ჯაბა დაბრუნდა, „იბერია 1999“-მა კვლავ მოიგო, „ტორპედოს“ ირგვლივ მაღალი ტემპერატურაა
ჯაბა დაბრუნდა, „იბერია 1999“-მა კვლავ მოიგო, „ტორპედოს“ ირგვლივ მაღალი ტემპერატურაა
11.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-3 ტური, ერთი პატარა მოულოდნელობით, რადგან სენსაციას სულაც ვერ მივაწერთ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „თელავის" გამარჯვებას, რომელსაც სათავეში ელიგაში „დებიუტანტი", თუმცა, გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ვალერი გაგუა უდგას და წვრთნის იმ ფეხბურთელებს, რომელმაც რეალურად მის ხელში, მომწიფების ასაკში, „დინამო თბილისის" აკადემიაში გაიარეს. ასე, რომ მწვრთნელმა და გუნდმაც ერთმანეთის ენა, საკმაოდ კარგად იციან. „ტორპედოსა" და „თელავის" დაპირისპირებაში, ალბათ, უფრო ერთ ფეხბურთელზე, სწორედ, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილ ჯადული იობაშვილზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომელმაც დაშვებული შეცდომა, 55-ე წუთზე საკუთარ კარში გატანილი გოლი, 70-ე წუთზე, უკვე ტორპედოელთა კარში გატანილი გოლით გაქვითა. თუმცა, მანამდე, ვატო არველაძის გოლის წყალობით, თელაველები 0-1-ს იგებდნენ. შეხვედრა კი, 1-2, კახური გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.


ბუნებრივია, სეზონის ამ ფაზაზე, რთული სათქმელია, მთელი წლის მანძილზე როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ცოტა მოულოდნელია, ისევ და ისევ წინა სეზონიდან გამომდინარე, 6 ქულით, „თელავის" ლიდერთა შორის ხილვა, ქუთაისური გუნდის კი, სამიდან მხოლოდ, ერთი მოგებული შეხვედრის ქონა აქტივში. ბუნებრივია, ეს გარემოება, არც „ტორპედოს" ფან-კლუბს არ მოსწონს, რომლებმაც სოციალურ ქსელში, სანაკრებო შესვენების დროს, კლუბის სამწვრთნელო შტაბთან და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა - ქუთაისელებს ევროტურნირები ელით წინ, და ბუნებრივია, კლუბის ქომაგთა ფორიაქი გასაგებია.


რადგან ევროტურნირები ვახსენეთ, ელიგიდან კი, 2025-2026 წლების სეზონში 3 გუნდი ასპარეზობს (შეგახსენებთ, ერთი კლუბი ეროვნული ლიგა 2-დან არის, „სპაერი"), საინტერესო იყო, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება „დილასა" და „იბერია 1999"-ს შორის. რთულია თუ არა გორიდან „ქულების" წამოღება? ალბათ, გააჩნია გუნდსაც. ერთ-ერთი ასეთი გუნდი კი, თბილისური „იბერია 1999" არის, რომელსაც თუნდაც, შარშან, აგვისტოში, გორში 1-3 აქვს მოგებული. ამჯერად კი, საკმაოდ დაძაბული თამაშის ბედი, ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც, პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ბუნებრივია, რომ გოლის გატანის შანსები, მასპინძლებსაც ჰქონდათ და ალბათ, გაიტანდნენ კიდეც, რომ არა, თბილისელთა გამოცდილი კარის მცველი გიორგი მაკარიძე. ასეა თუ ისე, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა, მესამე თამაშიც მოიგო 0-1 და სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, ერთპიროვნულად ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი, უეფა-ს ევროტურნირებზე იასპარეზებს ზაფხულიდან.


