
ხორვატიაში, 17-წლამდა გოგონათა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში იასპარეზა სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა. თუმცა, აღნიშნულ დივიზიონში გამოსვლა ქართველთა გუნდისთვის, შედეგებიდან გამომდინარე, ჯერ ნაადრევი გამოდგა. სხვათა შორის ოდნავ გადავუხვევ თემიდან, მაგრამ ვიტყვი - გუშინ, საქართველოს ვაჟ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მედიასთან შეხვედრის დროს, ერთი საინტერესო ფრაზა თქვა: „მიმაჩნია, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, ვითამაშოთ A დივიზიონი, რადგან ჯერ ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც C დივიზიონშია ჩვენი ადგილი", - თქვა სანიოლმა. თუ, ამ მოსაზრებას გავყვებით, მაშინ უმტკივნეულოდ და ირონიის გარეშე უნდა გავიაზროთ, ეს გარემოება გოგონათა კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიის მოცემულობაში და აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე, ჩვენმა ასაკობრივმა გუნდმა, ჯერ B დივიზიონში უნდა მოახერხოს ძალების მოკრება, გამოცდილების დაგროვება და შემდეგ გამოვთქვათ, პრეტენზია, უფრო ძლიერ ჯგუფში ასპარეზობის თაობაზე.
ამ ეტაპზე კი, ტურნირზე, რომელიც 8-14 მარტის შუალედში ჩატარდა და საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა პირველად იასპარეზა ძლიერთა დივიზიონში, სამივე შეხვედრა წააგო:
8 მარტი / იტალია - საქართველო 5-0
11 მარტი / ჩეხეთი - საქართველო 7-0
14 მარტი / საქართველო - ხორვატია 0-8
შესაბამისად ჩვენმა გუნდმა 0 ქულა დააგროვა, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირის დებულების თანახმად, B ლიგაში გადაინაცვლა. ევროპის ჩემპიონატის საგზური კი, იტალიის ნაკრები გავიდა, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო (საქართველოსთან და ჩეხეთთან, ამასთან ჩეხეთთან მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და ანგარიშთან ერთდ, შეხვედრა ორი ფეხბურთელით მეტობაში დაასრულა), ტურნირის მასპინძელ ხორვატიასთან კი ფრედ 0-0 ითამაშა.

ბუნებრივია, აღნიშნული ტურნირიდან ქართველთა გუნდი პირველ რიგში სათამაშო გამოცდილებას გამოიტანს სარგებლად. ამას გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ, საქართველოში ქალთა ჩემპიონატი რიგი მოთამაშეების შემთხვევაში არ დაწყებულა, დანარჩენთა გუნდებმა კი, კონკრეტული ფეხბურთელების გარეშე, მხოლოდ ერთი ტური ჩაატარეს.
ხორვატიაში, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები, შემდეგი შემადგენლობით იყო წასული: მეკარე: ანანო სიგუა („ნიკე-ლუსო"), ნინო მეტრეველი („რუსთავი"), ელენე ბონდარევა („ნორჩი დინამო"); დაცვა: ელენე ბოლქვაძე („ლანჩხუთი"), ლოლიტა კალოიანი („რუსთავი"), ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი"), ნინი ვეკუა („ნორჩები"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე („რაჭა 2020"), ანანო მიქაბერიძე („რუსთავი"), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო"), თაკო ბულია („რაჭა 2020"), სოფო ბერულავა („ელიტა"), ნატო გუტიკაშვილი („რუსთავი"), ლიზი კაკულია („დინამო გაგრა"), ანი დავითულიანი („სამეგრელო"), სესილი გაბრელიანი („ახალგორი"), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი", აშშ), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი").





ჩვენ







