„ლონდარა“ „დუდუ დადაინის მემორიალის“ თასის ასაწევად ემზადება
„ლონდარა“ „დუდუ დადაინის მემორიალის“ თასის ასაწევად ემზადება
20.10.2018
ავტორი:

„დუდუ დადიანის მემორიალის" გასული სეზონის ორივე ფინალისტი თბილისის „დინამო" და  „ოლიმპი", მე-17 გათამაშებას გამოეთიშნენ. გუნდები, თავ-თავიანთ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ და ახლა, ისღა დარჩენიათ რეგულარული ჩემპიონატისთვის მოემზადონ, რომელიც ნოემბრის დასაწყისში აიღებს სტარტს.

მანამდე კი, 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი კალათბურთელისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-კაპიტნის დუდუ დადიანის სახელობის ტრადიციული, რიგით მე-17 გათამაშების ფინალში, სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის დებიუტანტი „შსს აკადემია-ტიტები" და სუპერლიგაში ერთწელგამოვლილი „დელტა" ითამაშებენ.

„ამ ტურნირზე, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ დუდუ დადიანს, რომელიც ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი იყო. ჩვენთვის დუდუს სახელობის ტურნირზე მონაწილეობის პირველი წელია. გუნდში, წინა წელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა. პირველი წელი იქნება სუპერლიგაში. ამ ტურნირიდან გამომდინარეც ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და გვინდა, ეს ტემპი შევინარჩუნოდ", - ამბობს დავით უსტიაშვილი, „შსს აკადემია ტიტების" მთავარი მწვრთნელი, რომელიც წლების მანძილზე დუდუ დადიანის თანაგუნდელი იყო.




ყოფილი თანაგუნდელის სახელობის ტურნირის ფინალში გასასვლელ მატჩში, ვინაიდან, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშებამდე უცნობი იყო, თუ ვის ხვდებოდა „ბ ჯგუბიდან" ფინალში თამაშის საგზური, „შსს აკადემია-ტიტებმა" დაძაბულ ბრძოლაში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, „ქუთაისის" დამარცხება შესძლო ანგარიშით 85-75. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ილია ლონდარიძე იყო, რომელმაც ერთი წლის წინ ამავე დარბაზში, „დუდუ დადიანის მემორიალის" გამარჯვებული გახდა და თასი,  „დინამოს" კაპიტნის რანგში ასწია. ლონდარიძის ანგარიშზე ამ დღეს 19 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან კი, ყველაზე შედეგიანი, დე ჟუან რაითი იყო, 18 ქულით.

„დუდუ დადიანის მემორიალის" ბოლო შეხვედრა, თბილისის „დინამომ" ტრადიციული მეტოქის, „რუსთავის" წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით, 104-77 დაამარცხა. შეხვედრაში, რომლიც პრაქტიკულად არც ერთი გუნდისთვის აღარ იყო გადამწყვეტი და მხოლოდ, ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, თავიდანვე იგდო თამაშის სადავეები ხელში და ინიციატივა მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვია.




„მოხარული ვარ, რომ „დუდუს ტურნირზე" ვთამაშობთ. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს მეგობარს. ეს ტურნირი ჩემთვის და მისი თაობის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია სპორტული კუთხითაც. კარგი ტრადიციაა, რომ გუნდები ამ თამაშებს, რეგულარული ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებენ. ჩვენი გუნდი, თითქმის ახალი შემადგენლობაა. ამიტომ, ეს თამაშები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. უნდა გვენახა რა არის, როგორ. მოთამაშეებს, უნდა გაეგოთ რა გვინდა. გვენახა, რა შეცდომები გვაქვს. ასეა, ყველა გუნდისთვის. რაც შეეხება ჩემპიონატს, ვფიქრობ, თანაბარი იქნება. რა თქმა უნდა, არის ამ ეტაპზე ერთ-ორი გუნდი გამოკვეთილი ლიდერი. თუმცა, დღეს შეხვედრები სხვა შედეგით დასრულდა. ასე, რომ ჩემპიონატი სიურპრიზებით სავსე იქნება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ვიშრომოთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ირაკლი ხოშტარია მატჩის დასრულების შემდეგ.

დინამოელთა შორის, „დუდუ დადიანის მემორიალის" ჯგუფური ასპარეზობის ბოლო დღეს, ერთდროულად 7-მა კალათბურთელმა მოახერხა 10-ქულიანი ბარიერის დაძლევა. მათ შორის, ყველაზე მეტი 18 ქულა დააგროვა ჯორდან სვოპშირმა. 14 ქულა იყო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე. 12 ქულა ჩაიწერა მერაბ მირზიაშვილმა. 11-11 ქულა ლევან გრძელიძემ  და რეჯერ დოუელმა დააგროვეს, ხოლო 10-10  მერაბ ბოქოლიშვილმა და მიხეილ ბერიშვილმა.




აქვე დავძენთ, რომ მიხეილ ბერიშვილი ნოემბრის დასაწყიში, როდესაც სტარტს საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი აიღებს, დინამოელთა შორის აღარ იქნება. ასე, რომ ირაკლი ხოშტარიას, რომლის გუნდიც ახალ სეზონში გადახალისებული შემადგენლობით გამოდის, ბერიშვილის ადგილზე, სხვა კალათბურთელის მოძებნა მოუწევს.

რაც შეეხება „დუდუ დადიანის მემორიალის" გათამაშების ბოლო მატჩს, ის 22 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ფინალში „შსს აკადემია-ტიტები", „დელტას" დაუპირისპირდება.