
საქართველოს ქალთა ნაკრებმა, ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში ბრინჯაოს მედლისთვის ბოლომდე იბრძოლა თუმცა, საბოლოოდ 13-17 წააგო უკრაინის ნაკრებთან და მედლების გარეშე დარჩა.
საინტერესოა, რომ ლიზი კილაძის და ტყუპი დების მარიამ და სალომე ფროდიაშვილების წყვილმა, ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრისას მეტოქეს წინ გაქცევის საშუალება მისცა, თუმცა, 2-8 ანგარიშიდან, ბრძოლაში დაბრუნდა და წინაც გავიდა. მიუხედავად ამისა, დაპირისპირების ბოლო მონაკვეთში, როდესაც ანგარიში 13-15 იყო, შესაბამისად, ქართულ ტრიოს შეეძლო გათანაბრება, უკრაინელებს უფრო მყარი ნერვები აღმოაჩნდათ და მცირედით გვაჯობეს, რაც მეტოქისთვის მედლების მომტანი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ოსიეკში სადაც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 10-მეტრზე პნევმატური იარაღებიდან სროლაში 6 მარტს დასრულდა, ამჯერად (9-12 მარტი), უფროსებს შორის ევროპირველობას მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირზე ქართული გუნდი 5 მსროლელით (მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, ლიზი კილაძე, ასევე, ლევან ქადაგიძე, კაკო მოსულიშვილი) იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, კვალიფიკაციის გავლა, მხოლოდ, ჩვენმა ქალებმა ლიზიმ, მარიმმა და სალომემ მოახერხეს. სხვათა შორის, ამ ჯერზე მედლები ვერ, მაგრამ, ჩვენმა ქალებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე ევროპის რეკორდით, 570 ქულით მოიგეს.
ამის შემდეგ, ჩვენმა სამეულმა 1/4 ფინალშიც კარგად იასპარეზა და 567 ქულით მესამე ადგილი დაიკავა მედლებისთვის გააგრძელა ბრძოლა, სადაც თურქეთისა, გერმანიისა და უკრაინის ნაკრებები მოხვდნენ.
1/2 ფინალში, ლიზი კილაძემ, მარიამ და სალომე ფროდიაშვილმა 563 ქულა დააგროვეს, რაც დარჩენილ კვარტეტში მესამე შედეგი აღმოჩნდა, შესაბამისად, ჩვენებმა, ბრინჯაოსთვის იბრძოლეს. გამარჯვებული კი, თურქეთის ქალთა ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში გერმანია დაამარცხა.





ჩვენ







