ფუტსალის ეროვნული ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ფუტსალის ეროვნული ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
28.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

9 და 11 მარტს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ავთანდილი ასათიანის გუნდი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება.


ფუტსალის მოყვარულებმა იციან, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ასპარეზობს. G 10 ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 4 თამაშის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზე. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს , A1 ჯგუფში რუმინეთის ნაკრებსაც.


„მარტში, ყველა სხვა ჯგუფში მონაწილე გუნდები თამაშობენ შესარჩევ ეტაპს. ისვენებს მხოლოდ ორი ჯგუფი, ჩვენი და ის, რომელშიც რუმინეთი ასპარეზობს. იყო სხვა ვარიანტებიც ეს სპარინგები სხვა გუნდთან გვეთამაშა, თუმცა, დიდი არჩევანი არ იყო და მარტის „ჩაგდებაც" არ გვინდოდა, არც რუმინეთს. შესაბამისად ჩვენს შორის შედგა შეთანხმება და ვთამაშობთ. ვთვლი, რომ კარგი სპარინგი იქნება კოსოვოს წინ და მომავალი თამაშისთვის მოსამზადებლად, კარგად გამოგვადგება", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები 2024 წლის თებერვალში, ასევე, ამხანაგურ შეხვედრაში ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით, 4-2 გაიმარჯვეს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე მეინ რაუნდს, თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულების გარდა 8 საუკეთესო მეორე ადგილოსანიც გადის. ამ მომენტისთვის მეორე ადგილოსნებს შორის კი, სწორედ საქართველოსა და რუმინეთის ფუტსალის ნაკრებებს აქვთ საუკეთესო მაჩვენებელი. ასე, რომ მარტის პირველ ნახევარში, საკმაოდ საინტერესო თამაშები გველის.


ამ ორი სპარინგისთვის ასათიანის გუნდი 5 მარტიდან შეიკრიბება.


რაც შეეხება უშუალოდ მეინ-რაუნდის მომდევნო ტურის შეხვედრებს, აქ, ასათიანის გუნდს უმნიშვნელოვანესი გასვლითი დაპირისპირება ელის 11 აპრილს კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ და ჯგუფის ბოლო შეხვედრა 16 აპრილს, რომელიც თბილისში ჩატარდება და რომელშიც ჯგუფისა და ფუტსალის ერთ-ერთი ლიდერის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მასპინძლობა მოგვიწევს.