დოლომიტებში არჩილი გაიხსენეს...
დოლომიტებში არჩილი გაიხსენეს...
26.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ვისაც ახსოვს არჩილი, ისინი შეხვედრილან ადამიანს, რომელიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ძლიერი მთამსვლელი", - ასეთი კომენტარი გააკეთა ქრისტიან თრომსდორფმა, ტრადიციული ალპინისტური ჯილდოს „ოქროს წერაყინის" პრეზიდენტმა 2024 წლის შედეგების ოფიციალურ შეჯამებამდე. 

მთიდან ამბები (თუ რა თქმა უნდა რაიმე ავარია არაა) გვიან მოდის და ეს, უმაყურებლო სპორტის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომელიც, ალპინიზმს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამჯერადაც, 2024 წლის Piolets d'Or (მსოფლიო ოქროს წერაყინის, „ალპინიზმის ოსკარის") ცერემონიის შესახებ, რომელიც 8-11 დეკემბერს დოლომიტებში, იტალიურ სან მარტინოში გაიმართა, ფართო საზოგადოებამ დღეს, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სოციალური ქსელიდან შეიტყო.


„ოქროს წერაყინის" ყოველწლიური და ტრადიციული დაჯილდოებაზე, რომლის დროსაც გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან ასვლებს აღიარებენ, 2024 წელს იმ დაღუპული ალპინისტების ხსოვნასაც მიაგეს პატივი, რომლებიც სხვადასხვა წლებში Piolets d'Or-ის მფლობელები გახდნენ. ამ ჩამონათვალში, ჩვენი და ქართული ალპინიზმის დიდი ტკივილი - არჩილ ბადრიაშვილი იყო.


არჩილ ბადრიაშვილი, ჩვენი ვებ-გვერდისთვის უბრალოდ, შინაურულად „სიმბა", რამდენიმე თვის წინ, 10 აგვისტოს,  სვანეთში, შხელდის ტრავერსის დასრულებისას, აღმოსავლეთ მწვერვალიდან დაშვებისას, მეხის დაცემით დაიღუპა. არჩილმა, „ალპინიზმის ოსკარი" 2022 წელს მოიგო მეწყვილეებთან - გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად,  Saraghrar NW 7300მ. (ჰინდი კუში, პაკისტანი) უმაღლესი სირთულის კატეგორია „6ბ" ასვლის გამო, რომელიც ქართველმა ალპინისტებმა 2021 წლის  3-10 სექტემბერის პერიოდში შეასრულეს. ალბათ, აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ „სიმბა" და მისი გუნდი, ამ აღიარებამდე, საერთო ჯამში, Piolets d'Or-ზე ხუთჯერ 2018; 2019; 2020; 2021 და 2022 წლებში, იყვნენ ნომინირებულნი. ამჯერად, კი,  არჩილი, 2024 წელს მთაში დაღუპულ სხვა მთამსვლელებთან ერთად გაიხსენეს - Kazuya Hiraide და Kenro Nakajima იაპონელი ლეგენდარული მთამსვლელები, რომლებიც 2024 წლის 27 ივლისს  K2-ზე (8611 მ) ახალი გზის გავლისას გარდაიცვალნენ. დაჯილდოებულნი იყვნენ რამდენიმე ოქროს წერაყინით. აღსანიშნავია, რომ  ისინი წელსაც, გარდაცვალების შემდგომ, დაჯილდოვდნენ  ასვლისთვის ტირიჩ მირის (7708 მ, ჰინდუ კუში, პაკისტანი) ჩრდილოეთ კედელზე. გაიხსენეს ასევე სერგეი ნილოვი, რომელიც გაშერბრუმ IV-ზე (7925 მ, ყარაყორუმი) 2024 წლის აგვისტოში „სერაკმა" იმსხვერპლა, მაშინ როდესაც თავის მეწყვილეს, წინა წელს დაღუპულ, დმიტრი გოლოვჩენკოს ეძებდა - ეს წყვილიც ორგზის „ოსკაროსანი" იყო.


დოლომიტებში გამართულ ცერემონიას, წელს არჩილის და რუსკა ბადრიაშვილი და არჩილის მეგობრები სარა შმიდტი (შვეიცარია) და სოფიო ბერიძე დაესწრნენ. 2024 წლის გამარჯვებულები კი, Kazuya Hiraide და Kenro Nakajima (ტირიჩ მირი 7708) - გარდაცვალების შემდეგ, Matt Cornell, Jackson Marvell, Alan Rousseau-ის ასვლა ახალი გზით მწვერვალ ჟანუზე (7710მ) და Matthias Gribi,   Hugo Béguin, Nathan Monard-ს ჰიმალაებში Kishtwar ასვლისთვის - სამივე ასვლა უმაღლესი კლასის ალურ სტილში ასვლების კატეგორიას განეკუთვნება. ასევე, სპეციალური აღიარება დაიმსახურა იტალიელმა ქალმა მთამსვლელმა ნაივს მერიომ. მთამსვლელობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ესპანელი ცნობილი მთამსვლელი ჯორდი კორომინასიც.


ფოტო: ©️ Piolets d'Or/ Piotr Drod