
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მნიშვნელოვანი თამაშების წინ, რომელთაგან „აუცილებლად მოსაგები", რადგან „თავი ქუდში" გვქონდეს, 11 აპრილს, გასვლაზე გვაქვს სათამაშო კოსოვოს წინააღმდეგ, საკმაოდ ნაყოფიერი საწვრთნელი შეხვედრები ჩაატარა, კარგად ნაცნობ, თუმცა, 90%-ით შემადგენლობა განახლებულ რუმინეთის ნაკრებთან, რომელთანაც 2024 წელს ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 4-2 მოვიგეთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რეალურად 2024 წელს ავთანდილ ასათიანმა და მისმა სამწვრთნელი შტაბმა ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც ძირითადი დატვირთვა საქათველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებზე მოვიდა. საქართველოს ნაკრების სარეიტინგო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცოდით, რომ ასპარეზობა პირდაპირ მეინ-რაუნდიდან უნდა დაგვეწყო, სხვათა შორის, ისევე, როგორც დღევანდელი სპარინგის მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს, რომელიც ამავე რეიტინგში ჩვენს ნაკრებზე წინ არის. შესაბამისად, 2024 წლის დეკემბრამდე, გვრჩებოდა დრო და რუტინული სასელექციო სამუშაო, რომელიც ქართველთა სამწვრთნელო შტაბს უნდა ჩაეტარებინა.
ალბათ, მარტო ჩემი სუბიექტური მოსაზრება არაა, მაგრამ სფფ-მ საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღნიშნულ პერიოდში ქართულ გუნდს, უეფა-ს სათამაშო ფანჯრების პერიოდში რვა სპარინგი ჩაუნიშნა. ახლა კი, მნიშნელოვანი თამაშის წინ, ასევე უეფა-ს ოფიციალური სათამაშო ფანჯრის დროს რუმინეთთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაუნიშნა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომ სწორედ, ასეთი თამაშები, როგორიც ახლა რუმინეთის წინააღმდეგ ჩავატარეთ, გვეხმარება იმ ჩვენი სათამაშო სტილის პოვნაში. ბრძოლის უნარიანობა გამოაჩინა საქართველოს ნაკრებმა. რაც ყველაზე კარგია, მიმდინარეობს ფეხბურთელების შეთამაშება, ახალი და ძველი მოთამაშეების შერწყმა. გუნდში გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე. ვცდილობთ, ამ მოკლე დროში ჩვენი თავი ვიპოვოთ. მგონი და იმიტომ არა, რომ მოვიგეთ, აშკარად ჩანს რომ სწორ გზაზე მივდივართ. ყველაზე მაგრად მახარებს, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას. მაგალითად, ეიფორია არ გვქონდა პირველი მოგებული თამაშის შემდეგ. დასხედით, კარგად გავაანალიზეთ პირველი თამაში და ბიჭებმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს.
შესაბამისად, მეორე თამაშშიც კარგად შეასრულეს ის ამოცანები. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც რუმინეთთან, რომელიც საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, ორ თამაშში, გოლს არ გაუშვებს, დაცვის სტაბილურობაზე მეტყველებს. კარგი პროცესია, სამუშაო პროცესია გუნდში და იმედი მაქვს, რომ კოსოვოში, კარგი განწყობით ჩავალთ", - ამბობს ასათიანი.
საქართველოსა და რუმინეთის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 მარტს ჩატარდა, დღევანდელ შეხვედრაში გოლი უფრო მალე გავიდა. გამოცდილი არჩილ სებისკვერაძის გადაცემით, 04'30" წუთზე, გოლების ათვლა შოთა თოფურიამ დაიწყო. თამაშიდან გამომდინარე შეხვედრის ამ მონაკვეთში კიდევ უნდა გაგვეტანა, თუმცა, ალბათ ისევე, როგორც რუმინელებს, მხოლოდ ერთი პატარა სხვაობით - თუკი, ჩვენ უბრალოდ მიზანს ვაცილებდით, რუმინელებს წინ თორნიკე ბუკია ეღობებოდათ.
რეალურად, მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც, რომელიც კვლავ სებისკვერაძის გადაცემის შემდეგ, 21'53" წუთზე გოლით გიორგი ჩიმაკაძემ დაასრულა. რუმინეთის ნაკრები ვაბანკზე წავიდა და შეხვედრის ბოლო 7 წუთი, თითქმის სრულად, ზედმეტი მოთამაშით ითამაშა. შესაბამისად, მეკარის გარეშე მოთამაშე მოწინააღმდეგის კარში, მინიმუმ სამი ბურთი შეგვეძლო გაგვეტანა, თუმცა, მხოლოდ ვახტანგ ჯვარაშვილის მცდელობა, 36'21" წუთზე დასრულდა შედეგიანად.
„ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასახვეწი, ძალიან კარგად გვქონდა მათი 5/4-ზე შეტევა გავლილი და შესწავლილი, ეტყობოდა კიდევაც ეს თამაშს, რადგან მეტოქეს, თითქმის მომენტი არ ჰქონდა. ძალიან რთულია, როდესაც 5/4-ზე გიტევენ, მომენტის გარეშე ჩაამთავრო თამაში. რაც შეეხება ამ სიტუაციაში გოლის გატანას, ვფიქრობ, დავხვეწავთ იმას, რომ როდესაც 5/4 შეგვიტევენ, ცარიელ კარებში შევაგდოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის დარჩენილ ორ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 11 აპრილს, სტუმრად, კოსოვოს, ხოლო 16 აპრილს თბილისში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ასევე ნახეთ სტატია





ჩვენ







