რამაზ სვანაძის ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას
რამაზ სვანაძის ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას
15.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტის სანაკრებო ფანჯრის პერიოდში თურქეთში შეკრებაზე მიემგზავრება და ორი ამხანაგური სპარინგის გამართვას გეგმავს. რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს ფინეთი ნაკრებს, 25-ში კი სერბეთს დაუპირისპირდება. ახალგაზრდული ნაკრები, რომელშიც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს შორის, არიან ლეგიონერებიც, 17 მარტიდან, ანტალიაში შეიკრიბება და 25 მარტის ჩათვლით ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრებისთვის მოემზადება.  


თურქულ შეკრებაზე, როგორც უკვე იცით რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად არ იქნებიან ლუკა ლაცაბიძე, ირაკლი აზაროვი და საბა გოგლიჩიძე, რომლებსაც მარტის სანაკრებო ფანჯრის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში უხმეს და დიდი ალბათობით, ყველას თუ არა, მათგან ერთ-ერთს, საბა გოგლიჩიძეს, ნამდვილად მოუწევს 20 მარტის შეხვედრაში, ერევანში, სომხეთის წინააღმდეგ თამაში. აქვე გეტყვით, რომ გუშინ, სასტუმრო „პარაგრაფში" გამართულ შეხვედრაზე ქართულ მედიასა  და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას შორის, ვილი სანიოლმა და ალექსანდრე იაშვილმა, აღნიშნულ თემაზეც ისაუბრეს და ცალსახად აღნიშნეს, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მსვლელობის დროს, რამაზ სვანაძის განკარგულებაში იქნება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 21-წლამდეთა ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.


აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელსაც სლოვაკეთი უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრებს პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ, პოლონეთის საზღვართან ახლოს, ჟილინაში გამართავს. ასევე ჟილინაში ითამაშებს, 14 ივნისს საფრანგეთის წინააღმდეგ და აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის დროს, სწორედ, ჟილინა იქნება ფრანგთა გუნდის მასპინძელი ქალაქი. აი ბოლო მატჩს კი, სვანაძის გუნდი 17 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ტრენჩინში გამართავს.


მარტის შეკრებაზე კი, რამაზ სვანაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება, რომელთა შორის 14 ფეხბურთელი „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია: მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო" ბათუმი), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), ლევან თანდილაშვილი (თელავი); მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი"), ლადო ოდიშვილი („თელავი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა" გორი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), გიორგი მაისურაძე („პოლისია" ჟიტომირი, უკრაინა); ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო", პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ირაკლი ეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელი" ჰადერა, ისრაელი);  თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913"), ჯადული იობაშვილი („თელავი"), დავით გოცირიძე („გაგრა").


21-წლამე ნაკრების ანტალიური სპარინგების განრიგი კი ასეთია:

22 მარტი / 18:00 ფინეთი - საქართველო

25 მარტი / 17:00  სერბეთი - საქართველო