„დუდუ დადიანის მემორიალს“ ახალი გამარჯვებული ჰყავს
„დუდუ დადიანის მემორიალს“ ახალი გამარჯვებული ჰყავს
22.10.2018
ავტორი:

საკალათბურთო კლუბი „დელტა", რომელიც სუპერლიგის გასულ სეზონზე „მარნეული-დელტას" სახელით ასპარეზობდა და სატურნირო ცხრილში, არც თუ მაღალ საფეხურზე აღმოჩნდა ქვეყნის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგეთათვის უხერხული მეტოქე იყო.  ახალი სეზონის დასაწყისში კი, კლუბმა, რომელიც საბოლოოდ თბილისში გადმობარგდა პირველი სენსაცია მოაწყო. ერთი, რომ „დუდუ დადიანის მემორიალის" ჯგუფური ასპარეზობის დროს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო" 11 ქულით, 84-73 დაამარცხა, ამასთან ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო და ბოლოს, ტრადიციული ქართული ტურნირის, რიგით მე-17 გათამაშების გამარჯვებულიც გახდა.

ფინალურ მატჩში, დელტელებმა „შსს აკადემია-ტიტები" დაამარცხეს 85-75. აღსანიშნავია, რომ „დადიანის მემორიალის" მეორე ფინალისტი გუნდი, სუპერლიგის 2018-2019 წლების სეზონის დებიუტანტია.

„დუდუ დადიანის მემორიალის" რიგით მე-17 გათამაშებაში, სუპერლიგის 10 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.  ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ბექა ბექაური, რომელმაც ფინალური შეხვედრა 21 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა. გამარჯვებული დუდუ დადიანის ძმისშვილებმა - ნიტამ და სანდრომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს მთავარი პრიზი „დელტას" კაპიტანს, ზვიად ანთაძეს.  

"დელტას" ფოტო