მეორე ტური პირველი მოგერიებული პენალტი და ფრედ დასრულებული პირველი შეხვედრები
მეორე ტური პირველი მოგერიებული პენალტი და ფრედ დასრულებული პირველი შეხვედრები
06.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უამინდობით გამოწვეული  და შეფერხებით დაწყებული ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე, სრული წესების დაცვით და ვადებში ჩატარდა. თამაშები ორ სათამაშო დღეს იყო გადანაწილებული და საკმაოდ საინტერესოდაც წარიმართა.


საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერია 1999"-მა მეორე ტურშიც გაიმარჯვა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად, ქუთაისის „ტორპედო" დაამარცხა, 2-0. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისელებმა ანგარიში 39-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძის გოლით გახსნეს. 65-ე წუთზე კი, სტუმრებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი. სეზონის პირველი ავტოგოლი, ტორპედოელთა ბრაზილიელი ლეგიონერის, ერიკ პიმენტელის ანგარიშზეა. ორი ტურის შემდეგ 6 ქულით, „იბერია 1999" სატურნირო ცხრილის სათავეშია.



ამავე დღეს, „თელავმა", კავკასიონი არენაზე ფოთის „კოლხეთი 1913"-ს უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, გავიდა. 58-ე წუთზე, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილების გარჯით, ნიკა ცეცხლაძის გადაცემა, გოლით ტატო ჟივიძემ დააგვირგვინა. თითქმის, წინა წელთან შედარებით, რადიკალურად განახლებულმა „თელავმა", ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით კი, პირველი გამარჯვება ჩაიწერა მიმდინარე გათამაშებაში, 1-0.


ტურის დარჩენილი თამაშები დღეს გაიმართა. დედაქალაქის სამ სტადიონზე, მცირედი შუალედებით, სამი შეხვედრა ჩატარდა, რომელთაგან ორში, მშრალი ფრე დაფიქსირდა.


ეროვნული ჩეპიონატის ახალ ბინადარს, „გარეჯს" ვერ მოუგო ბათუმის „დინამომ". მიხეილ მესხი 2-ზე გამართული შეხვედრა 0-0 დასრულდა. მსგავსი ანგარიშით, 0-0 დასრულდა მატჩი დავით პეტრიაშვილი სახელობის სტადიონზეც, სადაც „გაგრამ", გორის „დილას" უმასპინძლა.


საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, „დინამო თბილისმა" 2025 წლის სეზონის გამარჯვებით დაიწყო. მთავარი მწვრთნელის რანგში, ეროვნული ლიგის გათამაშებაში, „დინამო არენაზე" გუნდს პირველად უხელმძღვანელა ლადო კაკაშვილმა. პირველად, საქართველოს 19-გზის ჩემპიონის რიგები სრულად „დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელებით იყო დაკომპლექტებული. დინამოს აკადემიის აღზრდილები იყვნენ სასტარტო "ლაინ-აფში" და ისხდნენ სათადარიგო სკამზეც. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც პირველად მოხდა - „დინამო თბილისის" მთავარ გუნდში დღეს დებიუტი ჰქონდა აკადემიის აღზრდილ 6 ფეხბურთელს - ოთო აფციაური (2001), გელა სადღობელაშვილი (2005), ლუკა წულაია (2007), ნიკოლოზ ჩიქოვანი (2007), თემო ოდიკაძე (2006) და საბა ახალკაცი (2004). ამ ექვსი ფეხბურთელიდან ოთხმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. მათ შორის ყველაზე უფროსს, ოთო აფციაურს რაც შეეხება, ფეხბურთელი 2023 წლის სეზონზე, „დინამო თბილისის" მთავარი გუნდის შემადგენლობაში რამდენჯერმე მოხვდა, მათ შორის ოფიციალურ თამაშებზეც იყო სათადარიგოთა შორის, თუმცა, ქვეყნის მთავარ სტადიონზე მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამას გარდა, აფციაურმა, ლადო კაკაშვილის ხელმძღვანელობით „დინამო თბილისი 2"-ის შემადგენლობაში წლების მანძილზე გამოიჩინა თავი.



პირველი გოლი კი, 2025 წელს, „დინამო არენაზე" ნოდარ ლომინაძის გადაცემის შემდეგ ირაკლი იაკობიძემ გაიტანა. დინამოელებმა, რომელმაც შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „სამგურალი", თბილისური კლუბისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა და ტრადიცია, არც ამჯერად დარღვეულა. მე-14 წუთზე, ჯერ კიდევ, გოლის ეიფორიაში მყოფი ახალგაზრდა დინამოელების დაცვას, მომენტი გამოეპარა, მისი გამოსწორება კი, მეკარემ სცადა და შედეგად, 11-მეტრიანითაც დაისაჯა, თუმცა, მიშიკო მაქაცარიამ მისი მოგერიება მოახერხა. სამწუხაროდ, მაქაცარიას ამ შეხვედრაში პენალტის მოგერიება კიდევ ერთხელ მოუხდა, თუცა, ამ ჯერზე მას, ლუკა ხორხელმა აჯობა, რომელმაც ანგარიში, მე-60 წუთზე გაათანაბრა.


დინამოელებს, სეზონის სასტარტო შეხვედრის მოსაგებად, რომელშიც მცირე უპირატესობასაც ფლობდნენ, ნახევარი საათი რჩებოდა. სხვათა შორის, ვინც ქართულ საფეხბურთო ჩემპიონატებს ადევნებს თვალს ემახსოვრება, ვისაც არა ვეტყვით, რომ კაკაშვილის გაწვრთნილ „დინამო თბილისი 2"-ს, რომელმაც რეგიონ ლიგის მოგებით დაიწყო აღმასვლა, მოიგო ლიგა 4, ლიგა 3 და ამოვიდა ლიგა 2-ში (სადაც მეორე წელია ასპარეზობს), ბევრი თამაში, სწორედ, ბოლო წუთებზე „დაუტრიალებია" და ზოგ შეხვედრაში მოუგია კიდეც. დღეს, სწორედ ასეთი თამაში იყო... საბა ხვადაგიანის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ნინუამ, ის ნინუა გაახსენდა სტადიონზე მოსულ მცირერიცხოვან გულშემატკივარს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, შორეული დარტყმებით, მეტოქეს არ ახარებდა. ნიკამ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 დამატებულ წუთზე გაიტანა. „დინამო თბილისმა" კი, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, 2-1 მოიგო და პირველი სამი ქულა ჩაიწერა.



და ბოლოს, ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატო არ იყვნენ თბილისური კლუბის შემადგენლობაში მთელი რიგი ფეხბურთელები, რომლებიც ოფიციალურად კლუბის განაცხადში არიან. კლუბის ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათე ვაწაძემ და ცოტნე ბერელიძემ თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბერელიძემ 3 და 5 მარტს ორი ამხანაგური სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა 19-წლამდეთა შემადგენლობაშ ისრაელის წინააღმდეგ. ნიკოლოზ უგრეხელიძეს, თამაშის გამოტოვება ჯანმრთელობის მიზეზით მოუხდა. გუნდის ახალწვეულები, ქართული ფეხბურთისთვის ნაცნობი (ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, სტეფან სიკაჩი) და გასაცნობი სახეები კი, თბილისურ კლუბს, მომავალი ტურიდან შეუერთდებიან.



სტატიაში გამოყენებულია "იბერია 1999"-ის ფოტო