მარტამდე ცოტა დრო რჩება - 2025 წლის მესამე კვირა ქართული ლეგიონისთვის
მარტამდე ცოტა დრო რჩება - 2025 წლის მესამე კვირა ქართული ლეგიონისთვის
20.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში ქართული საფეხბურთო და არა მხოლოდ ქართული და არა მხოლოდ, საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში  ყველაზე ძვირიანი ტრანსფერის განხილვით იყო დაკავებული, გვჯერა, არ გამოგვეპარა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების განვლილი კვირა. თუმცა, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუდნის პსჟ-ს სოციალური ქსელის ადმინი „ამოისუნთქებს" და ხავიც მოგვცემს, გვერდით გახედვის საშუალებას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ განვლილი, 2025 წლის მესამე საფეხბურთო კვირა ქართული ლეგიონის ჭრილში.


დავიწყოთ გიორგი მამარდაშვილით, რომლის „ვალენსიამაც" 19-20 იანვრის მიჯნაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და დიდი იმედი გვაქვს, რომ დროებით არა, გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის პროცესი დაიწყო. ესპანური ლალიგის აღნიშნულ ტურში, რომელშიც „მამარდამ" დაბრუნების შემდეგ, კვლავ უცვლელად ითამაშა, ქართველს დიდად გარჯა არ დასჭირვებია. რეალურად, გიორგი საქმეში, მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ჩაერთო. ამ დროს, ქართველის გუნდი მინიმალური ანგარიშით იგებდა. „ვალენსიამ",  „რეალ სოსიედადი" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.


ორი შეხვედრის გამართვა მოუხდა გასულ კვირაში გიორგი მიქაუტაძის გუნდს, ერთი სათასო, 1/16 ფინალური შეხვედრა იყო, მეორე კი, საფრანგეთის ლიგა 1-ის. სათასო შეხვედრაში ქართველმა სასტარტოდან დაიწყო, 63-ე წუთზე გოლიც გაიტანა (ეს მისი მე-8 გოლი იყო სათასო გათამაშებაში) და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა, შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. „ლიონი" კი, საბოლოოდ, პენალტების სერიაში სამოყვარულო ლიგის „ბურგუენ ჟალიოსთან" 4-2 დამარცხდა. ჟორჟი მატჩის მსვლელობისას შეცვალეს და შესაბამისად, ქართველს პენალტების სერიაში მონაწილეობა არ დასცალდა.


კვირის კიდევ ერთი თამაში, ჟორჟის გუნდს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ჰქონდა. როგორც ჩანს, დაუგეგმავი სათასო მარცხის შემდეგ, „ლიონი" ჯერ კიდევ არ არის გონზე მოსული. გუნდმა, „ტულუზასთან" ფრედ 0-0 ითამაშა. ამჯერად, ქართველმა შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა.


ფრანგულ ლიგა 1-ში, მე-18 ტურის შეხვედრაში „ნანტის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა „სენტ ეტიენის" შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა. ამჯერად, ქართველს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა მიუწერია სათვალავში, შეხვედრა კი, ფრედ, 1-1 დასრულდა. ჟორჟის „ლიონისგან" განსხვავებით, რომელიც უეფა-ს 2025-2026 წლების სეზონისთვის უკეთეს ევროპულ ტურნირზე მოხვედრას ცდილობს, ზურიკოს „სენტ-ეტიენი" რეალურად, საფრანგეთის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.


გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე დაიტვირთა. გასულ კვირას, ქართველის გუნდს, ბუნდესლიგაში ორი შეხვედრის ჩატარება მოხდა. პირველში, ბრემენში, „ვერდერის" წინააღმდეგ ითამაშა. ქართველმა საკმაოდ ბევრი იმუშავა, მონაწილეობა მიიღო პირველ გოლში, მეორე ჯერზე კი, ტოპ ლიგაში პირველი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საინტერესო ის გარემოებაა, რომ ბუდუს გუნდი, ამ დღეს სამჯერ აგებდა და სამჯერვე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მატჩი „ვერდერთან" ფრედ, 3-3 დასრულდა.


კვირის მეორე, საშინაო შეხვედრა „ჰაიდენჰაიმმა" სახლში გამართა და „ზანკთ პაულისთან" 0-2 დამარცხდა. ქართველმა, ეს შეხვედრაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, 77-ე წუთზე შეცვალეს. როგორც ჩანს, ახალ წელს, ახალ გუნდში თან რანგით, ძლიერ ჩემპიონატში, ქართველს, ცოტა დაღლა დაეტყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ყველაფერთან ადაპტაცია უწევს. სამწუხაროდ, „ჰაიდენჰაიმი" კვლავ გასავარდნ, ზონაშია.


