
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალ წელს, ტრადიციულ ტურნირზე ასპარეზობით იწყებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი, შარშანდელის მსგავსად 2025 წლის პირველ დღეებში ძალებს „კარპატის თასზე" გამოსცდის. საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთის, თურქეთისა და ტურნირის მასპინძელი რუმინეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან. პირველ თამაშს კი, ჩვენები ხვალ, 3 იანვარს ჩაატარებენ. საერთო ჯამში ჩვენები ტურნირზე 4 შეხვედრას გამართავენ:
3 იანვარი / სერბეთი - საქართველო
4 იანვარი / საქართველო - თურქეთი
5 იანვარი / რუმინეთი -საქართველო
რუმინეთში ჩვენი ნაკრები 16 ხელბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. ტიტე კალანდაძის განკარგულებაში წლის პირველ ტურნირზე იქნებიან: დავით ნიქაბაძე, ზურაბ ცინცაძე, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი არსენიძე, გიგა მელიავა, გიორგი დიხამინჯია, მირიან გავაშელიშვილი, ზურაბ გოგავა, ირაკლი გოგოლაძე, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი გრიშიკაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი ლაპიაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, აკაკი პატაშური, გიორგი ცხოვრებაძე.
რუმინეთში საქართველოს ნაკრებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ გუნდის გამოცდილი წევრები ერეკლე არსენაშვილი, ირაკლი კბილაშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე, თუმცა, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს, გამგზავრებამდე ხელბურთელების ჩანაცვლება მოუხდა. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ კალანდაძე პოსტ-ტრავმულ რეაბილიტაციას გადის, რაც შეეხებათ ერეკლეს, მას წელის კისტამ, ირაკლის კი მუხლმა შეახსენა თავი. ასე, რომ მწვრთნელებმა, წლის პირველი ტურნირის თამაში მათ გარეშე გადაწყვიტეს. 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობის შანსი გიგა მელიავასა და გიორგი გრიშიკაშვილს მიეცემათ. აქვე გეტყვით, რომ იანვრის ტურნირზე გუნდთან ერთად არაა, გამოცდილი მოთამაძე ხაზეინ რუსტამოვიც.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მიაჩნიათ, რომ არსენაშვილი და კბილაშვილი და თუ შესაძლებელი იქნება კალანდაძეც, ჯანმრთელად და მზად ეროვნული ნაკრების მარტის თამაშისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ, ოპტიმალურ ფორმაში და ჯანმრთელად იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-3 საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან ერთად. მომდევნო, ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი გადის. მათ გარდა, ფინალურ ეტაპზე (ევროპის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში დანია, ნორვეგია, შვედეთი გაიმართება) გასვლის შანსი საუკეთესო შედეგის მქონე ოთხ მესამეადგილოსანსაც აქვს.
საქართველოს ნაკრებს კი, ამ შესარჩევ ჯგუფში გასამართი ოთხი თამაშიღა რჩება:
13 მარტი / საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა
16 მარტი / ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო
7-8 მაისი / საქართველო - საბერძნეთი
11 მაისი / ისლანდია - საქართველო





ჩვენ







