
ვიდრე „კვარა" და ნიცა, პსჟ-ს თამაშს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის მე-7 სათამაშო დღეს თვალს, პარკ დე პრენსზე ადევნებდნენ, ქართული საფეხბურთო ლეგიონის ევროტურნირების კვირა დასასრულს უახლოვდებოდა.
ჩვენს ფოტო-კოლაჟში ვერ მოხვდა ამიტომ ლაშა ოდიშარია, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი, რომელიც ევროპა ლიგის მე-7 სათამაშო დღეს, ლატვიური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და საკმაოდ კარგი თამაშიც ჰქონდა ამსტერდამის „აიაქსის" წინააღმდეგ, რომელიც ქართველის კლუბმა 1-0 მოიგო. რიგელთა განაცხადში იყო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა სილაგაძე, თუმცა, თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. მოგეხსენებათ, რომ „აიაქსს", მომდევნო ეტაპზე თამაშის გარანტირებული აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის არის და შესაძლოა, რიგელების წინააღმდეგ დიდად თავი არც გამოიდეს, თუმცა, ამით RFS-სა ქართველის თამაშს სულაც არ ვაკნინებთ. ბოლოს და ბოლოს, ლატვიელებმა პირველი თამაში მოიგეს და ისეც, ზოგჯერ კარის გამოჯახუნებასაც თავისი მუღამი აქვს.
გავაგრძელოთ ევროპა ლიგით. საფრანგეთის თასზე და ლიგა 1-ში ჩაგდებული თამაშების შემდეგ, სტამბოლში, „ფენერბაჰჩეს" საშინაო სტადიონზე, გორგი მიქაუტაძის „ლიონმა", თუ არ ჩავთვლით შევედრის საწყის 10-15 წუთს, იფრინა. ერთადერთი, დასანანი ისაა, რომ სათამაშო უპირატესობა, ვერა და ვერ გარდასახა გოლში. მათ შორის, ჟორჟმაც, რომელსაც რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. ალბათ, ის „მაკრატელა" რომ გაეტანა, ევრო 2024 წლის საუკეთესო ბომბარდირს, საუკეთესო გოლზეც ექნებოდა პრეტენზია. თუმცა, ჟორჟის გოლი გადაიდო, ეს შეხვედრა კი, ფრედ 0-0 დასრულდა. მოახერხებს თუ არა „ლიონი" გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას, 30 იანვარს, ბულგარულ „ლუდოგორეცთან" საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
მე-7 ტურის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, საბოლოოდ გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებენ გურამ კაშიას „სლოვანი" და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი". მიმდინარე ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქართველების გუნდებმა წააგეს. „სლოვანი" სახლში „შტუტგარტთან" დამარცხდა 1-3. „შტურმი" კი, ბერგამოში, „ატალანტასთან" 5-0 განადგურდა. კაშიამ სრული შეხვედრა ჩატარა, „კიტე" კი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 1 წუთზე შეცვალეს...
ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა ირაკლი აზაროვმა. მისმა გუნდმა ფრანგული „ბრესტი" საშინაო შეხვედრაში 2-0 დაამარცხა. აზაროვმა ძირითადი შემადგენლობიდან დაწყო თამაში და იმას გარდა, რომ 11-მეტრიანი მოუპოვა თავის გუნდს, ერთ-ერთი გამორჩეული იყო „შახტარის" შემადგენლობაში. ამ გამარჯვების შემდეგ, „შახტარი" მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.





ჩვენ







