
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული დაიცვეს. ორი პროგრამის ჯამში ქართულმა წყვილმა 191.01 ქულა დააგროვა, მოკლე პროგრამის შემდეგ, უშუალო მდევრებს 29.95 ქულით გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასია და ლუკა 11.78 ქულით უსწრებდნენ მეტოქეებს, პირველ ადგილზე გასასვლელად კი, 94.89 ქულის აღებაც დააკმაყოფილებდათ. ბუნებრივია, ეს გარემოება კარგად იცოდა ქართულმა სპორტულმა წყვილმა, ამას გარდა, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვითაც, ქართულ წყვილს რიგ პროვოკაციულ კითხვებზეც მოუწია პასუხი, რამაც როგორც ჩანს, ჩვენების გამოსვლაზე მაინც იმოქმედა. წყვილი, საკმაოდ ნაცნობი პროგრამის შესრულების დროს, ოდნავ ნერვიულობდა და ეს, მეორე ელემენტის შესრულებაზე აისახა. თუმცა, ლუკამ და ანასტასიამ მოახერხეს მობილიზება და საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში, რომელიც სხვა ყველა შემსრულებლის გამოსვლისგან კლასითაც განსხვავდებოდა, საუკეთესო შედეგი აჩვენეს 121.83 (59.45 /62.38).
სხვათა შორის, ახალგაზრდებს შორის ეს ლუკას მესამე ტიტულია, ანასტასიასთან ერთად კი მეორე. ასეა თუ ისე, წყვილმა ზედიზედ მეორე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ჰიმნი ააჟღერა და ახლა, უფრო მშვიდად მოემზადება სეზონის ბოლო, სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
განსხვავებით მოკლედ პროგრამიდან, ინგა გურგენიძეს, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას ნერვიულობა ემჩნეოდა. ქართველი ბოლოს წინა მონაწილე იყო და 123 ქულა ჰყოფნიდა, რომ მინიმუმ ვერცხლის მედალი მოეგო. ალბათ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია საწყენად არ მიიღებს, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებს გადამწყვეტი ასპარეზობის წინ, უკვე ტრადიციად ექცათ ზედმეტად ნერვიულობა. შესაბამისად, ეს მათ გამოსვლებსაც ემჩნევა. გასაგებია, რომ პასუხიმგებლობა დიდია და გამარჯვების სურვილიც, მაგრამ იქნებ, მომავალში თუკი, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ მოესწრება, ემოციური ფონის მართვა დარეგულირდეს. ეს ჩენი სუბიექტური მოსაზრება და ისევ და ისევ ვიმეორებთ, საწყენად არ ვწერთ, არც ვინმესთვის ჭკუის სწავლება გვინდა.
რაც შეეხება გამოსვლას, 15 წლის ქართველმა მოციგურავემ, რეალურად ორი შეცდომა დაუშვა პირველ და მეშვიდე ელემენტების შესრულებისას, თუმცა, მთლიანობაში, ინგას გამოსვლაში, პირადად მე, დამაკლდა, ხასიათი და ის ცეცხლი თვალებში, რაც ქართველს, მოკლე პროგრამის შესრულების დროს ჰქონდა. ინგამ თავისუფალ პროგრამაში 115.57 (57.79 /57.78) ქულა დააგროვა, რაც მე-11 შედეგი აღმოჩნდა. ორი პროგრამის ჯამში კი, 183.04 ქულა დააგროვა და ამ ჯერზე, მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. ჩვენ კი, გვჯერა, რომ გურგენიძეს ჯერ წინ კიდევ ელის მსოფლიოს ახალგაზრდული ოქრო, ვიდრე დიდებში გადაინაცვლებს.





ჩვენ







