვეყნებიდან მოლოდ ექვსი ეროვნული ნაკრების (ესპანეთის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, თურქეთისა და საქართველოს) მთავარი მწვრთნელი მოხვდა. ვიდრე, ცოტა უფრო დეტალურად აღნიშნული IFFHS AWARDS 2024-ის შესახებ გეტყვით, წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს:
1 ადგილი - ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთი - 274 ქულა
2 ადგილი - ლიონელ სკალონი, არგენტინა - 148 ქულა
3 ადგილი - დიდიე დეშამი, საფრანგეთი - 35 ქულა
4 ადგილი - გარეტ საუთგეიტი, ინგლისი - 26 ქულა
5 ადგილი - ემერსონ ფაე, კოტ-დ'ივუარი - 18 ქულა
6 ადგილი - იულიან ნაგელსმანი, გერმანია - 17 ქულა
7 ადგილი - ნესტორ ლორენცო, კოლუმბია - 14 ქულა
8 ადგილი - ვინჩენცო მონტელა, თურქეთი - 8 ქულა
9 ადგილი -. ვილი სანიოლი, საქართველო - 6 ქულა
10 ადგილი - მარსელო ბიელსა, ურუგვაი - 5 ქულა
აღსანიშნავია, რომ 2022 და 2023 წლების საუკეთესო მწვრთნელად, არგენტინელი ლიონელ სკალონი სახელდებოდა, თუმცა სკალონი, რომელმაც 2024 წელს კოპა ამერიკა მოიგო, ამჯერად მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა და ასზე მეტი ქულით ჩამორჩა ესპანელთა ნაკრების თავკაც, დე ლა ფუეტეს, რომელმაც საბოლოოდ, აღნიშნული აღიარება მოიპოვა. როგორც IFFHS-ის ოფიციალური გვერდი განმარტავს, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ეს აღიარება, საკმაოდ ახალგაზრდული და ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდით ევრო 2024-ის მოგების გამო დაიმსახურა. მას შემდეგ რაც მანამდე 2015 წელს U19-ის ევროპის ჩემპიონატის, ახალგაზრდული EURO 2019, 2021 წელს ოლიმპიური ვერცხლის, 2023 წელს უეფა-ს ერთ ლიგის მოგება მოახერხა. დე ლა ფუენტემ მოიგო ფრანგ დიდიე დეშამსაც, რომელიც IFFHS-ის ვერსიით საუკეთესო მწვრთნელად 2018 და 2020 წლებში აღიარეს და ბოლო ათი წლის მანძილზე, ყოველთვის ხვდებოდა საუკეთესო ათეულში. საინტერესოა, რომ ხუთეულში მოხვდა ემერსონი, რომელიც ამავდროულად აფრიკის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
რაც შეეხება ვილი სანიოლის - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსგავს გამოკითხვაში პირველად მოხვდა საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში და ამის მიზეზი, ბუნებრივია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრა, იქ ნაჩვენები თამაში და ზოგადად, ბოლო წლებში ნაჩვენები პროგრესია. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნულ ნაკრებთან, მთავარი მწვრთნელის რანგში თანამშრომლობა 2028 წლის ჩათვლით გაუგრძელა. სხვათა შორის, აღნიშნულ ათეულში ორი იმ ნაკრების (ესპანეთი და თურქეთი) მთავარი მწვრთნელი არის შესული, რომელთანაც ვილის დიდი ალბათობით, 2025 წელს მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
IFFHS-ი (საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) მსგავს გამოკითხვას უკვე რამდენიმე ათეული წელია ატარებს. გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან IFFHS-ის ვერსიით, საერთო ჯამში 36 ნომინაციაში ასახელებენ საუკეთესოებს.





ჩვენ







