„დინამოდან“ „დინამომდე“
„დინამოდან“ „დინამომდე“
28.10.2018
ავტორი:

„დინამოდან" - „დინამომდე", იყო ერთი ტური, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი" და  ქუთაისის „ტორპედო" დაუპირისპირდნენ. გუნდები, რომელთაგან ერთმა, „ლოკომოტივმა" ელიგის წინა, 29-ე ტური „დინამო თბილისთან" ჩაატარა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბს, ქულები დააკარგვინა და „ტორპედო", რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობისთვის თეორიული შანსები კი რჩება, თუმცა ამისთვის, ჯერ მე-3 წრის გამოტოვებული შეხვედრა უნდა მოუგოს „დინამო თბილისს" და შემდეგ, კიდევ ერთი, უკვე მეოთხე წრის კალენდარული. ამასთან, „საბურთალომ", რომელიც ელიგის გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, უნდა კარგოს და კარგოს ქულები, როგორც ეს მაგალითად, ელიგის გათამაშების 30-ე ტურში მოხდა, გორში.

***

განვლილ ტურში, „საბურთალომ" გასვლითი შეხვედრა გორში ფრედ 0-0 ითამაშა „დილასთან" და საჩემპიონო დუელში, „დინამო თბილისისგან" „გაქცევა" სოლიდური უპირატესობით ვერ მოახერხა. თუმცა, თავის მხრივ, ვერც გორის „დილამ", რომელიც ტრადიციულად სახლიდან ქულებს იშვიათად ატანს ვინმეს, ვერ შესძლო, მოგება და ამით, ევროტურნირებზე მოხვედრის შანსებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.




***

ფრედ, 1-1 დასრულდა შეხვედრა ფოთში, „პარკი არენაზე" სადაც, გასავარდნ ზონაში მყოფი „კოლხეთი 1913" და ბოლნისის „სიონი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მეტად დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიში მხოლოდ, 76-ე წუთზე გაიხსნა, 1-0. გოლი, „სიონის" კარში მურად აფხაზავამ გაიტანა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ბოლნისელებმა თამაშის გადარჩენა მოახერხეს. დავით კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, გოლი, ლევან ხმალაძემ გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, „კოლხეთი 1913"-ს 14 ქულა აქვს და ელიგის სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.

***

სტუმრების უპირატესობით წარიმართა, თბილისში, „მესხი 2"-ზე შეხვედრა, „რუსთავსა" და „ჩიხურას" შორის. სოსო ფრუიძის შეგირდებმა, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ თუ ძალების მაქსიმალურად კონცეტრაცია არ მოახდინეს, ევროტურინირებს მიღმა დარჩებიან, ანგარიშით 1-2 მოახერხეს გამარჯვება და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს. ახლა, საჩხერელებს 53 ქულა აქვთ, სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზე არიან  და 9 ქულით ჩამორჩებიან „დინამო თბილისს". უშუალო მდევარს, ქუთაისის „ტორპედოს" კი, მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „რუსთავთან" შეხვედრას, აქ, ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა. სტუმართაგან, პირველი გოლი 36-ე წუთზე, ლევან კაკუბავამ გაიტანა. 64-ე წუთზე კი 11-მეტრიანით ანგარიში ორამდე გიორგი გაბედავამ გაზარდა, რომელსაც ამ გოლის შემდეგ, 17 დაუგროვდა და ახლა ბომბარდირთა სიაში, 1 გატანილი გოლით უსწრებს დინამოელ ბუდუ ზივზივაძეს.  რუსთაველთაგან, პრესტიჟის გოლის გატანა, 78-ე წუთზე 11-მეტრიანით ბექა ქავთარაძემ მოახერხა.

***

მიმდინარე გათამაშებაში რეკორდული ანგარიში დაფიქსირდა ზესტაფონში, სადაც „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე" „სამტრედიამ", „დინამო თბილისს" უმასპინძლა. მატჩის დასაწყისში ვერ იტყოდი, რომ 90 წუთის შემდეგ, რომელსაც მსაჯმა წამიც კი არ დაამატა, ტაბლოზე 1-8 ეწერებოდა. დაახლოებით, 10-15 წუთი თამაშის დაწყებიდან, თბილისელებს საკმაოდ გაუჭირდათ, უპირველესად, იმ მინდვრის საფართან შეგუება, სადაც თამაში მიმდინარეობდა.




„ანგარიშის გამო, თამაშის შეფასებიდან თავს შევიკავებ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ცუდ საფარზე გვიხდებოდა თამაში, რთული იყო. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის დასაწყისში მოვახერხეთ უპირატესობის მოპოვება. გოლებიც გავიტანეთ, გვქოდან კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო ასეთი თამაშისთვის და წარმატება ვუსურვო, მომდევნო თამაშებში", -იტყვის შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კაჭარავა, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.


