ქართული ლეგიონი - შესანიშნავ ფორმაში სომხეთთან მატჩამდე
ქართული ლეგიონი - შესანიშნავ ფორმაში სომხეთთან მატჩამდე
17.03.2025
ავტორი: მარიამ მესხი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 და 23 მარტს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთის ნაკრებს ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება. სანაკრებო პაუზამდე ქართველმა ლეგიონერებმა შიდა ჩემპიონატებში ბოლო ტურის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა.


წარმატებული უქმეები ვასილიოს გორდეზიანმა და გიორგი გულიაშვილმა გახსნეს, რომელთა „სარაევოც" „იგმანს" დაუპირისპირდა. 44-ე წუთზე „სარაევო" გორდეზიანის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე კი, ბოსნია-ჰერცოგოვინის ლიგის ბომბარდირმა, გულიაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ამ დროისთვის, 21 ტურის შემდეგ, „სარაევო", 46 ქულით მე-3 ადგილზეა,  გულიაშვილი  კი, 14 გოლითა და 4 „ასისტით", ერთპიროვნული ლიდერია ბომბარდირთა დავაში.


იტალიის სერია ბ-ში, თავი კიდევ ერთხელ გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მე-16 წუთზე „ბრეშას" კარში ულამაზესი გოლი გაიტანა და „ფროზინონე" დააწინაურა. კვერნაძემ მოედანზე 67 წუთი გაატარა.


ამავე დღეს, გოლი გაიტანა კიდევ ერთმა ქართველმა ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა, რომელმაც „ზირა" მარცხისგან იხსნა. ვოლკოვი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და 63-ე წუთზე ბაქოს „საბაჰთან" ანგარიში გაათანაბრა. „ზირას", კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა.


რუმინეთის ჩემპიონატში, სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში კრაიოვას „უნივერსიტატეას" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ანრი მექვაბიშვილმა, რომელმაც ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. მისმა გუნდმა „კლუჟი" 3-0 დაამარცხა. ქართველმა კი, რომელმაც მინდორზე 84 წუთი გაატარა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.


15 მარტის სათამაშო დღე კი, გიორგი ქვილითაიამ დახურა, რომელმაც ლაშა დვალის „აპოელთან", ერთადერთი და „არისისთვის" გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. დვალმა კი შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მხოლოდ, 87-ე წუთზე გამოვიდა.


ყველაზე დატვირთული და ემოციური კი, 16 მარტი გამოდგა. სომხეთთან სტუმრად გასამართ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და გრაცის „შტურმის" მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა „ლასკთან" პენალტი გაიტანა და მიმდინარე სეზონში უკვე, მეცხრე გოლი მიითვალა.


ზედიზედ მეორე შეხვედრაში ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ. „ჰაიდენჰაიმი" საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა, ბოლო ორ მატჩში ბუდუს გოლების წყალობით გუნდი უკეთ გამოიყურება. 47-ე წუთზე ქართველი ფორვარდის გოლით „ჰაიდენჰაიმი" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე კი, საგოლე გადაცემა შეასრულა და საბოლოოდ, „ჰაიდენჰაიმმა" 3-1 მოიგო. ბუდუ, კი საქართველოსკენ გამოემართა.


დანიის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი გოჩოლეიშვილმა. ქართველმა მცველმა 26-ე წუთზე ანგარიში გახსნა და „კოპენჰაგენი" დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, „კოპენჰაგენმა" მეორე ბურთიც გაიტანა და კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა. თუმცა, მეორე ტაიმში „ვიბორგმა" თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ 3-2 იმარჯვა.


სანაკრებო შესვენებამდე, საგოლე გადაცემები გააკეთეს გიორგი ქოჩორაშვილმა და ზუკა დავითაშვილმაც. ლალიგა 2-ის ლიდერმა „ლევანტემ", სტუმრად, „უესკასთან", ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. „ქოჩორამ", ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ფორესს გაატანინა და „ლევანტემაც" იმარჯვა. ზუკას „სენტ ეტიენი" კი, ლიგა 1-ში სტუმრად, „მონპელიეს" წინააღმდეგ 0-2 იგებდა, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, თუმცა, მატჩი მსაჯის გადაწყვეტილებით შეწყდა. საქმე იმაშია, რომ მეორე გოლის შემდეგ, გაბრაზებულმა მასპინძლებმა, ტრიბუნიდან პეტარდები ისროლეს და მატჩიც გაურკვეველი ვადით შეჩერდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აღარ განახლდებოდა. შესაბამისად, „სენტ ეტიენს" ტექნიკური მოგება გაუფორმდება.


დღის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი, 16 მარტს, ჟორჟ მიქაუტაძე იყო, რომელმაც „ლიონს", რომელიც აგებდა, პრაქტიკულად 15 წუთში, თამაშიც მოაგებინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. „ლიონმა", ლიგა 1-ის 26-ე ტურში „ლე ავრს" უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ 1-2 მარცხდებოდა. ჟორჟი მატჩში 77-ე წუთიდან ჩაერთო, 78-ე წუთზე ფოფანას საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში გათანაბრდა. 82-ე წუთზე, თავად ბრწყინვალე დარტყმით მეტოქის კარი „გახვრიტა" და „ლიონი" დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის, მეექვსე წუთზე კი, "ბომბარდირმა" მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და ტიაგო ალმადას ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაატანინა.


დღის ბოლოს კი ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად, მისთვის პირველ „კლასიკში" მიიღო მონაწილეობა. პარიზულმა კლუბმა, შინ „მარსელი" 3-1 დაამარცხა. კვარას მონაწილეობა არცერთ გოლში მიუღია, თუმცა, ფლეშსქორისგან 7.1 ქულა დაიმსახურა შეფასებად. ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა.


და ბოლოს კიდევ, რამდენიმე ლეგიონერის თაობაზე, რომლებსაც გოლები არ გაუტანიათ - უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტიმ" სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფი, „პაშ"-ი 1-6 დაამარცხა. ქართველებმა სათადარიგო სკამიდან დაიწყეს, კობოური მოედანზე 31-ე, ბერიძე კი, 56-ე წუთზე შევიდნენ.


ნიდერლანდების I დივიზიონში ირაკლი ეგოიანის „ვიტესმა", გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „დენ ჰააგთან",  საშინაო შეხვედრაში 0-1 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.


პოლონეთის ექსტრაკლასაში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია", პოგონში „შჩეჩინთან" დამარცხდა. „კაკაბას" გუნდი, თავდაპირველად 0-2 დაწინაურდა, თუმცა, მასპინძლებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება და საბოლოოდ, შეხვედრა, 5-2 წააგეს. სამწუხაროდ, მეორე გოლი, საკუთარ კარში, ქართველმა ჩაჭრა. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ლაფსუსი, „კაკაბას" სანაკრებოდ არ გადმოჰყვება.


მთელი რიგი პრობლემების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა, „მამარდა" კვლავ იპოვა. სწორედ მის კარგ თამაშს უნდა უმადლოდეს „ვალენსია", რომ  „ჟირონას" დაუზავდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში" დღეიდან შეიკრიბება. რაც შეეხება ლეგიონის ახალგაზრდულ ფლანგს, ისინი მარტის ფანჯარას თურქეთში შეკრებას მოანდომებენ და ორ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ.