
თვის ბოლოს, ევრობასკეტი 2025-ზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. დღევანდელი მონაცემებით, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი, წინასწარი განთესვის შემდეგ, მე-4 კალათში მოხვდა, ფინეთის, თურქეთისა და ისრაელის ნაკრებებთან ერთად, რაც ამ გუნდების ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრასაც გამორიცხავს. ამასთან ერთად, უკვე ცხადია, რომ ფინეთი, რომელიც მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ამას გარდა, შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ჯგუფშიც იყო, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საწყის ეტაპზე, ჩვენთან აღარ მოხვდება. ჩვენთან ერთად არ იქნება, ჯგუფურ ეტაპზე არც თურქეთის ნაკრები, რომელთანაც ბოლო ევრობასკეტზე კი გავიმარჯვეთ, თუმცა ეს, მთელი აურზაურის ფასად დაგვიჯდა.
ამრიგად, 27 მარტს, რიგაში, ფინალურ ეტაპზე გასულ 24 ნაკრებს 4 ჯგუფში გადაანაწილებენ, რომლებსაც ლატვია, პოლონეთი, ფინეთი და კვიპროსი ჩაჯდებიან მასპინძლების რანგში. გამომდინარე იქიდან, რომ ფიბა-ს წესებით მიხედვით, მასპინძელს თანამასპინძელის არჩევის ნება აქვს (ჩვენთან ევრობასკეტი 2023-ზე ასეთი თურქეთი იყო), უკვე ცნობილია ფინეთის ჯგუფში კიდევ ერთი გუნდის ვინაობა და ეს ლიეტუვა იქნება მე-2 კალათიდან. შესაბამისად, ამ ჯგუფიდან ჩვენც სამიდან (ლატვია, სლოვენია, საბერძნეთი) ერთი მეტოქე შეგვხდება.
ამავე პრინციპით მოგვაკლდა კიდევ ერთი მეტოქე მე-5 კალათიდან. ლატვიამ, ესტონეთი აირჩია. შესაბამისად იმ კალათიდან პოტენციური მეტოქეები ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დიდი ბრიტანეთი დაგვრჩნენ.
წინასწარი ინფორმაციით, რაც ვრცელდება, პოლონეთს ისლანდიასთან დამეგობრება სურს, ჩვენ კი, თუნდაც კვიპროსი-საქართველოს საფეხბურთო მატჩზე ქართველი ქომაგის აქტიურობას გავიხსენებთ, ალბათ ყველაზე მეტად კვიპროსზე გაგვიხარდება თამაში. კვიპროსს, პარტნიორი ჯერ არ აურჩევია. თუმცა, დიდი ალბათობით, მას საბერძნეთზე შეაჩერებს.
დარჩენილი კალათები ასე გამოიყურება:
პირველი კალათი: სერბეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი
მესამე კალათი: იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
მეექვსე კალათი: შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი
ჯგუფური ეტაპის თამაშები პოლონეთში კატოვიცეში, ლატვიაში რიგაში, ფინეთში ტამპერეში და კვიპროსზე ლიმასოლში ჩატარდება.





ჩვენ