ადაპტაცია არ სჭირდება გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც ამ კვირაში ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად „მამლუქმა" „გრანადაში" მოთამაშე კიდევ ერთი „მამლუქის" გუნდის, გიორგი წიტაიშვილის კარი აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ორივე გუნდში, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს თამაში და მატჩი სრულად ჩაატარეს, „ქოჩორას" გოლის ჩათვლით კი, „ლევანტემ" 3-1 მოიგო და ჩვენთან ერთად, ხავიც გაახარა.


საბა გოგლიჩიძის კლუბის შეცვლაზე აქტიურად ლაპარაკობს იტალიური და ქართული მედია, თუმცა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია როდისთვის იგეგმება და რომელ კლუბში ქართველის ტრანსფერი. ამასობაში, საბამ, „ემპოლისთან" ერთად, სერია A-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, თუმცა „ინტერთან" გასვლით შეხვედრაზე მისმა გუნდმა ვერაფერი გააწყო და 3-1 დამარცხდა.


ბუნებრივია, ზამთრის არდადეგების საბოლოოდ დასრულების შემდეგ, ჩვენ შევეცდებით ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეების შესახებაც გიამბოთ ხოლმე, მითუმეტეს, რომ მარტი და შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ მნიშნელოვანი, სომხეთთან ორ-რაუნდიანი დაპირისპირება ახლოვდება.


მანამდე კი, გასული კვირის კიდევ ორი ამბავი შევაჯამოთ. პირველი - ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც გრაცის „შტურმთან" ერთად სლოვენიურ შეკრებაზე იმყოფებოდა, გუნდთან ხელშეკრულება, 2027 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა. მისი „შტურმი" კი, ავსტრიაში დაბრუნდა და შემდეგ, ბერგამოში გაემგზავრა, სადაც 21 იანვარს, თბილისის დროით 21:45 წუთზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-7 სათამაშო დღეს, Stadio di Bergamo-ზე „ატალანტას" დაუპირისპირდება.


კიდევ ერთ ქართველს შესაძლოა თუ არა, ახლად დაწყებულ კვირაშივე მიეცეს შანსი ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. 23 იანვარს პსჟ „მანჩესტერ სითის" პარიზში დაუპირისპირდება. თუმცა, ამ დრომდე, უეფა-ს ოფიციალურ საიტზე  (20 იანვარი 03:09 მონაცემები) ხვიჩა კვარაცხელია, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გუნდის განაცხადში არ ჩანს. ამას თავისი ახსნაც აქვს, ერთი, რომ უეფა შაბათ-კვირას ისვენებს, თანაც ჯერ პირველი ეტაპის ფაზაა დასასრულებელი და სავარაუდოდ, შემადგენლობასაც ვებ-გვერდზე მოგვიანებით განაახლებს. თუმცა, არაა გამორიცხული და უფრო სავარაუდოა, რომ ლუის ენრიკე, „კვარას" ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის 26 იანვარს, საკუთარ კედლებში, „რეიმსის" წინააღმდეგ დააყენებს.


და ბოლოს, კიდევ ერთი ფეხბურთელის შესახებ, რომლისაც ყველა ქართველს სჯერა და ეიმედება გიორგი ჩაკვეტაძეა. „ჩაკვეს" მიკრო-ტრავმის, ამას დამატებული დიდ რაოდენობის თამაშების გამო, გადაღლა დაეწყო. შესაბამისად, „უოტფორდის" შტაბმა ქართველს დასვენების, გამოშუშებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობა მისცა. ტრავმა, რომ სერიოზული არ არის, თუკი ბრიტანული კლუბის ოფიციალურ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვენდობით, შეგვიძლია, ადგილობრივ, ქართულ სანდო წყაროს ინფორმაციასაც მივენდოთ - გიორგი მარტში ყველა გამოთვლით, ეროვნულ ნაკრებს უნდა დაეხმაროს. თუმცა, „ჩაკვეს" სახელთა დაკავშირებით  „ყვითელიმა სიომაც" დაუბერა - ვითომდა, ქართველი კლუბს იცვლიდა... ბუნებრივია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, თუმცა, ჯერ „ცეცხლი" არსაიდან ჩანს.