უპირატესობა კი, „დინამო თბილისისმა" აკაკი შულაიას მიერ, მე-20 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ საბოლოოდ მოიპოვა. 33-ე წუთზე გუჯა რუხაიას გააზრებული თამაშის შემდეგ, მათე ვაწაძემ „დინამო თბილისში" დაბრუნების შემდეგ, ნავსი გატეხა და პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, მას მხოლოდ, ამ შეხვედრაში, მინიმუმ კიდევ 3 გოლის ჩაწერა შეეძლო სათვალავში. ისევე, როგორც დმიტრო ივანისენიას და ბუდუ ზივზვივაძეს, რომელმაც აკაკი შულაიას და შეცვლაზე, მეორე ტაიმში შემოსული გიორგი ივანიშვილის მსგავსად 2-2 გოლის გატანა მოახერხეს. დიდი ხნის „შესვენების" შემდეგ, საჯარიმოდან დარტმა „გაისწორა" დინამოელთა კაპიტანმა ლაშა თოთაძემაც. პირველ ტაიმში „დინამო თბილისმა" 3 გოლის გატანა შესძლო, რაზეც სამტრედიელებმა მხოლოდ ერთით, 43-ე წუთზე უპასუხეს 1-3. ცოტა უფრო ადრე გიორგი ფანცულაიას დარტყმული მოიგერია სტეპან სიკაჩმა. მეორე ტაიმში კი თამაში, შეიძლება ითქვას, ცალკარში მიდიოდა და ამაზე საბოლოო ანგარიშიც მეტყველებს.




ბუნებრივია, ერთ-ერთ აუტსაუდერთან ასეთი გამარჯვება, სულაც არ აძლევს დინამოელებს, დამვშიდებისა და მოშვების უფლებას. 31 ოქტომბერს, მათ, ქართული დერბი ელით, ტრადიციულ მეტოქესთან, ქუთაისის „ტორპედოსთან", რომელიც ელიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე სწორად დაბალანსებული და დაკომლპექტებული გუნდია.

***

„ევროტურნირებისთვის ვიბრძოლებთ. ამას, როგორც ჩემპიონატისთვის, ასევე სათასო თამაშებშიც გავაკეთებთ. ის,  რომ აქცენტი თასზე აიღო, ასე არ ხდება. ნორმალური მწვრთნელი, ყოველ შემთხვევაში ასე არ იფიქრებს... დანარჩენი გამოჩნდება. ეს გუნდი და შემადგენლობა, მეორე წრეში გაკეთდა. მანამდე, არ გვქონდა ამის საშუალება. არადა, სხვა შემთხვევაში, ამ შემადგენლობით, რომ დაგვეწყო, ახლა სხვა მიზნებისთვის ვიბრძოლებდით", - ამბობს კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.




კახა ჩხეტიანი გამორიცხავს, რომ 30-ე ტურის მატჩში, ან სხვა რომელიმეში, მის გუნდს დაღლა დაეტყო. თუმცა, ქუთაისელთა თავკაცი არც იმას უარყოფს, რომ ევროტურნირების გამო გაცდენილი და ახლა, მიჯრით დანიშნული გრაფიკი, ფეხბურთელებზე მცირედ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს.

„ფსიქოლოგიური მომენტია, დაღლით, ნამდვილად არ დაღლილან. დღეს, უფრო კონტრშეტევაზე ვთამაშობდით, რადგან 3 დღეში ისევ თამაში გვაქვს. არ ვამბობ, რომ ძალები დავზოგეთ, მაგრამ ბოლოსკენ, როდესაც ანგარიშში მიგვყავდა, ყველა გუნდს აქვს ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ცოტა უკან იხევს, ასე ვქენით ჩვენც. ეს არ იყო არც, ფიზიკური ძალის გამოლევა და არც, ტაქტიკური გათვლა. გვაიძულა მოწინააღმდეგენ, მაგრამ კარგად ვიცავდით თავს და კონტრშეტევაზეც გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ამ მხრივ, პრობლემა არ შეგვექმნება. ყველა ფეხბურთელი, მზად არის, ერთი მეორეს შეცვლის, გამოვა და თავს დადებს, გამარჯვებისთვის იბრძოლებს", - ამბობს კახა ჩხეტიანი.




ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, რომლის მიზანია, სამეულში მოხვდერა და შესაბამისად, ევროტურნირებში კვლავ თამაში, დღეს, თბილისის „ლოკომოტივთან" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და არათუ სამეულში მოსახვედრად, თეორიულად, ჩემპიონობისთვის ბრძოლის განაცხადიც გააკეთა. მითუმეტეს, თუ ელიგის შარშანდელ გათამაშებას და „ტორპედოს" ფინიშს გავიხსენებთ. თუმცა, მოგების მიუხედავად კახა ჩხეტიანი გამოუყენებელი მომენტებით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ძალზედ უკმაყოფილო იყო.  ორ განსხვავებულ ტაიმზე გააკეთა აქცენტი, მატჩის დასრულების შემდეგ ლაშა ჭაღიაშვილმაც, „ლოკომოტივის" თავკაცმა.


