
გერმანიის ფუტსალის ნაკრებთან ჩატარებული ორი წარმატებული სპარინგის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, 2020 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ავთანდილ ასათიანის დაანონსებული ნომებრის შეკრებისას, ქართველი ფეხბურთელები მონაწილეობას „ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნიში" მიიღებენ.
„მესამე დღეა შეკრებაზე ვიმყოფებით, ყველაფერი კარგად მიდის, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სრული შემადგენლობით შეკრების საშუალება არ მოგვეცა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ლეგიონერებს საკუთარ კლუბებში თამაშები აქვთ და ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენთან ყოფნას. ამ რეჟიმში მუშაობას უკვე მივეჩვიეთ და რაც მთავარია, ოთხი მოთამაშე რიგაში შემოგვიერთდება", - ამბობს ავთადნილ ასათიანი.
როგორც გახსოვთ, გერმანიასთან სპარინგის მოსამზადებელ პერიოდშიც, ნაკრებს 5 მოთამაშე გერმანიაში, უშუალოდ თამაშების პერიოდში შეუერთდა. ამჯერადაც, ის ფეხბურთელები, რომელთა კლუბები ევროტურნირზე ასპარეზობენ, „ანატოლი პონომარიოვის ტურნირის" დროსა, ნაკრებს უშუალოდ თამაშების პროცესში დაეხმარებიან. ოქტომბრის შეკრებაზე ნაკრებში, ერთი დებიუტანტია - გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება პირველად მიეცემა. გემახსოვრებათ, რომ ჯერ კიდევ სექტემბრის საწვრთნელი შეკრების დროს, ასათიანმა ხაზგასმით აღინშნა, რომ ნაკრების კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა და ის, ახალი სახეების გამოცდასაც გეგმავდა. განსხვავებით წინა შეკრებისგან, ამჯერად, ავთანდილ ასათიანის განკარგულებაში ყველა „ქართველი-ბრაზილიელია".

„ჩვენს მეტოქეები, ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, რომ ორივე ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის ნაყოფიერი იქნება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ორ სხვადასხვა გუნდს დავუპირისპირდებით, განსხვავებული გუნდების წინააღდეგ მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს, ნამდვილად დიდ გამოცდილებას შეგვძენს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, მორიგი მატჩების გასამართად, ლატვიაში, „ანატოლო პონომარიოვის საერთაშორისო ტურნირზე" 27 ოქტომბერს გაემგზავრება. ტურნირში, რომელიც 28-30 ოქტომბერს რიგასა და იელგავაში გაიმართება, ქართველები ორივე მატჩს, იელგავაში გამართავენ. აქედან, პირველ შეხვედრას, 29 ოქტომბერს მოლდოვას წინააღმდეგ ჩაატარებენ. მომდევნოს კი 30-ში მასპინძლებს დაუპირისპირდებიან.
„ნაკრები, როგორც ყოველთვის, სრულ მზადყოფნაშია. ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია. ეს, მათ მიერ განვლილმა თამაშებმაც დაამტკიცა. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ორივე შეხვედრა მოვიგოთ და ტურნირის გამარჯვებული გავხდეთ", - ამბობს მურთაზ კაკაბაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
ლატვიაში გამგზავრებადე, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც „ანატოლი პონომარიოვის ტურნირისთვის" 23 ოქტომბრიდან, 15 კაცის შემადგენლობით ემზადება, ქართული მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ლატვიაში გასამართი ტურნირისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში შემადგენლობით გაემგზავრება - მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა", რუსეთი), თორნიკე ბუკია („ტატიშვილი"), ალექსანდრე ჯამბურია („თელასი"), მცველები: შოთა თოფურია („თელასი"), გიორგი ქურდაძე („ტატიშვილი"), შოთა ჭანუყვაძე („თელასი"), მურთაზ კაკაბაძე („ვალეტა", მალტა), თალესი („ეკონომაცი", სერბეთი); თავდამსხმელები: ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ"), სიმი საიოტი („კპრს", რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი („ტატიშვილი"), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში", ბელარუსი), ირაკლი თოდუა („ლიდსელმაში", ბელარუსი), რონინიო („პროდექსიმი", უკრაინა), ფუმასა („პროდექსიმი", უკრაინა).
სფფ-ს ფოტოები / ავტორი: ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








