
მალე ახალი, 2025 წელი დაიწყებს ახალ ათვლას, რომლის შედეგებიც საბოლოოდ, წლის ბოლოს შეჯამდება. გამომდინარე იქიდან, რომ ოლიმპიური თამაშების ციკლი, გასულ, 2024 წელს ჩაბარდა, ახალ, 2025 წელს, ბევრი შეეცდება მსუბუქად გადააგოროს, თუმცა, ეს არ ეხება ზამთრის სახეობებს, რომლებსაც ოლიმპიური თამაშები მომავალ 2026 წელს ელით, ამიტომ მიმდინარე წელი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. შესაბამისად, დავიწყოთ ზამთრის სახეობები სადაც, თუკი არ დაანება თავი აქტიურ სპორტს ქართველებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც ჩვენებური რეკორდის დამყარება შეგვეძლება - ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ქართველი ქალი მოთხილამურე ნინო წიკლაური 2026 წლის მილანისა და კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზა ქართველმა ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, რაც ცალსახად, რეკორდია.
მიმდინარე წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად წიკლაურის გარდა იბრძოლებენ: სკი კროსში - დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე, სნოუბორდში რევაზ ნაზღაიძე, ფრისკიში - ნიკა ელოშვილი, რევაზ ბურდული და ლუკა ჩოფიკაშვილი, სნოუბორდ-ფრისკიში ჯაბა სხვედიანი.

დიდი ალბათობით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას შეეცდება მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი და რა თქმა უნდა სრული გუნდით, ოთხ სახეობაში შეეცდება ოლიმპიური ლიცენზიები მოიგოს და ქართული გუნდი, არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ, გუნდურ შეჯიბრზეც წარმოადგინოს ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა გუნდმა. სავარაუდოდ, ბევრი ახალი სახელით - მაგალითად, ცხადია რომ მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საქართველოსთვის ლიცენზიის მოპოვებას ნიკა ეგაძე შეეცდება. ახალი პარტნიორით, ანასტასია მეტელკინასთან ერთად იასპარეზებს ლუკა ბერულავა. სამწუხაროდ, პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, არ წაუვიდა საქმე კარგად მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს, რომელიც საბოლოოდ დაიშალა და რეალურად, დღემდე ამ წყვილის მომავალი გაურკვეველია. თუმცა, საქართველოს სახელით საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს დაიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის წყვილი. სხვათა შორის, დაიანას დედა, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი, ეთერ თუთბერიძეა. ქალთა შორის კი, დიდი ალბათობით, ისევ საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა შეეცდება მორიგი ლიცენზიის მოგებას.

რადგან ოლიმპიური თემატიკით დავიწყეთ, ალბათ, აქვე განვლილი წელი და პარიზის ოლიმპიური თამაშები უნდა გავიხსენოთ. პარიზში, ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებთან შედარებით, ნაკლებმა, საერთო ჯამში 28 ქართველმა ათლეტმა იასპარეზა, თუმცა, თუ ამ რაოდენობას მოპოვებულ მედლებს შევუფარდებთ, შედეგები არც თუ ურიგოა. ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. თუმცა, არაა გამორიცხული მომავალ ოლიმპიადაზე, რომელიც 2028 წელს გაიმართება, ტალახაძის წონა, საერთოდ ამოიღონ ოლიმპიური პროგრამიდან. გასული წლის ბოლო შეჯიბრზე, მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ლაშას არ ყოფნაში, პლანეტის ჩემპიონის ტიტული ვარაზდატ ლალაიანმა მოიგო და სომხეთის ჰიმნსაც მოუსმინა. ოლიმპიური ოქრო მოიგო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა. ლაშა ბექაური კი, გეგმას და პირობას მიჰყვება და მეორე მოგებული ოლიმპიური თამაშების შემდეგ, დიდი ალბათობით ძალებს უკვე მესამეზე მოსახვედრად გადაანაწილებს. სხვათა შორის, ბექაურს შანსი აქვს გახდეს 2024 წლის პლანეტის საუკეთესო ჯუდოკა. ამისთვის საჭიროა ბექაურს 2025 წლის 10 იანვრამდე მისცეთ ხმა (ხმის მისაცემად გადადით ბმულზე). გამარჯვებულები კი, 2 თებერვალს, პარიზის გრან სლემის მსვლელობისას დასახელდებიან.

