საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის შეიკრიბა
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის შეიკრიბა
15.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მნიშვნელოვანი ტურნირისთვის დღეიდან შეიკრიბა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ელიტ-რაუნდში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას შეეცდება. ქართველთა ჯგუფში პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები ასპარეზობენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს კი, ჯგუფის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს.


ვიდრე უშუალოდ ელიტ-რაუნდში თამაშების განრიგს შემოგთავაზებთ, რომელიც დედაქალაქის ორ სტადიონზე, „მიხეილ მესხი 2"-ზე და „პეტრო არენაზე" გაიმართება, გეტყვით, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ელიტ-რაუნდის საგზური შვედეთში გამართულ საკვალიფიკაციო რაუნდში მოიპოვა, სადაც მასპინძელი შვედეთის დამარცხების შემდეგ, ფრედ ითამაშა ესტონეთის ნაკრებთან და 4 ქულით ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.


რაც შეეხება ელიტ-რაუნდის თამაშებს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სამივე შეხვედრას „მიხეილ მესხი 2"-ზე ჩაატარებს და ერთსა და იმავე დროს, 19:00 საათზე გამოვა სათამაშოდ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.


19 მარტი / 19:00 / საქართველო - პოლონეთი

22 მარტი / 19:00 /  საქართველო - სლოვაკეთი

25 მარტი / 19:00 /  საქართველო - მონტენეგრო


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თამაშების დღეებშივე ჩატარდება ჯგუფის სხვა შეხვედრებიც, რომლებსაც „პეტრო არენა" უმასპინძლებს. ორი თამაში 14:00 საათზე, ჯგუფის ბოლო შეხვედრა კი, „მიხეილ მესხი 2" და „პეტრო არენაზეც" ერთსა და იმავე დროს, 19:00 საათზე დაიწყება.


19 მარტი / 14:00  მონტენეგრო - სლოვაკეთი

22 მარტი / 14:00  პოლონეთი - მონტენეგრო

25 მარტი / 19:00  სლოვაკეთი - პოლონეთი


და ბოლოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ითამაშებს, ასე გამოიყურება - მეკარეები: მათე საური („რიუ ავე", პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), მცველები: გიორგი მეფარიშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ნიკოლაიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო" ქუთაისი), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), რატი გრიგალავა („კოლხეთი 1913"); ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე („იბერია 1999"), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („დინამო თბილისი"), ლუკა წულაია („დინამო თბილისი"), ლუკა ბუბუტეიშვილი („დინამო თბილისი"), საბა გეგუჩაძე („იბერია 1999"), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („დინამო კიევი", უკრაინა), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: ვახტანგ სალია („დინამო თბილისი"), საბა სამუშია („რიუ ავე", პორტუგალია), თემურ ოდიკაძე („დინამო თბილისი"), ლევან ნაჭყებია („დინამო თბილისი").


შენიშვნის სახით - გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წელს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, „დინამო თბილისი" 100 წლის იუბილარია, ჩვენ, შევეცდებით ყველა ასაკობრივ ნაკრებში, თბილისური კლუბის აკადემიის აღზრდილთა რაოდენობაზეც გავამახვილოთ ყურადღება. 19-წლამდე ნაკრებში გამოძახებულ 20 ფეხბურთელს შორის, 15 „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, მათგან, 11 დღეის მდგომარეობით, აღნიშნული კლუბის ძირითად და მეორე გუნდებში თამაშობს ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატს.