
ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე, თბილისი არენაზე, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია. ჩვენი გუნდი, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრებს ჯერ თბილისში, 16 მარტს კი, ბოსნიაში დაუპირისპირდება. ამ ორ-რაუნდიანი დუელის გამარჯვებული კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
ჩვენ, ყოველთვის ვთხოვთ, გულშემატკივარს, მოვიდეს და გვიქომაგოს, მაგრამ როგორც წესი, ძალიან ცოტა მოდისო, ამბობენ საქართველოს ნაკრების ხელბურთელები, საგანგებოდ გულშემატკივრისთვის ჩაწერილ მოწოდებაში და თუნდაც, საშინაო მატჩში, გასაძლიერებლად, მათ 13 მარტს, თბილისი არენაზე სთხოვენ მოსვლას.
„გულშემატკივარს, ძალიან ვთხოვ, რომ მოვიდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში საქართველოსთვის. ამ თამაშის მოგების შემთხვევაში, არის დიდი შანსი რომ ევროპაზე მეორედ გავიდეთ, ჩვენი გუნდის ისტორიაში მეორედ", - ამბობს გიორგი ცხოვრებაძე, რომელსაც ევროპული ხელბურთის სამყარო განსაკუთრებით აკვირდება და საკმაოდ წარმატებულ მომავალს უქადის.
სხვათა შორის, ვინც ქართველი ხელბურთელების საკლუბო ცხოვრებას ადევნებს თვალს, კარგად იცის, რომ ჩვენები, არანაკლებ შედეგიანი და პოპულარულები არიან, ვიდრე სხვა სათამაშო სახეობებში.
მანამდე კი, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა ეროვნულმა ნაკრებმა, ასპარეზობის მომავალ არენაზე ბოლოჯერ ივარჯიშა. 13 და შესაბამისად 16 მარტის შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 16 ხელბურთელს მოუხმო, რომელთა შორის, სამი, საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს:
ზურაბ ცინცაძე („აზოტი", პოლონეთი), დავით ნიქაბაძე („სარატოვი", რუსეთი), ერეკლე არსენაშვილი („ტრემბლი", საფრანგეთი) , ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი"), ზურაბ გოგავა („ალდეკერკი", გერმანია), გიგა მელიავა („ჰლოჰოვეცი", სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი", გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი", გერმანია), ირაკლი კბილაშვილი („ტურდა", რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი", ჩრდ, მაკრდონია), გიორგი დიხამინჯია („აზოტი", პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი"), გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი"), მირიან გავაშელიშვილი („მეტალოპლასტიკა", სერბეთი), ხაზეინ რუსტამოვი („სლობოდა", ბოსნია), გიორგი არეშიძე („ტიმოიშოარა", რუმინეთი).
„ამ ბიჭებმა დაამტკიცეს და ყოველ თამაშზე უკეთეს და უკეთეს თამაშს, აჩვენებენ. ამხანაგური თამაშები ისე ჩავატარეთ, ისეთი შემართებით ვართ, რომ მთების გადადგმა შეგვიძლია. ეს ყველაფერი კი, უნდა დავამტკიცოთ ხვალინდელ შეხვედრაში. მოედანზე, ჩვენ გავდივართ მოსაგებად", - ამბობს ტიტე კალანდაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
აღსანიშნავია, რომ მეტ-ნაკლებად გადახალისებული გუნდი შემადგენლობაში კვლავ არ არის ნიკა კალანდაძე, რომელიც ისევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. თუმცა, გუნდის შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა ირაკლი კბილაშვილი, რომელსაც ბოლო სანაკრებო თამაშები მცირე ტრავმის გამო გაუცდა.
„მცირედი ტრავმები არის, მაგრამ გუნდი საერთო ჯამში მწყობრშია. თამაშზე, რაც მთავარია, ყველა ვიქნებით. შემართება იდეალური და მოედანზე მოსაგებად გავალთ", - ამბობს თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარჯიშის დასრულების შემდეგ.
საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვედრა, ხვალ თბილისი არენაზე 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება კი თავისუფალია. ასე რომ არ დაგეზაროთ, მოდით და მხარი დაუჭირეთ ხელბურთელებს, საქართველოსთვის.





ჩვენ







