
შაბათს, „ლიონი", „მონპელიეს" უმასპინძლებს. 2025 წლის პირველი თამაშის წინ, მაშინ როდესაც სატრანსფერო თემატიკა აქტუალურია, ბევრს ლაპარაკობენ გიორგი მიქაუტაძეზე. ქართული ფეხბურთს ერთ-ერთი ვარსკვლავით, ბუნებრივია დაინტერესებული არიან ჩვენი მეზობელი თურქები, რომელთა ნაკრებთან დაპირისპირება ვილი სანიოლის გუნდს სექტემბერში მოუწევს. ბუნებრივია, ისიც, რომ ქართველზე „დაკვირვებაც" ყველაზე მეტად, ახლა სწორედ ჩვენს მეზობლებს აწყობთ, მით უმეტეს, რომ გასულ წელს ევრო 2024-ზე თურქების კარში გოლი სწორედ ჟორჟმა გაიტანა.
წლის პირველი და „ლიონის" მორიგი მატჩის წინ, ფრანგული მედია ჟორჟს გაესაუბრა და ბუნებრივია, მოახლოებული მატჩის გარდა, სავარაუდო ტრანსფერზეც შეეკითხა.
„ვეცადე შესვენების დროსაც შემენარჩუნებინა ფორმა და ვაგრძელებდი ვარჯიშს. წინ ჩემპიონატის თამაშები გვაქვს და გვინდა, რომ იქ კარგად ვითამაშოთ. ამას გარდა, მაქსიმალურად წინ წავიწიოთ, ევროპა ლიგაზე. მანამდე შაბათს, გვაქვს ურთულესი მატჩი „მონპელიეს" წინააღმდეგ, რომლის დაუფასებლობაც არასდროს შეიძლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა ავიღოთ", - ამბობს მიქაუტაძე.
საინტერესოა, რომ ჟორჟის „ლიონს", უეფა-ს მიერ გამოცხადებული საახალწლო არდადეგების შემდეგ, პირველი შეხვედრის თამაში, უეფა-ს ერთა ლიგაზე სტამბოლში, 23 იანვარს, „ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ უწევს. შესაბამისად, 24 წლის ქართველს უშუალოდ სტამბოლში, „გალათასარაის" წარმომადგენლებიც უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდებიან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯარაში, ჟორჟით დაინტერესებული სწორედ ეს თურქული გრანდია.
„სატრანსფერო პერიოდში ასეთი ვარაუდები ჩვეულებრივი ამბავია. „ლიონში" 6 თვის წინ გადმომიყვანეს, ასე რომ ახალ, ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული და კიდევ, შაბათის შეხვედრაზე. ამ ეტაპზე არ მაინტერესებს რას წერენ ჩემს შესახებ. „ლიონის" გულშემატკივარს, სანერვიულო არაფერი აქვს", - ამბობს მიქაუტაძე.
ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ რამდენიმე საათის წინ თურქულმა მედიამ გაავრცელა. აქვე გეტყვით, რომ ისევ და ისევ, თურქულ მედიაზე დაყრდნობით, ჟორჟის კანდიდატურაზე და კლუბისგან მოთხოვნილ თანხაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფიდან მუნდიალზე მოსახვედრად ძირითადად თურქეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის წარიმართება „ბრძოლა", არაა გასაკვირი, რომ 2025 წელს თურქული მედია, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესს უფრო გაამძაფრებს. თუმცა, ამასობაში ისიც ფაქტია, რომ ჟორჟი, ყველა ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე იხარჯება და ყოველკვირეულად უკეთეს და უკეთეს ფორმაში შედის.





ჩვენ







