ჯერ დაგვაკლეს და შემდეგ დაგვიმატეს, საქართველომ რუმინეთი 12 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა
ჯერ დაგვაკლეს და შემდეგ დაგვიმატეს, საქართველომ რუმინეთი 12 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა
09.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა, ეტაპის მასპინძელი რუმინეთის ნაკრები 11 ბურთიანი სხვაობით 24-12 დაამარცხა. სხვათა შორის, თავდაპირველად, ოქმში, 23-12 იყო დაფიქსირებული, მატჩის მსვლელობისას, ბესო ახვლედიანის გატანილი პენალტი გააუქმეს, თუმცა, როგორც ჩანს ჩვენმა მხარემ მომენტი გააპროტესტა და მოგვიანებით, ტურნირის ოფიციალურ გვერდზე ქართველებს კიდევ ერთი გოლი დაუმატეს. შესაბამისა, ორივე გუნდში, საუკეთესო 8 გატანილი გოლით, ახალგაზრდა ბესო ახვლედიანი გახდა. 7 გოლით დაასრულა თამაში ვაკო დადვანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ე.წ. ყველა სპრინტი მოიგო და თუ არ ჩავთვლით, მესამე მეოთხედს, რომელშიც ამ მოგებულ სპრინტთაგან ერთ-ერთი ვერ გარდასახა გოლად, ყოველ ჯერზე ქართველთა გოლებით დაასრულა. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი პერიოდი, მესამე „ჩააგდო", ისიც მცირე მონაკვეთი, მაშინ, როცა ჩვენს გუნდში იყო ყველაზე მეტი გამოუყენებელი მომენტი, დაკარგული ბურთი და გაძევება.


თამაშის მოგებაზე კი, ჩვენებმა ე.წ. „კროსოვერ" შეხვედრაში (1/8 ფინალი) პრეტენზია პირველივე წუთებზე განაცხადეს, როდესაც ანგარიშში 3-0 წაიყვანეს და რეალურად ისედაც „ჟილკა" (სპორტის ყველა სათამაშო სახეობაში) რუმინელებს განუცხადეს, რომ საქართველოსთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ითამაშებდნენ. ეს მონაკვეთი ჩვენებმა 6-2 მოიგეს. ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში ქართველებმა 12 შეტევიდან, ექვსი გამოიყენეს.


ალბათ, ყველაზე თანაბარი და უხვგოლიანი მეორე პერიოდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბურთით 6-7 წავაგეთ, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 12-9 იყო, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. უკვე ზემოთ ხსენებული მესამე პერიოდი კვლავ ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა 3-2, საერთო ანგარიში კი, დასკვნით პერიოდამდე 15-11 იყო. ბუნებრივია, ბოლო პერიოდის წინ 4 ბურთი სოლიდური სხვაობაა, თუმცა, ჩვენ ამ მონაკვეთისთვის უკვე გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე არტიომ დიხტიარენკო და საბა ტყეშელაშვილი. უკვე ბოლო, მეოთხე პერიოდის მიმდინარეობისას დაგვაკლდა ვაკო დადვანიც, თუმცა, ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრები უკვე მშვიდად იგებდა თამაშს. საბოლოოდ, ეს პერიოდი 9-1 მოვიგეთ. ზოგადად, დღევანდელ თამაშში, ვერ დავუკარგავთ წვლილს ირაკლი რაზმაძესა და ზოგადად მთლიანად გუნდს, ბერძენი სპეციალისტის კაჩიგიასის ხელმძღვანელობით.


ქართული გუნდიდან ხსენებული მოთამაშეების გარდა გოლები გაიტანეს: ნიკა შუშიაშვილმა (1), საბა ტყეშელაშვილმა (2), დუშან ვასიჩმა (3), იოვან სარიჩი (1) და სტეფან პიესივაჩმა (2).

 


ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი, 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრით უკვე შეასრულა. ახლა ჩვენი წყალბურთელების მომდევნო თამაშების ქომაგობა დაგვრჩა. 1/4 ფინალში კი ჩვენი მეტოქე, უნგრეთის უძლიერესი ნაკრებია, რომელსაც შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი, ოთხჯერ 1979 1995, 1999 და 2018 წლებში აქვს მოგებული. კიდევ ოთხ ფინალში, დამარცხდნენ და ორშიც ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.


აქვე გეტყვით, რომ დღეს, ესპანეთმა მოახერხა სერბეთის დამარცხება 14-9, მონტენეგრომ მოუგო საფრანგეთს 18-13. შესაბამისად, საქართველოსთან ერთად, ოთხი ჯგუფის გამარჯვებული (უნგრეთი, საბერძნეთი, აშშ, ხორვატია), ასევე იაპონია (გამომდინარე იქიდან, რომ 4 ჯგუფიდან, ერთში, მხოლოდ ორი გუნდი ასპარეზობდა და იაპონელებს თავისუფალი „ფანჯარა" აღმოაჩნდათ) და დღევანდელი „კროსოვერის" წარმატებული გუნდები 1/4 ფინალში დაწყვილდნენ.


მეოთხედფინალებში, რომელიც ხვალ, 10 იანვარს გაიმართება გუნდები ასე დაწყვილდნენ:


16:30 უნგრეთი-საქართველო

18:00 საბერძნეთი-იაპონია

19:30 აშშ-მონტენეგრო

21:00 ხორვატია-ესპანეთი


და ბოლოს გეტყვით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში, მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.