ევროტურნირებს მიღმა არის „დინამო თბილისი", რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ ასაკის მიუხედავად, ყველაზე ახალგაზრდული კლუბია ეროვნულ ლიგაში. თუმცა, მე-3 ტურის შეხვედრაში, გუნდში, „ბებრებიც" გამოერივნენ. კლუბში დაბრუნდა ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ჯაბა კანკავა და დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიასაც. თბილისური კლუბი, ამ დღეს ქობულეთში, ფოთის „კოლხეთი 1913"-ს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ კანკავამ და გვილიამ, კიდევ რამდენიმე ახალწვეულმა, ტიტულოვანი ქართული კლუბის პირველ შეხვედრაში („დინამო თბილისსაც" და „კოლხეთი 1913"-საც პირველი ტურის შეხვედრა უამინდობის გამო გადაედოთ და შესაბამისად, სეზონის მეორე თამაში ჰქონდათ), ტექნიკური მიზეზის გამო, ვერ მოახერხეს მონაწილეობა. თუმცა, ამჯერად, წუნი აღმოფხვრილია და თბილისელებიც, ახალგაზრდები, გამოცდილებთან ერთად, ლადო კაკაშვილის ხელმძღვანელობით მოძებნიან სათამაშო სტილს, რომელსაც დღესაც ვერ დაუწუნებდი, გააკონტროლეს თამაში, თუმცა, იყო ხარვეზები და განსაკუთრებით ბოლო ფაზაში. ასე, რომ შეხვედრა, რომელშიც პრინციპში, ორივე გუნდი კარგად იცნობდა ერთმანეთს (კახა ჩხეტიანის განკარგულებაში იყო „დინამო თბილისის აკადემია" გამოვლილი 7 ფეხბურთელი), ფრედ 0-0 დასრულდა.  ერთი საინტერესო, თუმცა, სიმბოლური დეტალი - მართალია, ჯაბა „დინამოში" 23-ე ნომრით ასპარეზობს, მაგრამ ნაკრების კაპიტანის „შვიდიანი", მაინც სულ გიტივტივებს თვალში. ჰოდა, 38 წლის კანკავა, ბოლო წლების „დინამო თბილისის" მე-7 ნომერმა, 17 წლის ვახო სალიამ ჩაანაცვლა, რომელსაც იმედი გვაქვს, ფეხბურთელებს შორის დღეს არსებული სხვაობის, 21 წლის შემდეგ, ჯაბასავით დაეხვევიან თავს, ავტოგრაფებისა და სელფების მოყვარული პატარები.


პირველი შეხვედრა მოიგო ახალ სეზონში ბათუმის „დინამომაც", რომელსაც თბილისურ „დინამოსთან" უამინდობის გამო გადაედო პირველი ტურის თამაში და რომელიც, თბილისელთა მსგავსად, 2025-2026 წლების ევროტურნირებს გამოტოვებს. აჭარული გუნდის მეტოქე „გაგრა" იყო. შავი ზღვისპირულ დერბიში, გოლები პირველ ტაიმში გავიდა. მე-9 წუთზე, უერდი მარას თანამონაწილეობით, გოლი ლუკა წულუკიძემ გახსნა, თუმცა, მალევე, ლევან გეგეჭკორმა, 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. კიდევ რამდენიმე წუთში, ბათუმელები კვლავ წინ იყვნენ, ამჯერად მარამ თავად გაიტანა. საინტერესოა აქ ისაა, რომ ეს ყველაფერი, შეხვედრის დაწყებიდან 20 წუთში მოხდა. დარჩენილ 70 წუთში კი გოლი აღარ გასულა. ბათუმმა, 3-1 მოიგო.


და ბოლოს, სამი ქულა მოიპოვა „სამგურალმა", რომელიც ნამდვილად არ ტოვებს ცუდ შთაბეჭდილებას და ალბათ, მიმდინარე სეზონში, ბევრ კლუბს შეუქმნის პრობლემებს, ისე, როგორც დღეს, „გარეჯს". ელიგაში აღზევებულმა კლუბმა, დღეს წყალტუბოში, 3-1 წააგო და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები სწრაფი გოლით, მე-2 წუთზე დაწინაურდნენ ფრანსუა ეკონგოლის გოლით. ბათუმური შეხვედრის მსგავსად, წყალტუბოშიც, ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. გოლები დემურ ჩიხლაძემ (19'), ლაშა შერგელაშვილმა (36') და გიორგი ფანცულაიამ (39') გაიტანეს.


ეროვნული ლიგის მორიგი ტური, 15-16 მარტს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.


სტატიაში გამოყენებულია ელიგის ფოტოები