
ათ დღეში, პარიზში ტრადიციული გრან სლემი აიღებს სტარტს. ეს, IJF-ს ახალი, 2025 წლის მსოფლიო ტურის პირველი გრან სლემი იქნება, რომლის დროსაც, იმას გარდა რომ ბიჭების შვიდ და გოგოების 2 წონით კატეგორიაში, საქართველოს საერთო ჯამში 14 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი, გაირკვევა გასული, 2024 წლის საუკეთესო ჯუდოკების, მწვრთნელების, ღონისძიების, იპონის, მოკლედ, რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებულის ვინაობაც.
განსხვავებით წინა წლებისგან როდესაც აღნიშნულ დაჯილდოებაზე ჩვენები რამდენიმე ნომინაციაში ფიგურირებდნენ, წელს, მხოლოდ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის აღიარების მოლოდინში ვართ. შეგახსენებთ, გულშემატკივარს, 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ქართველისთვის IJF -ის ოფიციალურ გვერდზე უნდა მიეცა ხმა. ბექაურს კი, მოწინააღმდეგედ წლის საუკეთესო მამაკაცი ჯოდოკას ნომინაციაში სხვა სახელოვანი სპორტსმენები ჰყავდა, რომელთა შორის იყო ტედი რინერი (მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ჯუდოს ლეგენდა პსჟ-ს კლუბის წევრია, ოლიმპიურო თამაშების დროს „თუშას"-თან მისი მოქმედების გამო, სულ რომ „კვარა" შემოისვას მხრებზე და ყოველ დღე ვარჯიშზე ასე ატაროს, მე პირადად გულს ვეღარ შემოვიბრუნებ). თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებისთვის ჩვენი ინფორმაციით, სამი ჯუდოკა შემორჩა, ლაშა ბექაური, აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი და ყაზახი იელდოს სმეტოვი. IJF-ის გვერდის მიერ ჯერ კიდევ, 2024 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის საუკეთესოებს 2 თებერვალს დაასახელებენ. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2023 წლის საუკეთსო კაცი ჯუდოკა ჩვენი ტატო გრიგალაშვილი იყო. ასე, რომ იმედი გვაქვს, ქართულ თამასას, არც ამ ჯერზე დავწევთ და ტიტულს ქვეყანას შევუნარჩუნებთ.
პარიზის გრან სლემზე კი, რომელიც 1-2 თებერვალს ჩატარდება და ჯუდოს მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ შეჯიბრები განახლებული წესებით ჩატარდება, ჩვენი გუნდი 14 ჯუდოკაში იქნება წარმოდგენილი, 12 ბიჭით და 2 გოგონათი. გოგონებიდან, რომლებსაც მხოლოდ მასპინძელი საფრანგეთი რომ ავიღოთ, საკმაოდ რთული ბადეები მოუწევთ, -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი, +78 კგ წონაში კი, სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.
ჩვენი გუნდის ბიჭები იასპარეზებენ ყველა წონით კატეგორიაში, სადაც 5 წონითი კატეგორია „გაორებული" გვექნება:
-60 კგ / ჯაბა პაპინაშვილი
-66 კგ / თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ / ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
-81 კგ / ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე
-90 კგ / ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ / ნიკოლოზ ზაალიშვილი
+100 კგ / საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ პარიზის გრან სლემის მიმდინარეობას თვალი IJF-ის ტელე-არხის ბმულზე იქნება შესაძლებელი.
ფოტო: © IJF





ჩვენ







