„დინამო არენაზე“ თამაში მოგვენატრა
„დინამო არენაზე“ თამაში მოგვენატრა
22.03.2025
ავტორი: მარიამ მესხი / თარამ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. ტრადიციულ, მატჩის წინა შეხვედრაზე მედიის შეკითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს. ბუნებრივია, ქართული მედიის დიდ ნაწილს, რომელსაც ხვიჩას, პარიზული თავგადასავალი ძალიან აინტერესებს, „კვარას" კითხვებიც აქედან გამომდინარე დაუსვა, თუმცა, ჩვენთვის, უფრო საინტერესო იყო, რა უთხრა, ერევანში დასრულებული თამაშის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ „კვარას" (ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ჟორჟიმ, სომხეთთან შესრულებული დუბლის შემდეგ კვარას გადაასწრო) და როგორი იყო ტრიბუნიდან დანახული თამაში, ასევე, სადმე რაიმე მისთვის „საინტერესო" ხომ არ დაინახა მეტოქის თამაშში.

"ბიჭებმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს, არ არის მარტივი იქ, 0-3 მოიგო. ძალიან კარგი თამაში იყო. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ვეხუმრე, ცოტა „ვეჩხუბე", რატომ გამასწარი-მეთქი. რეალობაში ჩვენ ძმებივით ვართ, ვცდილობთ, ნაკრებს დავეხმაროთ, გოლები გავიტანოთ. ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, იმედია, ასე გაგრძელდება, რაც მეტ გოლს გავიტანთ ერთად, ეს საქართველოს ნაკრებისთვის უკეთესი იქნება. ბედნიერები ვართ ერთად ყოფნით," - ამბობს ხვიჩა.


რაც შეეხება სხვა შეკითხვებს, რომლებსაც კითხვის დასმის მომენტში, ხვიჩა საგულდაგულოდ ინიშნავდა - გთავაზობთ „კვარას" პასუხებს, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. მაშ ასე, ხვიჩა ბედნიერია პსჟ-ში, „მიხარია იქ ყოფნა, სადაც პატივს გცემენ და კარგად გექცევიანო", ამბობს ქართველი ფეხბურთელი.



„პსჟ-მ ბევრი რამ მომცა, როგორც უკვე ვთქვი, ბედნიერი ვარ, ძალიან დიდ პატივს მცემენ და ეს ყველაფერი მეხმარება, რომ უფრო მეტი ვიშრომო, უფრო კონცენტრირებული ვიყო ფეხბურთზე. ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ ფეხბურთელებთან თამაში. ბევრ ახალს ვსწავლობ ისეთი მწვრთნელისგან, როგორიც ლუის ენრიკეა. გუნდშიც, ისეთი კარგი გარემოა, რომ რთულია თავი სხვანაირად იგრძნო. ეს ძალიან მეხმარება, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. ყველაფერი, რასაც ვხედავ, რასაც ვსწავლობ, ვცდილობ ჩემს თავს და ნაკრებს მოვახმარო," - ამბობს კვარაცხელია.


ხვიჩა, კიდევ ბედნიერია, მისთვის კარგად ნაცნობ სტადიონზე დაბრუნება: „დინამო არენაზე" თამაში ძალიან მოგვენატრა. ერთი სული გვაქვს, როდის გამოვალთ ხვალ მოედანზე და დაიწყება თამაში. ბედნიერები ვართ, რომ აქ, „დინამო არენაზე"  დავბრუნდით და ვითამაშებთ. ეს სტადიონი ჩვენთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს", - ამბობს კვარაცხელია.


ცოტა უხერხული და ცოტაც კურიოზული შეკითხვა, ხვიჩამ ისევე „აისხლიტა", როგორც თამაშის დროს, ფინტების კორიანტელის თანხლებით, უსხლტება ხოლმე მოწინააღმდეგეს. კითხვა კი, რომელის მეზობელი სომხეთიდან ჟურნალისტმა დასვა, ასეთი შინაარსის იყო - ხვიჩა, თქვენ ყოფილი სსრკ-ს სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ხართ, მხოლოდ, მხითარიანის შემდეგ-ო.


„მხითარიანთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ შორიდან ვიცოდი, რომ სომხეთის ნაკრები ვითარდებოდა. ჩემი აზრით, ეს ნაკრები წინ მიდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში, კიდევ უფრო განვითარდება და მეტი შესაძლებლობა ექნება", - პასუხობს „კვარა".



და ბოლოს ძმაზე - ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. აქვს ყველა თვისება, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს, თუმცა მანამდე დიდი გზაა გასავლელი. რაც მთავარია, მონდომებულია. ბევრი დაბრკოლება ექნება და თუ გადალახავს, აუცილებლად ითამაშებს. აუცილებელია, გააგრძელოს შრომა და ჰქონდეს მიზანი.


ცოტაც, ქართულ ფეხბურთზე იტალიური მომენტებით - ქართულ ფეხბურთში კარგად მიდის ყველაფერი. ბავშვებს რომ ვუყურებთ დღეს, ყველას ფეხბურთელობა სურს და ეს ძალიან წაგვადგება, ბევრი ტალანტი გამოჩნდება. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი ტოპ ლიგებში თამაშობს. დრო სჭირდება ამ ყველაფერს. შეიძლება, დღეს არგენტინა ჩვენზე ძლიერი ქვეყანაა, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ოდითგანვე ბევრი ლეგენდა თამაშობდა საქართველოში და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი რაუნდში ხვიჩა კვარაცხელიას, ყვითელი ბარათების გამო, ერთი თამაშის გაცდენა მოუხდა. თუმცა, ფეხბურთელი გუნდთან ერთად იყო ერევანში. ხვალ კი, საქმეშიც ჩაებმება. „საქმე" კი, „დინამო არენაზე" თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.