ცხოვრებაძემ დაიწყო და ცხოვრებაძემ დაამთავრა...
ცხოვრებაძემ დაიწყო და ცხოვრებაძემ დაამთავრა...
05.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში, ტრადიციულ „კარპატის თასის" გათამაშებაზე საახალწლოდ, შეიძლება ითქვას, გემრიელად ივარჯიშა. ტიტე კალანდაძემ, ახლი ხელბურთელების გამოცდაც მოახერხა საერთაშორისო ტურნირზე და მარტის თამაშების წინ გვარიანადაც გაირჯა.

„კარპატის თასის" გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთის, ტურნირის მასპინძელი რუმინეთისა და თურქეთის ნაკრებები იყვნენ. ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი, რომელსაც თბილისიდან გამგზავრებამდე გამოცდილი ირაკლი კბილაშვილი და ერეკლე არსენაშვილი გამოაკლდნენ, გუნდთან ერთად არც ხაზეინ რუსტამოვი იყო, პირველი შეხვედრა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 10 ბურთის სხვაობით, 35-25 (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე) დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, ორივე გუნდის შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, 11 გატანილი გოლით გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.


აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრაში, რომელშიც ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, არანაკლებ დაძბული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა 32-27 მოიგო (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე). ყველაზე მეტი გოლი კვლავ ცხოვრებაძის ანგარიშზეა - 13, თუმცა, საუკეთესო მოთამაშედ, ამჯერად გიორგი დიხამინჯია დასახელდა. სხვათა შორის, გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე საკმაოდ ბევრი იმუშავა. რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში მოახერხა სოლიდური შუალედის დაჭერა, სხვაობა 10 ბურთიც იყო... კარგად ითამაშა კონტრშეტევებზე, რომლის სისწრაფესაც თურქებმა უბრალოდ ალღო ვერ აუღეს. თუმცა, იყო გამოსასწორებელიც - ჩვენი აზრით შეტევაში ბევრს ვჯარიმდებოდით... საბოლოოდ, თურქებმა ოდნავ მოახერხეს, ანგარიშის შემცირება.




მესამე და ბოლო შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის წინააღმდეგ გამართა. განსხვავებით ჩვენი ნაკრებისაგან, ტურნირის მასპინძლებს, ამ შეხვედრამდე, ერთი მოგება და ერთიც ფრედ დასრულებული მატჩი ჰქონდათ აქტივში. საქართველოს ნაკრების მსგავსად, რუმინელებმა თურქებს მოუგეს, აი, სერბებთან კი, ტურნირის მეორე სათამაშო დღეს ფრედ 31-31 ითამაშეს. შესაბამისად, ბოლო საასპარეზო დღის წინ, სერბეთი და რუმინეთი თანაბარი ქულებით, პირველ-მეორე ადგილს იყოფდნენ.


დღეს, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირებამდე, სერბეთისა და თურქეთის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სერბებმა, როგორც  მოსალოდნელი იყო იმარჯვეს, 35-30 და შესაბამისად, ტურნირის ბოლო მატჩამდე პირველი ადგილი გაიმყარეს. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველო ტურნირის მასპინძელ რუმინეთს დაამარცხებდა, ის სერბებზე ნაკლებ ქულას დააგროვებდა. აი, რუმინეთის გამარჯვების შემთხვევაში კი, „კარპატის თასი 2025"-ის მფლობელს, სამი შეხვედრის ჯამში, რუმინელებს და სერებს თანაბარი ქულები ექნებოდათ და შესაბამისად, საუკეთესო გუნდიც მიღებული და გაშვებული გოლებით გაირკვეოდა.


ტურნირის ბოლო მატჩში, პირველივე წუთზე ცხოვრებაძემ პენალტი გააფუჭა. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში, ანგარიში, მაინც მან გახსნა. საერთოდ, გიორგიმ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე თუ არ ჩავთვლით, მომენტს, როდესაც ექიმის დახმარება დასჭირდა თითქმის შეუცვლელად ითამაშა. გაიტანა, რამდენიმე დასამახსოვრებელი გოლი და საბოლოოდ, 9 გოლი დაუგროვდა, თუმცა, ერთით მეტი გიორგი დიხამინჯიას ანგარიშზე მოვიდა და შესაბამისად, ხელბურთელი, რომელიც ქართულ კლუბში არ მომერიდება ვთქვა, ყველაზე სტაბილურად გამოიყურება, ჩვენი ნაკრებიდან, რუმინელებთან მატჩში, ყველაზე შედეგიანი გახდა. სხვათა შორის, კარგი შთაბეჭდილება დატოვა გიორგი არეშიძემაც. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ქართული გუნდის თამაშში იყო წვრილმანი წუნი, მაგალითად, მეორე ტაიმის შუაწელში, როდესაც, მასპინძლებმა მოახერხეს, 3 ბურთიანი სხვაობის განეიტრალება და რეალურად შეხვედრის ბოლო წამებამდე ბეწვის ხიდზე გავიარეთ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ რუმინელებმა მეტი გოლის გატანა რომ ვერ შესძლეს, ქართველთა მეკარის ზურაბ ცინცაძის დამსახურებაა (პირველი ტაიმის საწყის 10 წუთში და მატჩის მიწურულს) და სავსებით გასაგებია და სამართლიანი, რომ ის, ქართული გუნდიდან ამ შეხვედრაში გამოარჩიეს. გამარჯვების გოლი კი, მატჩს დასრულებამდე 8 წამით ადრე, შესაძლოა, ისეთ ეფექტურ ნახტომში არა, როგორც მეორე ტაიმის შუაწელში, მაგრამ გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზეა.


საქართველოს ნაკრებმა, ერთი ბურთით, ანგარიშით 34-35 მოიგო (იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა) და „კარპატის თასზე" მეორე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. არც თუ ურიგოა. ტურნირის ბომბარდირი, როგორც მოსალოდნელი და სასურველი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის 33 გატანილი გოლით,  გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომლის თამაშის კომენტირებისას, რუმინელი კომენტატორები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. 21 გოლი დაუგროვდა გიორგი დიხამინჯიას. 2025 წლის პირველი ტურნირი, „კარპატის თასი" კი, სერბეთის ნაკრებმა მოიგო, რომელიც ძირითადად მეორე გუნდით ასპარეზობდა აღნიშნულ ტურნირზე.  

 

აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით ასევე ნახეთ სტატია

სტატიაში გამოყენებულია (C) Sportul Ilustrat-ის ფოტო