ქართული დუბლი ხორვატიაში
ქართული დუბლი ხორვატიაში
05.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა  და ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა დუბლი შეასრულეს. ჩვენმა ორივე გუნდმა ტრიო გუნდურში, კარგად იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრებმა მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ მარშავას შემადგენლობით, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქეთის ქალთა ნაკრებს 4 ქულის სხვაობით, 16-12 მოიგო. აქვე შეგახსენებთ, რომ  ჩვენი ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები გასულ წელს ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.


დღესვე, როგორც აღვნიშნეთ, ევროპის ჩემპიონის ტიტული ბიჭების გუნდმაც მოიპოვა. ჩვენმა სამეულმა გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16-6 სძლია.


დღევანდელი მდგომარეობით, ხორვატიაში მიმდინარე ტურნირზე ქართული გუნდის ანგარიშზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია.  შეგახსენებთ, რომ გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში, ოქრო, გოგონათა ნაკრებმა - მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით მოიგო. გოგონებმა, 1711 ქულა დააგროვეს, რაც  ევროპის რეკორდია.  ამას გარდა, ტურნირის პირველივე დღეს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.


ოსიეკაში, შეჯიბრის მორიგ დღეს, მედლები სოლო, ინდივიდუალური პირველობაში გათამაშდება.