და რადგან დღევანდელი სტატიის ფორმატი, ავარჩიე, ერთგვარად განვლილი 2024 წლის შეჯამება და ახალი 2025 წლის ანონსი ყოფილიყო, მაშინ ოლიმპიური თემატიკა ბოლომდე „მივიყვანოთ". პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდათ გივი მაჭარაშვილს, ტატო გრიგალაშვილსა და ილია სულამანიძეს (ამ ბოლოს, ჩვენი აზრით გამოცდილება უფრო დააკლდა ოლიმპიური თამაშების რანგის ტურნირზე). კრივში, ისტორია დაწერა ლაშა გურულმა და ბრინჯაო მოიპოვა. სხვათა შორის, ისევე როგორც პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, აქტუალური გახდა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძის წონითი კატეგორიის გაუქმება, არის მოლოდინი, რომ ოლიმპიურ თამაშებზე 120 წლიანი (1904-2024) ისტორიის შემდეგ, მომავალ, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კრივი, თამაშების პროგრამიდან ამოიღონ... კრივის სამყარო მოლოდინშია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებას გადაიფიქრებს და მოკრივეებსაც ექნებათ შანსი, საკუთარი გეგმები ოლიმპიური ციკლის შესაბამისად ააწყონ.
რაც შეეხება პარიზში ჩატარებულ თამაშებს, ქართულმა დელეგაციამ საერთო ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და თამაშებში მონაწილე 206 ქვეყანას შორის 24 ადგილი დაიკავა.
საინტერესო იყო, პარიზშივე გამართული პარალიმპიური თამაშები, სადაც, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩვენ, ახალი და სიცოცხლით აღსავსე სახელი ანა ჯაფარიძე გახდა. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ქართველი პარა ტაეკვანდოისტი ქალი, პარალიმპიადაზე მოასპარეზე სრულიად ქართული გუნდის მოტივატორი გახდა. საერთო ჯამში ქართული გუნდიდან, რომელიც 14 პარასპორტსმენით იყო პარიზში წარმოდგენილი პედესტალზე 9 ავიდა, რაც ისტორიული შედეგია. ბირთვის კვრაში ოლიმპიური ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე გახდა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა და სროლაში ლადო ჭინჭარაულმა, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ძიუდოში ინა ქალდანი, ტაეკვანდოში ანა ჯაფარიძე, ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე.

პირველად, 2024 წელს მარტში, საქართველოს მთავარ სტადიონზე „დინამო არენაზე" ტრიბუნები ფეხზე წამოუდგნენ ილია თოფურიას, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ, 26 ოქტომბერს ქამარი დაიცვა. ამ მოვლენამდე, ლას ვეგასის სფეროში მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. გამომდინარე აქედან 2025 წელი საკმაოდ საინტერესო გველის. მითუმეტეს, რომ ახალი წლიდან, ბევრი ახალი სახელიც გამოჩნდეს.
რაგბი, კალათბურთი, ხელბურთი - ეს სპორტის ის სათამაშო სახეობებია, რომლებიც 2025 წელს კვლავ შეეცდებიან საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას სათამაშო სახეობებში - კალენდარიც საკმაოდ დაძაბულია და ჩვენც, შევეცდებით თემატურად, კონკრეტულ ვადებში მათზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. თუმცა, აქვე გირჩევთ, მომავალ წელს არ გამოგრჩეთ, ქართველი ხელბურთელის გიორგი ცხოვრებაძისა და კალათბურთელი გოგა ბითაძის თამაშები, რადგან ეს ორი სპორტსმენი, ქართულ სათამაშო სახეობებში აშკარად, ახალ სიმაღლეებზე გადიან.

ალბათ, მე რომ მკითხონ, 2024 წელს, რომელ სახეობას და ფედერაციას დაასახელებდი საუკეთესოდო, დაუფიქრებლად ვიტყოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. დაიწყებ, რომ 2024 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ქალთა ფეხბურთის მხრივ, რაც ჩვენს რეალობაში სიახლეა... ქართველ გოგოებს ორი ნაბიჯი (ფლეი-ოფი) დააკლდათ ნანატრ ევროპის ჩემპიონატზე. სამაგიეროდ, საქართველოს ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წელს ევროზე მოსახვედრი მეორე შანსი გამოიყენა და გერმანიაში გამართულ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა. თან, ბიჭებმა სიტყვა შეასრულეს და გერმანიაში, მხოლოდ ტურისტებად არ ჩავიდნენ. არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ ევროზე ყოფნისას, მას შემდეგ რაც იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავი, ქართული გუნდის თამაშით აღფრთოვანებას და გაოცებას ვერ მალავდნენ, მასპინძლები, რომლებმაც სრულიად უცხო გუნდის, ყველა ფეხბურთელის გვარი უკვე ზუსტი „ფრონანსით" იცოდნენ... და ბოლოს, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სფფ - 2024 წელს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტში ორი მნიშვნელოვანი ფლეი-ოფი, სექტემბრიდან კი ახალი შესარჩევი ელის. რაც შეეხება 21-წლამდე გუნდს, მათ ივნისში სლოვაკეთში, ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ თამაში.
ასე, რომ 2025 წელს საკმაოდ საინტერესო კალენდარი გველის და ვიმედოვნებთ, წინ ბევრი სახელოვანი გამარჯვებაც იქნება.






ჩვენ







