
დღეს, პრიშტინაში დასრულდა IHF-ის თასის ჯგუფური ეტაპი 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა შორის, რომელშიც საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის მოგება ქულების მაქსიმუმით, 6 ქულით მოახერხა და ასე გავიდა 1/2 ფინალში. ჩვენმა გუნდმა თავდაპირველად კვიპროსის ნაკრები 44-24 დაამარცხა, ამის შემდეგ მოიგო ალბანეთს, 23-48 და დღეს, ბრიტანელი თანატოლები დაამარცხა 33-25. სხვათა შორის, დღევანდელ მატჩამდე ბრიტანელებიც დაუკარგავად ასპარეზობდნენ.
ამგვარად, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ჯგუფის ლიდერ გუნდებს შორის დაძაბული გამოდგა. ჩვენი ნაკრებისთვის, განსაკუთრებით რთული, მატჩის პირველი წუთები გამოდგა, როდესაც ანგარიში გათანაბრდა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ამას გარდა ბრიტანელებმა საკმაოდ კარგი დაცვა ითამაშეს, ჩაგვიკეტეს ზონები და გვაიძულეს ბევრი შეცდომაც დაგვეშვა შეტევაში, თორემ, საქართველოს ნაკრების მეკარის თორნიკე გაგუას წყალობით, მოვახერხეთ, რომ მეტოქე 2-ზე მეტი ბურთით წინ არ გაგვეშვა. პირველი ტაიმი ერთი ბურთით 15-16 წავაგეთ. შეხვედრის მე-40 წუთამდე ვიყავით მდევრის როლში, თუმცა, მოვახერხეთ წინ გასვლა (20-19) და ნელ-ნელა უპირატესობაც გავზარდეთ.
საბოლოოდ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და 8 ბურთის სხვაობით 33-25 გაიმარჯვა (მატჩის მიმდინარეობის სტენოგრაფიული ჩანაწერი). ჩვენი გუნდიდან ამ დღეს გოლები გაიტანეს: გიორგი მაზანაშვილი (1), დავით ხელისუფალი (5), ვახტანგ ხარებაშვილი(4), ნიკოლოზ მამულაშვილი (3), საბა ფუტკარაძე (1), ალექსანდრე შიოშვილი (9), საბა ბუიღლიშვილი (1), გიორგი კაპანაძე (1), დავით გრიშიკაშვილი (8).
როგორც უკვე აღვნიშნეთ წინა სტატიებში, თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას 2-2 საუკეთესო შედეგის გუნდი გააგრძელებდა. 1/2 ფინალებში კი, ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით შეხვდებოდნენ. შესაბამისად, როგორც ჯგუფის გამარჯვებული, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები B ჯგუფის მეორე ადგილოსანს (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა) შეხვდება, დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრის შემდეგ კი, გაირკვა რომ ეს გუნდი ბულგარეთის ნაკრები იქნება. თამაში, ხვალ 17 იანვარს, 20:00 საათზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ტურნირის ბომბარდირთა დავას 28 გატანილი გოლით ალქესანდრე შიოშვილი ლიდერობს. ჯგუფის ბომბარდირებში მეორე ადგილზე ასევე საქართველოს 18-წლამდე ნაკრების წევრი გიორგი კაპანაძეა 19 გატანილი გოლით. თუმცა, ორივე გუნდის სტატისტიკას თუ ავიღებთ, ქართველებს შორის 23 გოლით კოსოვოელი ოლსი მულაი იკავებს მეორე ადგილს. თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა და გვჯერა რომ ასეც იქნება 1/2 ფინალის შემდეგ, არაა გამორიცხული ფინალში შიოშვილისა და მულაის „დუელიც" ვიხილოთ. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლაპარაკია 18 წლის ბიჭებზე, რომლებიც ახლა იწყებენ „აღმართზე" ასვლას და შესაბამისად, სამომავლოდ საკმაოდ საინტერესო სპორტსმენების დაკვირვება გვიწევს.
ფოტო: © Federata e Hendbollit e Kosovës





ჩვენ







