ფუტსალის ნაკრების კიდევ ერთი წარმატება
ფუტსალის ნაკრების კიდევ ერთი წარმატება
30.10.2018
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა 29 და 30 ოქტომბერს ორივე შეხვედრა, ჯერ მოლდოვას და შემდეგ ლატვიასთან დამაჯერებლად მოიგო და „ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირის" გამარჯვებული გახდა.

„საქართველოს ფუტსალის ნაკრები აქამდე, როგორც წესი ტურნირებში არ მონაწილეობდა ხოლმე. ამდენად, რიგის ტურნირი კარგი დასაწყისია და მინდა მივულოცო ბიჭებს და ყველა ჩვენს ქომაგს ეს გამარჯვება. მადლობა, ბიჭებს, რომ ეს ჩვენი შრომა დაფასდა და სახლში, თასითა და მედლებით ვბრუნდებით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრაში მოლდოვას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 6-2 გაიმარჯვა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. ამ დღეს ჰეთ-ტრიკი ფუმასამ შეასრულა, მეტოქის კარი ორჯერ სიმი საიოტიმ აიღო, ერთი გოლი კი, საქართველოს ნაკრების მეკარის, ზვიად კუპატაძემაც გაიტანა (გოლები: 0-1 სიმი საიოტი (11-07), 0-2 ფუმასა (16-02), 1-2 (28-28), 1-3 ფუმასა (28-48), 2-3 (31-46), 2-4 ფუმასა (31-58), 2-5 სიმი საიოტი (33-53), 2-6 კუპატაძე (36-48).

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, თოფურია, თოდუა, კურტანიძე. სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჯამბურია, ჭანუყვაძე, ქურდაძე, რონინო, ჯვარაშვილი, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა, სიმი საიოტი.

მეორე მატჩში, ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვია იყო. მოლდოვას მსგავსად,  შეხვედრა, კვლავ ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 5-2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-ტრიკი ამჯერად, მეორე ბრაზილიელმა, რონინიომ შეასრულა. თითო გოლი კი, ფუმასამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს (გოლები: 0-1 რონინიო (1), 1-1 ბაკლანოვსი (8), 1-2 რონინიო (9), 1-3 რონინიო (13), 1-4 თოდუა (16), 2-4 სენსი (30), 2-5 ფუმასა (38).

ამ დღეს, საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბუკია, რონინიო, თალესი, ფუმასა, სიმი საიოტი. სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე.

„ორივე თამაში, აშკარად დამაჯერებლად მოვიგეთ. ერთი თავით მაღლა ვართ ამ ნაკრებებზე. ინგლისთან ჩატარებული 2 თამაშის, გერმანიასთან 2 თამაშის, მოლდოვათან და ლატვიათან ჩატარებული მატჩების შემდეგ, გამოჩნდა ის, რომ ამ გუნდბზე წინ უკვე ვართ. უკვე შეგვიძლია, რომ სხვა ფიქრებიც გავივლოთ. უკვე, რეალობად ვაქციეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები საშუალო დონის კარგ გუნდად ჩამოვყალიბდით. ამ ორ თამაშში ბევრი რაღაც გამოვცადეთ. თუნდაც, ოთხეულები, ბრაზილიელების ეს ოთხეული. სამწუხაროდ, ცოტა დრო მქონდა, რადგან ლეგიონერები თავისი კლუბებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ 2-3 დღით ჩამოსვლას და 4 კაცი, ამჯერადაც პირდაპირ რიგაში შემოგვიერთდა. ძალიან ძნელია, რადგან მთელს ნაკრებს, ფაქტიურად არ გვიწევს ერთად ვარჯიში. ასე, რომ ამ თამაშებს ვიყენებთ შეთამაშებისთვის, კომბინაციებისთვის, ძალიან ბევრი ნიუანსია, რომლებიც, დასახვეწია. მაგრამ კარგია, რომ ამდენი თამაში, ჩავატარეთ და გვაქვს შანსი რომ შევათამაშეთ ეს ნაკრები", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები თბილისში ხვალ, საღამოს დაბრუნდება. მორიგ საწვრთნელ შეკრებას კი ნოემბრის ბოლოს გამართავს, რომელსაც თბილისში, 4 და 5 დეკემბერს უნგრეთის ფუტსალის ნაკრებთან სპარინგით დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. მუნდიალის შესარჩევი რაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართება, უშუალოდ შეხვედრები კი, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდება.