ორ კვირაში საქართველოში ცხელი მარტი იწყება
ორ კვირაში საქართველოში ცხელი მარტი იწყება
06.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოში ტემპერატურის მატების პარალელურად, მატულობს საფეხბურთო დაძაბულობაც. 19-25 მარტის პერიოდში, საქართველოს ვაჟთა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშები ელით, როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგურები, რომლებიც თავის მხრივ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელი თუ არა, ბოლოს წინა მაინც გამოდის. თუმცა, ამ სტატიაში, 19-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის გარშემო ვიტრიალებთ.


საქმე ისაა, რომ საქართველოს 19-წლმადე ნაკრები 19, 22 და 25 მარტს უეფა-ს აღნიშნული ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს. ჯგუფიდან კი, რომელშიც პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს გუნდები არიან, ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გავა. საერთო ჯამში, ასეთი 7 ჯგუფია. ფინალური ტურნირი კი, 13-26 ივნისის ჩათვლით, რუმინეთში გაიმართება. სწორედ, რუმინეთი, მასპინძლის რანგში გახდება აღნიშნული ტურნირის მასპინძელი. ფინალური ეტაპის წილისყრა 15 აპრილს, ბუქარესტშია ჩანიშნული.


სწორედ, ამ ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი გაიარა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თბილისში, ზამთრისა და გაზაფხული მიჯნაზე და ორი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 3 და 5 მარტს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა, პირველი შეხვედრა რომელიც მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა, ქართულმა გუნდმა 2-1 (მატჩის ჩანაწერი) მოიგო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც გოლი სტუმრებმა გახსნეს, მე-8 წუთზე, მასპინძელთა უზუსტობის შემდეგ. თუმცა, მე-15 წუთზე საბა სამუშიამ ვითარება გამოასწორა. გამარჯვების გოლი, კი, „დინამო თბილისი 2"-ის ფეხბურთელებმა შექმნეს - ლევან ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ, გიორგი მეფარიშვილმა მოწინააღმდეგის მაკარეს რბილად გადაუგდო თავზე, ისე რომ უკანასკნელმა მხოლოდ, თავის ატრიალება მოახერხა.


მიუხედავად იმისა, რომ 3 მარტის შეხვედრისას უფრო ციოდა, გუშინ, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ამ ორ ნაკრებს შორის გამართული შეხვედრისას სიცივეს ქარიც დაერთო. ქართული გუნდიც კიდევ უფრო გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა და არ ეწყინებათ ჩვენებს, თუკი ვიტყვი, რომ თამაშიც ბევრად უღიმღამო და უინტერესო იყო. საბოლოოდ, ფრედ, 0-0 (მატჩის ჩანაწერი) დასრულდა.


ამრიგად, ელიტ-რაუნდს რომ დავუბრუნდეთ, თუკი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს (და ჩვენ გვინდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში) მოხვედრა უნდა, დარჩენილ დღეებში, რიგი დეტალების გააზრება მოუწევს. მაგალითად, პასის გაცემა, უკეთეს პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელისთვის. გასაგებია, რომ ამ ასაკში, ყველას უნდა თავის ინდივიდუალიზმის დამტკიცება, მაგრამ ფეხბურთი, საბოლოო ჯამში გუნდური თამაშია და გუნდურობა, ბევრი რამის გადამწყვეტია, მითუმეტეს ამ ასაკში.


კიდევ ერთი დეტალი რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ამ შეკრებაზე  8 ფეხბურთელი (გიორგი გვასალია, საბა ხარებაშვილი, ლუკა წულაია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ვახო სალია, თემურ ოდიკაძე, ალექსანდრე ფეიქრიშვილი), რომელთაგან ექვსი დღეს, ეროვნული ლიგის შეხვედრაში მონაწილეობს „დინამო თბილისის" შემადგენლობაში, კიდევ ერთმა, ოდიკაძემ, ასევე „დინამო თბილისიდან", მხოლოდ მეორე გუნდიდან, მცირე ტრავმის შემდეგ ახლა დაიწყო ვარჯიში. ელიტ-რაუნდისთვის, ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ „დინამო კიევი" მისცემს ფეიქრიშვილს 19-წლამდეთა ნაკრებთან შემოერთების საშუალებას.


თუმცა, აღნიშნულ შეკრებას, დადებითი მომენტიც ჰქონდა - გამოიცადნენ და მეტი სათამაშო დრო მიეცათ ფეხბურთელებს, რომლებიც ქვედა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებ გუნდებს წარმოადგენენ, თუმცა, დიდი ალბათობით, მომავალი შესარჩევი ციკლიდან, ბევრს სწორედ, ამ ასაკობრივ გუნდში მოუწევს თამაში.


და ბოლოს გეტყვით, რომ ელიტ-რაუნდს თბილისი უმასპინძლებს. მატჩები, „მიხეილ მესხი 2"-ზე და „პეტრო არენაზე" გაიმართება.


19 მარტი, 19:00  საქართველო - პოლონეთი

22 მარტი, 19:00 საქართველო - სლოვაკეთი

25 მარტი, 19:00 საქართველო - მონტენეგრო


გულშემატკივარს მატჩებზე დასწრება თავისუფალია, ამიტომ ამ სტატიას ვასრულებთ იმ თემით რითაც დავიწყეთ - ამინდის დათბობასთან ერთად, საფეხბურთო ტემპერატურის აწევა, სტადიონზე სწორედ გულშემატკივარს შეუძლია, განსაკუთრებით, გულშემატკივრის ამ ასაკობრივ ჯგუფს. უბრალოდ, გარკვეულმა ნაწილმა, ვინც ქრონიკულად, მხოლოდ ეროვნული ნაკრების ვერ ნაშოვნ ბილეთებზე წუწუნშია, უნდა გაიზაროს, რომ ეროვნულ ნაკრებში, ისევე, როგორც ახალგაზრდულში ხშირია როტაცია და დღევანდელი 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელებიც არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში ზედა ნაკრებებშიც ვიხილოთ. ასე, რომ იარეთ და უქომაგეთ ასაკობრივ ნაკრებებსაც.


იხილეთ პეტრო არენაზე გამართული მატჩის ფოტო-ალბომი