თვითრწმენა მატჩიდან მატჩამდე - კიდევ ერთი გზა ევროპის მორიგ ჩემპიონატამდე
თვითრწმენა მატჩიდან მატჩამდე - კიდევ ერთი გზა ევროპის მორიგ ჩემპიონატამდე
09.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მნიშვნელოვანი დაპირისპირებების წინ, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვოს წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ცდილობს, კიდევ უფრო შეთამაშდეს და ამასთან, განწყობაც შეიქმნას. მოგეხსენებთ, ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოსახვედრად მეინ-რაუნდში უწევთ ასპარეზობა და იმისთვის, რომ ფუტსალის ევროს საგზური მოვიგოთ და „თავი ქუდში გვქონდეს", მინიმუმ კოსოვოსთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და 3 ქულა ავიღოთ. სხვა შემთხვევაში გვრჩება, კიდევ ერთი შეხვედრა, „აუცილებლად მოსაგებების" კატეგორიიდან, უძლიერესი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და ამას გარდა, უნდა დაველოდოთ, როგორ დალაგდება ქულები სხვა ჯგუფებში. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებულები და რვა, საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილოსანი გადის.


აი, ამ თამაშებამდე, რომლებიც 11 აპრილს კოსოვოში, 16 აპრილს კი, თბილისში, გაიმართება, ასათიანის გუნდმა დღეს, მარტის თვეში დაგეგმილი ორი სპარინგიდან პირველი ჩაატარა. დაუპირისპირდა რუმინეთის ნაკრებს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში ორჯერ, ერთნაირი ანგარიშით 4-2 გვყავს დამარცხებული და ამჯერად, 2-0 გაიმარჯვა.


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსულმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ორი გოლი გაიტანა და მთლიანად გააკონტროლა ეს მონაკვეთ და მეორე ტაიმი, სადაც მეტოქემ კბილებიც გამოაჩინა და ალბათ, რომ არა, თორნიკე ბუკიას თავდადება (ერთ მომენტში, ჩენს მეკარეს ზედიზედ ოთხი დარტყმის მოგერიება მოუხდა), რუმინელები, სულ ცოტა ერთ გოლს მაინც გაგვიტანდნენ. თუმცა ქართველთა მეკარემ, კარი მშრალად შეინახა.


ანგარიში კი, 05'14" წუთზე გავხსენით. ვახტანგ ჯვარაშვილის დარტყმის შემდეგ, მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ბურთთან, ყველაზე ახლოს შოთა თოფურია აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. ძალიან მალევე, 06'33" წუთზე უკვე, ირაკლი თოდუას გადაცემის შემდეგ, ანგარიში ორამდე გიორგი ჩიმაკაძემ გაზარდა.


საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული შეხვედრა, შემდეგი ხუთეულით დაიწყო: თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა, გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია და გიორგი ღავთაძე.


ჩვენი გუნდის შემადგენლობაში დღეს იყვნენ: ბექა ტყემალაძე, ლუკა ხარშილაძე, ბექა ბექაური, ნიკა ხარატიშვილი, შოთა თოფურია, არჩილ სებისკვერაძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან სვანიძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ოთარ ბერეჩიკიძე, დავით ხეჩიკაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე.


„ყველაზე მეტად მახარებს, რომ ის რაც ოთხი სავარჯიშო დღის განმავლობაში ვაკეთეთ ვარჯიშის დროს, დღეს, ბიჭებმა თამაშში გამოიყენეს. ასეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც რუმინეთია, ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა ბიჭებს, კიდევ უფრო გაზრდის", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ჩვენს გუნდთან აღარ არიან ნატურალიზებული ბრაზილიელი ლეგიონერები და ეს უკვე წელიწადზე მეტი ასეა, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, როგორც თამაშით, ასევე თვითრწმენის თვალსაზრისით. ასე, რომ რატომაც, არა? ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ.


და ბოლოს, გეტყვით, რომ საქართველოსა და რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი 11 მარტს, კვლავ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე გულშემატკივარის დასწრება თავისუფალია.