
თავისუფლების შემდეგ, კლასიკები, ალბანეთში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობას ასრულებენ და აშკარად უფრო დახუნძლულები დაბრუნდებიან სამშობლოში. მუჰამედ მალოს სახელობის სარეიტინგო ტურნირზე, საქართველოდან ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავე 17 ათლეტმა იასპარეზა და 7 მედალი მოიგო, რომელთა შორის ერთი ოქროს მედალია, ოთხი ვერცხლი და ორიც ბრინჯაო, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა მეტიც, თანაც სხვა „ხარისხის" ყოფილიყო. თუმცა, ამ შედეგითაც, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებული 72 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძე გახდა, რომელმაც გადამწყვეტ დაპირისპირებაში, თურქეთის წარმომადგენელი, მუსთაფა შაჰინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ბუნებრივია, ხუთი ფინალიდან რომელიც დღეს გაიმართა და სადაც ქართველებს ოქროს მედლის შანსი ჰქონდათ, ქართული სპორტული საზოგადოება განსაკუთრებით ერთ წონით კატეგორიას აკვირდებოდა და ალბათ, სხვები ამის თქმის გამო არ გაგვკიცხავენ. საქმე ისაა, რომ 55კგ წონითი კატეგორიის ფინალში, 17 წლის ვახტანგ ლოლუამ იასპარეზა. სადებიუტო ტურნირზე უფროსების კატეგორიაში, ქართველი ბევრად გამოცდილ თურქს, მუთლუს შეხვდა და ალბათ ისვე და ისევ, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, გამოუცდელობით და ცოტა მსაჯების მეტოქისადმი კეთილგანწყობითაც, ფინალი დათმო, თუმცა, საერთო ჯამში საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო. ბუნებრივია, თუკი სპორტსმენი რესურსებს სწორი მიმართულებით და მიზნობრივად მიმართავს, მაშინ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ჭიდაობაში, ახალი და იმედის მომცემი სპორტსმენი ყალიბდება.
ასევე ვერცხლით დაასრულეს შეჯიბრებაზე გამოსვლა ამირან შავაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში და გიორგი მელიამ, 97 კგ-ში. რაც შეეხება, გელა ბოლქვაძეს, 82 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ხალიჩაზე მცირე ტრავმის გამო არ გამოსულა და შესაბამისად, ფინალშიც გამარჯვება მის მეტოქეს, თურქ აქბუდაქს დარჩა.
კასიკების ასპარეზობის დროს გათამაშებული პირველი მედლებიდან, 67 კგ-ში ჯონი ხეცურიანმა აიღო ბრინჯაო. დღეს, კი, იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიგო ბრინჯაოს ფინალი.
საერთო ჯამში, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა 141 ქულა დააგროვა და 4 ქულით გადაუსწრო თურქეთის ნაკრებს, რომელიც 137 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების შემადგენლობაში ალბანეთის სარეიტინგო ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა:
55 კგ - ვახტანგ ლოლუა
60 კგ - ფრიდონ აბულაძე, ამირან შავაძე
63 კგ - ბექა გურული
67 კგ - ჯონი ხეცურიანი, ლერი აბულაძე
72 კგ - იური ლომაძე, ოთარ აბულაძე
77 კგ - რამაზ ზოიძე
82 კგ - გელა ბოლქვაძე
87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე, გურამ ხეცურიანი, ლაშა გობაძე
97 კგ - გიორგი მელია, გიორგი ქაცანაშვილი
130 კგ - იაკობ ქაჯაია, საბა ჭილაია
და ბოლოს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები ალბანეთიდან ხორვატიაში მიემგზავრება და იქ გაივლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტო
სტატია რედაქტირებულია 03.03.2025 14:00





ჩვენ







