
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ცაზინში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ნაკრებს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე მატჩიც მოუგო, კვლავ ორი ბურთის სხვაობით, 20-22 (მატჩის ჩანაწერი). ამით კი, ფაქტიურად ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, მინიმუმ მესამე ადგილი დაიბევა, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში. თუმცა, თუკი ტიტე კალანდაძის გუნდი 8 მაისს თბილისში საბერძნეთს დაამარცხეს, მაშინ ჯგუფში მეორე ადგილსაც საბოლოოდ შესწვდება. ქართველები ოპტიმისტები და მაქსიმალისტები ვართ, შესაბამისად, ბერძნებთან, თბილისურ მატჩში გამარჯვებას ვგეგმავთ, მითუმეტეს, რომ გასვლაზე პირველი თამაში მხოლოდ ერთი ბურთით, 27-26 წავაგეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის ფინალურ ეტაპზე არმოხვედრის შანსსაც კი, არ განვიხილავთ.
სამი დღის წინ, „თბილისი არენაზე" დასრულებული მატჩის შემდეგ, ტიტე კალანდაძე ამბობდა, რომ საპასუხო შეხვედრაში, ქართველთა გუნდს, საშინაო კედლების ტვირთი მოეხსნებოდათ და უფრო თავისუფლად ითამაშებდნენ. რეალურად, დღევანდელ შეხვედრაში, თუ არ ჩავთვლით ერთ 7 წუთიან მონაკვეთს, ასეც მოხდა.
თბილისური შეხვედრის მსგავსად, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრაც დაძაბული გამოდგა და რეალურად, პირველი ტაიმის ბოლო წუთებამდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთი ქართველმა ხელბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და ორი ბურთით, 10-12 მოიგეს. ამ მონაკვეთში, ე.წ. ლოკომოტივის ფუნქცია, კაპიტანმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ შეასრულა. მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი რომ საბოლოოდ, მის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 6 გოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოსნიელებმა, ამ შეხვედრაში, მოახერხეს გიორგი ცხოვრებაძის ნეიტრალიზება. თუმცა, ქართველთა გუნდის ახალგაზრდა ლიდერმა, ამის ფონზეც საბოლოოდ, 5 გოლის გატანა მაინც მოახერხა.
დღევანდელ შეხვედრაში, ორჯონიკიძესთან ერთად, ალბათ, ირაკლი კბილაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ გამოირჩიეს თავი. თუკი, ირაკლიმ ბევრი შავის სამუშაო შეასრულა და 3 გოლიც გაიტანა, დიხამინჯიამ, მარჯვენა ფლანგიდან ააწრიალა ბოსნიელები და ამასთან, 5 გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი, ზოგადად ქართული გუნდისთვის კარგად წარიმართა. ანგარიშშიც ათვლა, ჩვენებმა დაიწყეს ცხოვრებაძის გოლით და სამი ბურთით დაწინაურდნენ. შეხვედრის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, საქართველოს გუნდმა 5 ბურთით მოახერხა გაქცევა, 15-20, მაგრამ დაახლოებით მომდევნო 5 წუთი, ამ „20"-ზე გაიყინა და შეცდომებს უმატა. წუთშესვენებაზე, რომელიც ქართველთა გუნდმა აიღო, ტიტე კალანდაძემ, თავის მოთამაშეებს გარკვევით უთხრა, რომ „ერთი ბურთი საქმეს, ჩვენს სასარგებლოდ დაამთავრებდა", თუმცა ეს „ერთი ბურთი", კონკრეტულ მომენტში პრობლემა გახდა. მასპინძლები კი, ნელ-ნელა ანგარიშში წამოგვეწივნენ. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ ანგარიში გაგვეზარდა, ხუთბურთიანი უპირატესობა გავანიავეთ და ალბათ, რომ არა ზურაბ ცინცაძის კარგი თამაში, ბოსნიელები ძალიან ახლის იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთანაც და წინ გასაჭრელადაც. თუმცა, ბოლო წუთნახევარში, დიხამინჯიასა და ორჯონიკიძის გოლების წყალობით, ქართველთა გუნდმა მოახერხა ორბურთიანი სხვაობის შენარჩუნება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ზოგადად ამ შეხვედრაში ცოტა გოლი გავიდა. ზემოთ ხსენებული ხელბურთელების გარდა, ჩვენი გუნდიდან, კიდევ ერთმა ხელბურთელმა, ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა 3 გოლი. რაც შეეხება ზურაბ ცინცაძეს, მას საბოლოოდ, 8 „სეივი" ჰქონდა.
ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გუშინ გაიმართა. საბერძნეთმა, კვლავ წააგო ისლანდიასთან, რომელიც ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. საქართველომ კი, დღევანდელი მოგების წყალობით, 8 ქულით მეორე ადგილზე გაიმყარა პოზიცია.





ჩვენ







