შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული
შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული
17.03.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა გიორგი შერმადინის ტენერიფე, რომელიც კარგა ხანია, მე-3 ადგილზეა და ვერა და ვერ ავიდა ზევით. როგორც იქნა, ეს 23-ე ტურში მოხდა, რომელშიც მეორეზე მყოფი კონკურენტი უნიკახა სარაგოსასთან დამარცხდა, ტენერიფემ კი გასვლაზე ბილბაოს სძლია და მე-2 ადგილზე აინაცვლა.

ტენერიფელებმა ბასკეტით ქალაქში 73-65 მოიგეს და ამაში მთავარი წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და შესაბამისად, MVP გახდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 21 ქულა და 9 ოხსნა მიითვალა. შერმადინმა 12-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.  ტენერიფემ პირველი პერიოდი 20-13 მოიგო, ხოლო შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი ფრედ 19-19 დასრულდა და გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა 15-14 გაიმარჯვეს.


ტენერიფე მომდევნო ტურში, 23 მარტს, საკუთარ არენაზე ანდორასთან ითამაშებს. ცხრილში მეორეზე მყოფ ტენერიფეს წინ მხოლოდ მადრიდის რეალი ჰყავს, რომელსაც კუნძულელებზე 1 მოგებით მეტი და 1 წაგებით ნაკლები აქვს.