
დღეს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრებთან და ორი ბურთის სხვაობით 28-26 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ 16 მარტს, გასვლაზე ქართული გუნდი უფრო უკეთ ითამაშებს და ამის მიზეზი, ის პასუხისმგებლობა იქნება, რომელიც როგორც წესი, საშინაო თამაშებზე, ყველაზე უხერხული ბარიერია.
„თბილისი არენაზე", დღევანდელი თამაშის მოგებით, ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯით წაიწია. იმისთვის რომ ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი, ზედიზედ მეორედ მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირზე, სამ დღეში ბოსნიაში ან ნებისმიერი შედეგით უნდა მოიგოს, ან ფრედ დაასრულოს შეხვედრა და ყველაზე უარეს შემთხვევაში იმავე სხვაობით წააგოს, როგორითაც თბილისში მოიგოს. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლითაც კი, მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ჯგუფის დარჩენილი შეხვედრებიდან კი, საბერძნეთთან 3 ბურთით მოგების შემთხვევაში კი, არაა გამორიცხული საქართველოს ნაკრები ჯგუფში გარანტირებული მეორე ადგილით მოხვდეს ევროპირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის 8 ჯგუფიდან, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებულები, მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი მოხვდება.
ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. როგორც მოსალოდნელი იყო, ის დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა პირველი გოლის გატანა მოახერხეს და დაახლოებით 13 წუთის მანძილზე შეხვედრაში ანგარიშიც მიჰყავდათ. თუმცა, მე-14 წუთზე ქართულმა გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრებიდან 3-3 გოლი გიორგი ცხოვრებაძეს და ირაკლი კბილაშვილს ჰქონდათ გატანილი, ერთი კი, გიორგი დიხამინჯიას ანგარიშზე იყო. ამ მომენტიდან, თამაში აიწონა-დაიწონას დაემსგავსა. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა დაწინაურებაც, თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთშიც და ზოგადად, მთლიანად მატჩიც, ორ ბურთზე მეტი ანგარიშით გაქცევა ვერ შეძლო. ალბათ, სწორედ, ასეთ მომენტებში იგრძნობოდა სახლის კედლების მთელი „სიმძიმე".

„ამ თამაშს სატურნირო თვალსაზრისით დიდი დატვირთვა ჰქონდა - პირველი ქულები მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ დავამარცხეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოსნია ძალიან ძლიერი ნაკრებია. ბევრი შეცდომის მიუხედავად, სასიხარულოა, რომ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ თამაშის მოგება და პირველი ქულების მოპოვება. გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს", - ამბობს ტიტე კალანდაძე, მატჩის დასრულების შემდეგ.
საქართველო ნაკრებმა, პირველი ტაიმის მოგება 1 ბურთის სხვაობით, 15-14 მოახერხა. შესვენებამდე, ქართული გუნდიდან ყველაზე მეტი, 5 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, 4 გოლი ირაკლი კბილაშვილის, 2-2 თეიმურაზ ორჯონიკიძისა და გიორგი დიხამინჯიას, თითო კი, ერეკლე არსენაშვილისა და ხაზეინ რუსტამოვის ანგარიშზე იყო.

ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. ალბათ, ერთ-ერთი, მწვრთნელის მიერ, თამაშის შემდეგ, აღნიშნული შეცდომებიდან, ჩვენ რაც მოგვხვდა თვალში, რიგ მომენტებში მოუმზადებელი კონტრშეტევები იყო, რომლებსაც, როგორც წესი, შედეგიანად ვერ ვასრულებდით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმის მოგებაც ერთი ბურთით, 13-12 მოახერხა, საბოლოოდ, კი, როგორც გითხარით 28-26 (მატჩის ჩასაწერი) მოიგო.
მატჩის საბოლოო ოქმში, ორივე გუნდში, საუკეთესო მაჩვენებელი 11 ბურთი გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე იყო. 6 გოლით დაასრულა შეხვედრა ორჯონიკიძემ, რომელიც მეორე ტაიმში, ცხოვრებაძესთან ერთად, ყველაზე შედეგიანი იყო ჩვენი გუნდიდან. 5 გოლით დაასრულა ასპარეზობა კბილაშვილმა, 3 გოლი დიხამინჯიამ, 2 რუსტამოვმა და ერთიც არსენაშვილმა გაიტანეს. აქვე, ალბათ, ჩვენი გუნდის მეკარეების თამაშიც უნდა აღვნიშნოთ, ტრადიციულად ზურაბ ცინცაძემ და დავით ნიქაბაძემაც გარდამტეხ მომენტებში მოახერხეს, კარის დაცვა.

ამ მომენტისთვის, მე-3 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, სამი ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით, 6 ქულით, ისლანდიის ნაკრები ლიდერობს. ერთი მოგება და ორი წაგებით, ორი ქულა აქვს საქართველოს ნაკრებს, რომელიც ანალოგიური შედეგის მქონე ბოსნიისა და ჰერცეგოვინასა (-7) და საბერძნეთის (-9) ნაკრებებს, ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე უსწრებს.
და ბოლოს, გეტყვით, რომ თბილისი არენაზე, დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, ქართული გუნდიდან გიორგი ცხოვრებაძე, სტუმართა გუნდიდან კი, მისლავ გრგიჩი დასახელდნენ. ამ უკანასკნელმა 10 გოლი გაგვიტანა.







ჩვენ







