
ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდები სრული დატვირთვით მზადებას ახალი წლიდან გააგრძელებენ. თუმცა, დარჩენილ 2024 წელსაც, ქართული კლუბები დროს უქმად არ კარგავენ და სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას რაციონალურად აპირებენ. თუმცა, ამ ეტაპზე, კლუბების ხელმძღვანელები თავისუფალი აგენტებით ინტერესდებიან. ერთ-ერთი ასეთი „თავისუფალი აგენტი" იყო ჯაბა კანკავაც. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე წონადი ქართველი ფეხბურთელი, კარიერას საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. კლუბში, სადაც კანკავასთვის საფეხბურთო კიბე იწყებოდა.
„ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში. მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის", - ამბობს ჯაბა, „დინამო თბილისისთვის" მიცემულ კომენტარში, რომელსაც კლუბის ოფიციალური გვერდები ავრცელებენ.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, „დინამო თბილისსა" და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და თვითმყოფად ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ჩვენი ვებ-გვერდის ინფორმაციით ფეხბურთელი საბოლოო სამედიცინო შემოწმებას 2025 წლის იანვრის დასაწყისში გაივლის და 9 იანვრიდან გუნდთან და ახალ მთავარ მწვრთნელთან ლადო კაკაშვილთან ერთად, ახალი სეზონისთვის შეუდგება მზადებას. აქვე გეტყვით, რომ დინამოელები თავდაპირველად შეკრებას თბილისში, მოგვიანებით კი, პორტუგალიაში გაივლიან. გუნდში დიდი ალბათობით იქნება სხვა სიახლეებიც, თუმცა, მათ შესახებ მოგვიანებით. მანამდე კი, კვლავ ჯაბა კანკავას თემას დავუბრუნდეთ.
კანკავამ, პროფესიული საფეხბურთო კარიერა თბილისურ კლუბში დაიწყო და „დინამოს" ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა. კანკავამ კლუბის შემადგენლობაში უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და გახდა საქართველოს ჩემპიონი. აქვე უნდა გავიხსენოთ ჯაბამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 101 შეხვედრა გამართა, ამასთან ცხრა წლის მანძილზე ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. კანკავა გუნდის განაცხადში იყო (თუმცა, მინდორზე არ შესულა) 2024 წლის 26 მარტს, როდესაც ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. სხვათა შორის, ჯაბა იყო ევროპის ჩემპიონატის განაცხადში, რომელიც ვილი სანიოლიმ დააანონსა, თუმცა, კანკავამ გერმანიაში წასვლაზე უარი განაცხადა.
ალბათ, შეხსენება არაა საჭირო, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლოს კანკავა ვლადიმირ ვაისის „სლოვანში" თამაშობდა და კლუბთან ერთად საკმაოდ ბევრ წარმატებასაც მიაღწია. თბილისის დინამოელი და საქართველოს ეროვნული ნაკრები კაპიტანი ტიტულოვანი ქართული კლუბის გარდა კიევის „არსენალში", „დნიპროში", „კრივბასში", „რეიმსსა" და „ტობოლში" თამაშობდა.





ჩვენ







