ქებამ გვაწყინა თუ, უბრალოდ დავიღალეთ?
ქებამ გვაწყინა თუ, უბრალოდ დავიღალეთ?
17.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა IHF-ის თასის ევროპის ზონის 1/2 ფინალი წააგო და შესაბამისად, 2025 წლის პირველ ტურნირს, მესამედ ადგილისთვის თამაშით დახურავს, რომელშიც  კვლავ, დიდი ბრიტანეთის 18-წლამდეთა ნაკრებს დაუპირისპირდება. ბრიტანელებმა მასპინძელ კოსოვოსთან შეხვედრა 26-29 დათმეს.


კოსოვოში მიმდინარე ტურნირზე, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სამი შეხვედრის ჩატარება მოუხდა და სამივეში გაიმარჯვა. ამასთან, ჯგუფის ბოლო თამაშში, ბრიტანეთის წინააღმდეგ, ქართველებმა როგორც ჩანს საკმაოდ დახარჯეს ენერგია, რადგან დღეს, გუნდი, დაღლილად გამოიყურებოდა. ქართველებისგან განსხვავებით, ბულგარეთის 18-წლამდეთა ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა და ოდნავ ნაკლები ენერგია დახარჯა. თუმცა, ეს აღნიშნული გარემოებები ვერაფერი გაამართლებს ჩვენს ახალგაზრდა ხელბურთელებს, რომლებმაც საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, ძირითადად შეტევაში.


ალბათ, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აღნიშნული შეცდომების გაანალიზება, მათი მინიმუმამდე დაყვანა და მესამე ადგილისთვის მატჩისთვის გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება ექსპრომტად მიუწევთ, რადგან გუნდმა, რომელმაც საკმაოდ კარგი ჯგუფური ეტაპი ჩაატარა, ტურნირის ბოლოს კარი მაინც უნდა ხმამაღლა გაიჯახუნოს.


სხვათა შორის, დღეს, ჩვენი გუნდის და ნახევარფინალებამდე საუკეთესო ბომბარდირმა ალექსანდრე შიოშვილმა მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. საქართველოს ნაკრებს კი, რომელმაც თავიდან ანგარიში 2-0 წაიყვანა, მთელი თამაში მდევრის როლში მოუხდა ყოფნა. პირველი ტაიმი 15-19 წავაგეთ. მეორეში კი, როცა ანგარიშში წამოწევის საშუალება გვქონდა, ყოველ შემთხვევაში ტელეეკრანიდან, ათასობით კილომეტრით შორს რაც დავინახეთ, აშკარად ემჩნეოდათ ზედმეტი ნერვიულობა. ბულგარელები კი, რომლებიც საკუთარი ქომაგის მხარდაჭერასაც გრძნობდნენ, ამ გაურკვევლობით კარგად სარგებლობდნენ. ერთ მომენტში სხვაობამ 9 ბურთსაც მიაღწია, თუმცა, ბულგარელებს კარგად „ეჭირათ" 7-ბურთიანი შუალედი. საბოლოდ 33-39  (მატჩის სტატისტიკა) წავაგეთ.


საქართველოს 18-წლამდეთა ნაკრების შემადგენლობიდა, დღეს გოლები გაიტანეს: დავით გრიშიკაშვილი (7), დავით ხელაშვილი (6), ვახტანგ ხარებაშვილი (6), გიორგი კაპანაძე (5), ალექსანდრე შიოშვილი (4), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), საბა ფუტკარაძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1).



ფოტო: © Federata e Hendbollit e Kosovës