
დღეს, დასრულდა ზემო ავსტრიის გრან-გრან პრი ჯუდოში, რომელშიც 11 ქართველი ჯუდოკა მონაწილეობდა. 7-9 მარტს, ლინცში გამართულ ტურნირზე, ქართული გუნდიდან მედლის მოგების შანსი, პირველივე დღეს ჰქონდა თემურ ნოზაძეს. მოგეხსენებათ, თემურმა, როგორც რამდენიმე ქართველმა ჯუდოკამ, სხვა წონით კატეგორიაში, -66კგ-ში გადაწყვიტა ძალების გამოცდა. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა, წააგო ნახევარფინალი და ბრინჯაოს ფინალში გავიდა. თუმცა, მედლისთვის ბრძოლაში, ისრაელის წარმომადგენელ გაი გუტმანთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
მედლების გარეშე ჩავამთავრეთ ტურნირის მეორე დღეც. აი, მესამე დღეს კი, მცირე „მოსავალი" ავიღეთ. კვლავ -90 კგ-ში იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც გიორგი ჯაბნიაშვილის მსგავსად, მეორე წრიდან დაიწყო და ფინალში გავიდა. შედეგად, ვნახეთ ქართული ფინალი, რომელშიც, ტატოს გამოუცხადებლობის გამო ჯაბნიაშვილმა გაიმარჯვა. ოქრო გიორგის ხვდა წილად, ვერცხლი კი ტატოს.
კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, +100 კგ-ში ორ ქართველს, ორი მედლის მოგების შანსი ჰქონდა. საშეჯიბრო ბადიდან გამომდინარე, გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე, ერთმანეთს 1/2 ფინალში გადაეკვეთებოდნენ. თუმცა, გურეშიძემ მეოთხედფინალი წააგო და რეპეშაჟში გადარეთო. გავიდა რეპეშაჟის ფინალშიც, თუმცა, იქ უკრაინის წარმომადგენელ ევჰენი ბალიევსკისთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
რაც შეეხება „თუშას", პარიზის ოლიმპიური თამაშებისას, ტედი რინერის პროვოკაციაზე წამოგებულს და დისკვალიფიცირებულს, IJF-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე არმონაწილეობის ვადა უკვე ამოეწურა. დღეს, კი ბრძოლებს დანატრებულმა ქართველმა 2025 წლის პირველი ტიტული მოიგო. ფინალურ დაპირისპირებაში გურამ თუშიშვილმა, ჩეხი ლუკას კრპალეკი იუკოთი დაამარცხა და ავსტრიის გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ზემო ავსტრიის გრან-პრიზე ქართული გუნდი ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდა:
-60 კგ - ნიკა ხუზაურაშვილი
-66 კგ - თემურ ნოზაძე, თენგო ზირაქაშვილი
-73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე
-81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი
-100 კგ - იმედა გოგოლაძე,
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე
ქართველი ჯუდოკების შემდეგი გაჩერება საქართველოშია. 21-23 მარტს, ტრადიციული, თბილისის გრან-სლემი გაიმართება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ცნობილ ჯუდოკებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, თბილისში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი შოჰეი ონოც ჩამოდის.





ჩვენ