„პირველ ტაიმში გუნდი იყო დაბნეული, რაღაც თავდაჯერებულობა ჰქონდათ დაკარგული. შეტევაში ბურთს სწრაფად ვკარგავდით, დაცვაშიც პრობლემები იყო. აქედან გამომდინარე „ტორპედოს" დიდი უპირატესობა ჰქონდა. მეორე ტაიმში, მივმართე გარკვეულ ცვლილებებს და ბიჭებს მოვუწოდე, უფრო, აქტიური ყოფილიყვნენ და უფრო თავდაჯერებულად ეთამაშათ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ბიჭებმა უკეთესად ითააშეს, მაგრამ დრო აღარ გვეყო, თამაშის მოსაბრუნებლად და მინიმუმ 1 ქულის ასაღებად",- ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი.




მეორე ტაიმში, „ლოკომ" თამაში გაათანაბრა, შექმნა სახიფათო მომენტებიც, დაარტყა მეტოქის კარის მხარესაც, თუმცა, ტორპედოელთა მეკარეს, როინ კვასხვაძეს, ზედმეტი ნაბიჯის გადადგმაც კი არ დასჭირვებია. რაც შეეხება „ლოკომოტივს", თუკი ლაშა ჭაღიაშვილის სიტყვებს მოვიშველიებთ და პირველ ტაიმს, მისი გუნდის წევრებში თავდაჯერებულობის ნაკლებობას და დაბნეულობას სხვა ჭრილით შევხედავთ, ძნელი მისახევდრი არაა, რომ „ლოკომ" ერთი კვირით ადრე, ელიგის წინა ტურში, მთელი ენერგია თბილისურ დერბიში, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ დახარჯა და ჩემპიონთან სათამაშოდ, სრულფასოვნად აღდგენა ვეღარ მოახერხა, რაც „ლოკომოტივს" თუკი, ქვეყნის ჩემპიონატის თუნდაც შარშანდელ გათამაშებას გადავხედავთ ახასიათებს. თუმცა, ისევე, როგორც ამას ყველა სხვა დანარჩენი გუნდი აკეთებს ტრადიციულად სწორედ „დინამო თბილისის" წინააღმდე, შემდეგ კი, ძალების აღსადგენად და სწორი ანალიზისთვის, ელენეტარულად დრო აღარ რჩებათ.




„კონკრეტულად, მხოლოდ „დინამოსთან" დახარჯულ ძლებს ვერ დავაბრალებ დღევანდელ შედეგს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მჭიდრო გრაფიკმაც გამოიწვია. თითქმის, ყოველ 3-4 დღეში თამაშები გვაქვს. ასევე მოგეხსენებათ, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი დანაკლისი, ტრავმირებული ფეხბურთელები. იგივე გავაშელიშვილი, რომელიც სულ 2-3 ტურია, რაც დაგვემატა, არაა ფორმაში. აქედან გამომდინარე, ბიჭები გადაღლილები არიან და რთულია, ძალების აღდგენა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბიჭები თავს არ ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, წარმატებისთვის და გამარჯვებისთვის. რასაც მომავალ ტურებში შევეცდებით, რომ გამოვასწოროთ", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი.


ახლა, ჭაღიაშვილის გუნდი დაისვენებს და მომდევნო ტურამდე, „ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ, ანგარიშით 0-1, სწორი დასკვნებს გააკეთებს. „ტორპედოსა" და"დინამო თბილისს" კი, ამ ტურში მიღწეული გამარჯვებების შემდეგ სწორი დასკვნებისა და ანალიზის გასაკეთებლად, მხოლოდ 3 დღე აქვთ. სანაკრებო ფანჯრამდე, რომელიც ნოემბრის 12-დან იწყება, სწორედ ამ 2 კლუბს მოუწევს ყველაზე მჭიდრო გრაფიკში მატჩების გამართვა, როგორც ელიგის, ასევე სათასო გათამაშებაშიც. აქედან, 5 დღის მანძილზე 31 ოქტომბერსა და 4 ნოემბერს, „ტორპედო" და „დინამო თბილისი" ელიგის მე-3 და მე-4 წრის მატჩებში, სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჯერ თბილისში და შემდეგ ქუთაისში.

მომდევნო 31-ე ტურის კალენდარი

გათამაშების ცხრილი

მასალაში გამოყენებული სკ "საბურთალოს" ფოტო