
ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული გამარჯვება იზეიმა. იმ დღეს, ჩვენებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა სულ 3 ბურთით, 19-22 დაამარცხეს. თუმცა, ისევე როგორც ოდნავ მოგვიანებით, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ასევე სადებიუტო ევროზე კარგი თამაშის შემდეგ, დომინოს პრინციპით, უფრო კარგად, ვიდრე ადრე იყო, დაიწყეს გამოსვლა სხვადასხვა საფეხბურთო ასაკობრივმა ნაკრებებმა, მათ შორის ქალებმაც, ხელბურთშიც, მთავარი გუნდის წარმატებული თამაში, პირდაპირპროპორციულად აისახა ასაკობრივ გუნდებზე. ეს გადახვევა იქით იყოს და ასე რეალურად სპორტის ყველა სახეობაში.
დღეს კი, ვაჟ ხელბურთელთა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა კოსოვოში მიმდინარე IHF-ის თასის ევროპის ზონის მეორე შეხვედრაც მოიგო. ჩვენმა ხელბურთელებმა ამჯერად ალბანეთის ნაკრები დაამარცხეს და სასიხარულოა, რომ ისევე დამაჯერებლად, როგორც პირველი მეტოქე. პირველი ტაიმი 18-წლამდე ქართველებმა 7 ბურთით, 17-27, ხოლო, მეორე ნახევარი 6-19 გაიმარჯვეს. შესაბამისად, თამაშის შემდეგ ტაბლოზე 20 ქულიანი სხვაობა 23-34 (მატჩის მიმდინარეობის სტატისტიკა) დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ქართული გუნდიდან დღეს, ყველაზე მეტი 11 გოლი, გიორგი კაპანაძის ანგარიშზე იყო. ერთი გოლით ნაკლები, 10 გოლის გატანა მოახერხა ალექსანდრე შიოშვილმა, რომელსაც ორი მატჩის შემდეგ სათვალავში უკვე 19 გოლი აქვს დაგროვილი და ტურნირის ბომბარდირობაზეც აცხადებს პრეტენზიას.
დღეს კი, ალბანეთს, ქართლი გუნდიდან გოლები კაპანაძისა და შიოშვილის გარდა გაუტანეს: ვახტანგ ხარებაშვილი (6), ალექსანდრე ბოჟაძე (3), დავით ხელისუფალი (3), ნიკოლოზ მამულაშვილი (3), საბა ფუტკარაძე (3), ნიკოლოზ ბოჟაძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), დავით გრიშიკაშვილი (1).
მოგეხსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს A ჯგუფში, ალბანეთის, კვიპროსისა და დიდი ბრიტანეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. კიდევ ერთ, B ჯგუფში თამაშობენ მასპინძელი კოსოვოს, ბულგარეთისა და მოლდოვას ნაკრებები. ტურნირის დებულების თანახმად, მომდევნო, 1/2 ფინალურ ეტაპზე ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული გუნდები გადიან.
ამავე დებულების თანახმად, 1/2 ფინალში დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ. გამარჯვებული ნაკრები კი 18-წლამდეთა ნაკრები ინტერკონტინენტალურ თასზე საასპარეზოდ გადაინაცვლებს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასავლელი საგზურის მოპოვებას შეეცდება.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები გატანილი და მიღებული გოლების წყალობით, პირველ ადგილზეა (იხილეთ სატურნირო ცხრილი) და ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე სწორედ ბრიტანელებს შეხვდება და ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს.
ფოტო: © Federata e Hendbollit e Kosovës





ჩვენ







