„იბერია 1999“-მა პირველი ქულები დაკარგა, „სამგურალმა“ ისევ მოიგო
„იბერია 1999“-მა პირველი ქულები დაკარგა, „სამგურალმა“ ისევ მოიგო
16.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში, 2025 წლის ლიდერმა „იბერია 1999"-მა, პირველი ქულები დაკარგა. თბილისურმა კლუბმა, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ბათუმის „დინამოსთან" გაიყო ქულები. ამასთან, თბილისელებმა, ქულის გადარჩენა მხოლოდ, მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე იური ტაბატაძის გოლის წყალობით მოახერხეს. შეხვედრაში კი, რომელიც საბოლოოდ, ფრედ, 1-1 დასრულდა, ანგარიში 39-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა. დაკარგული ქულების მიუხედავად, „იბერია 1999", ოთხი ტურის შემდეგ, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.  


მეოთხე ტურის შემდეგ, კვლავ მეორე საფეხურზე მოახერხა ადგილის შენარჩუნება „თელავმაც", რომელმაც მე-13 წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩენილ და ნახევარ გუნდ გაყვითლებულ „დინამო თბილისს" ვერ მოუგო. ანგარში, ამ შეხვედრაში სწრაფი გოლით, გაიხსნა, ოფიციალურად, მე-6 წუთზე, მასპინძელთაგან დაჩი ცნობილაძემ გაიტანა. თუმცა, მანამდე, კიდევ უფრო ადრე, თბილისელთაგან მათე ვაწაძის გოლი თამაშგარეს გამო, გააუქმეს. 1-0 იყო ანგარიში, როდესაც თბილისელებს თორნიკე მორჩილაძე გაუძევეს და მაშინ, როცა თბილისურ კლუბს უფრო სჭირდებოდა „გონზე მოსვლა", გადაწყობა და ახალ რეალობაში თამაში, გოლი სწორედ, თბილისელებმა გამოიჩინეს. ამჯერად, მათე ვაწაძეს, 24-ე წუთზე გატანილი გოლი ჩაუთვალეს. აღსანიშნავია, რომ სათამაშო უპირატესობა თბილისელთა მხარეს იყო, თუმცა, „კახელები" მწარედ „იკბინებოდნენ" და ორ მომენტში, დინამოელები მიშიკო მაქაცარიას წყალობით გადაურჩნენ გოლს. შეხვედრა 1-1 დასრულდა.


ქუთაისის „ტორპედომ" მესამე თამაში წააგო. კვლავ სახლში, და ამჯერად, გორის „დილასთან" 1-2. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ანგარიში სტუმრებმა, მე-9 წუთზე, ზურაბ რუხაძის გოლით გახსნეს, თუმცა, ქუთათურებმა, მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მე-17 წუთზე, პაატა ღუდუშაურმა ერთ დროს მის მშობლიურ კლუბს, ამჯერად, „ტორპედოს" მაისურით გაუტანა. ქუთაისელთათვის ფატალური გოლი კი, ირაკლი ბუღრიძის გადაცემის შემდეგ, იბრაჰიმა დრამემ გაიტანა და გორელებს, პირველი გამარჯვება აზეიმა, 1-2.


პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში „გარეჯმაც", რომელმაც 68-ე წუთზე, როგორც იქნა „გატეხა" 10 ფეხბურთელით დარჩენილი „კოლხეთი 1913". გამარჯვების გოლი, ლევან პაპავამ გაიტანა, შეხვედრა კი 0-1 დასრულდა „გარეჯის" სასარგებლო.


და ბოლოს, მეორე გამარჯვება იზეიმა მიმდინარე გათამაშებაში წყალტუბოს „სამგურალმაც", რომელმაც ამჯერად, გასვლაზე თბილისში, „გაგრა" დაამარცხა 0-2. ანგარიში, პეტრო არენაზე პირველ ტაიმში გაიხსნა.  22-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის გადაცემით ვინისიუსმა (იმან არა, ჩვენმა) გაიტანა. მეორე ტაიმში კი, შეცვლაზე შემოსულა დავით მუჯირმა წყალტუბოელები ორი ბურთით დააწინაურა. ოთხი ტურის შემდეგ, ერთი ნაკლები თამაშითა და 6 ქულით, „სამგურალი" სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზე არიან.


სატურნირო ცხრილი


ეროვნულ ლიგაში, მომდევნო ტური 28 მარტს, სანაკრებო შესვენების შემდეგ არის ჩანიშნული.



სტატიაში გამოყენებულია „სამგურალის", "იბერია 1999"-ისა და "დილას" ფოტოები