საუკეთესო 2024 და ახალი გეგმები უფრო მეტი მოტივაციით
საუკეთესო 2024 და ახალი გეგმები უფრო მეტი მოტივაციით
28.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ 15-მა სპორტულმა ჟურნალისტმა, ქალთა ლიგა 2-ის 14-მა კლუბმა, ქალთა ლიგის 8 გუნდის 2-2 წარმომადგენელმა, საერთო ჯამში 45-მა ადამიანმა იმსჯელა თუ ვინ, უნდა დასახელებულიყო წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად, მეეჭვება, რომ ბევრს სრულად ნანახი (აქ, აქცენტი მედიაზე მაქვს გაკეთებული) ჰქონდეს 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის თეონა ბაქრაძის თამაში, ბუნებრივია, იმ ფრაგმენტების გარდა, რომელსაც ძირითადად სფფ-ის სანაკრებო სოციალური გვერდი ავრცელებს ხოლმე. უფრო მეტი, ალბათ, რამდენიმე მედია გამოცემის (და არა სოცქსელში გამოქვეყნებული და ზოგჯერ, გადაუმოწმებელი სტატუსების მიხედვით) მიერ გაწეული და შემიძლია ვთქვა, უანგარო შრომა რომ არა, ჩვენს ქვეყანაში, ქალი ფეხბურთელების სახელები ალბათ, არც კი ექნებოდა ფართო საზოგადოებას გაგონილი. მწარეა, თუმცა, სიმართლეა და ამ გარემოებას, მხოლოდ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მომავალი სეზონიდან, იქნებ, მოახერხოს ფეხბურთის ქომაგმა და სპორტულმა მედიამ, ცოტა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს გოგონებს, რომლებიც, დამიჯერეთ, არანაკლები აზარტულები და „ტეხნარები" არიან საფეხბურთო მოედნებზე.


„არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა. ახლაც შოკში ვარ", - იტყვის თეონა ბაქრაძე, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ჩვენს ვებ-გვერდთან ლაპარაკში, ოდნავ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც საქართველო ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, რომელსაც მოედანზე მეტოქეები, ყველაზე მეტად მეურვეობენ.




2024 წელი ქართველმა ქალთა ფეხბურთელმა თურქულ „თრაბზონსფორში" დაიწყო, სადაც საქართველოში „დაბრუნებამდე" 22 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. „ლანჩხუთის" შემადგენლობაში, რომელმაც 2024 წლის ჩემპიონობა, 16 ნოემბერს მეოთხედ იზეიმა, ბაქარძემ 8 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 6 ქალთა ლიგის და ორიც უეფა-ს ქალთაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით და საერთო ჯამში 7 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, მიმდინარე სეზონში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ფლეი-ოფის ერთი შეხვედრის გამოტოვება დისციპლინარული სასჯელის (ყვითელი ბარათები) გამო მოუხდა. მარტო წლევანდელი სეზონითაც რომ არ ვიმსჯელოთ, „ბაქრას" ეროვნული ნაკრების მაისურით 53 მატჩი აქვს ჩატარებული და 13 გოლი გატანილი. ეს ისე, მაინც- სტატისტიკის მოყვარულთათვის.


„2024, ჩემთვის საუკეთესო წელი იყო ნამდვილად და არა მარტო ჩემთვის. რეალურად, მთლიანად ნაკრებისთვისაც.  ასეთი წლის ბოლოს კი, დაგასახელონ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად, ასმაგად გმატებს მოტივაციას. სამომავლოდ კი, უფრო მეტს გავაკეთებ ნაკრებისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. თურქეთშიც არ მქონდა ურიგო სეზონი, მაგრამ „ლანჩხუთში" თამაშს ჩემთვის სხვა დატვირთვა აქვს. ამ ყველაფერთან ერთად ჩემპიონებიც გავხდით რა შემიძლია დავამატო საუკეთესო წლის დასასრული იყო ჩემთვის", - ამბობს თეონა ბაქრაძე TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.




ბაქრაძე, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის წლის შეჯამებისას, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალ ფეხბურთელებს შორისაც იყო ნომინირებული, თუმცა, იქ, 28 წლის ქართველ ქალ ფეხბურთელს, ალბათ, ქართული ქალთა ფეხბურთის მომავალმა - ანანო წიქარიძემ აჯობა. სხვათა შორის, ამჯერადაც სფფ-ის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, სწორედ, დეკემბრის დასაწყისში ქალთა ჩემპიონატის სამეულის სახელები დომინირებდნენ. თეონა ბაქრაძის, ნინო ბუხრიკიძის (ქალთა ლიგის გოლეადორი) და ანანო წიქარიძის (საუკეთესო) გარდა, მაიკო ბებია, მარიამ კალანდაძე, თათია გაბუნია, ნათია დანელია, ირინა ხაბურზანია, ანა ჩემინავა, ნინო პასიკაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ეთერ სულაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, სვეტლანა გაბელაია, თინათინ ამბალია, სალომე გასვიანი, კესო მეტონიძე, ირმა ლომიძე, ელენე ენჯიბაძე, ანა წულაია, სალომე არაბული, ნატა კვირკვაია, საერთო ჯამში 22 ფეხბურთელი დაასახელეს. ასე, რომ არჩევანი, როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი და საინტერესოა.


რაც შეეხება „ბაქრას" მომავალ გეგმებს, რომელსაც მისივე სიტყვებს მოვიშველიებთ, „უფრო მეტი"-ს გაკეთებას გეგმავს, ვიცით, რომ უკვე თებერვლის ბოლოს, ფეხბურთელს ქალთა ეროვნულ ნაკრებთან ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა უწევს უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის 2025-ის C2 ჯგუფში, ჯერ თბილისში, 21 თებერვალს ანდორას წინააღმდეგ, 25-ში კი კვიპროსზე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მომავალი სეზონიდან, ჩვენი გვერდის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, თეონა ბაქრაძე აღარ დაიცავს, საქართველოს ქალთა ჩემპიონი გუნდის „ლანჩხუთის" რიგებს. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენებს და ერთად ვუქომაგოთ, ქალთა ფეხბურთს.




სტატიაში გამოყენებულია სფფ-ის / ლაშა კუპრაშვილის ფოტო დაჯილდოების ცერემონიიდან