საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის არის ჩვენზე მეტად ძლიერი - ჩვენ გვჭირდება დრო
საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის არის ჩვენზე მეტად ძლიერი - ჩვენ გვჭირდება დრო
22.03.2025
ავტორი: მარიამ მესხი / თარამ ჯიშკარიანი

დღეს „დინამო არენაზე" ხვალინდელი მატჩის წინ, სომხეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმაც უპასუხა ქართული და სომხური მედიის კითხვებს. საინტერესო ტენდენცია, რაც ერევანში გამართული ორი და დღეს, თბილისში ჩატარებული პრეს-კონფერენციების დროს შევნიშნე არის, ჩვენი სომეხი კოლეგების „ჩაბჟირებამდე" მისული შეკითხვა, რომლის პასუხადაც, აშკარად უნდათ გაგება, რომ ჩვენი ხვალინდელი მეტოქეები, თუ უკეთესნი არა, საქართველოს ნაკრების ტოლნი არიან და მესამე პრეს-კონფერენციაა, რასაც ჩვენ ვესწრებით, ჯონ ვან'ტ სხიპი ჯიუტად იმეორებს, რომ საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის არის ჩვენზე მეტად ძლიერი.


თუმცა, ვიდრე სხიპის პასუხებს ჩამოვწერთ, მედიასთან შეხვედრაზე ამოსული სომხეთის ნაკრების ფეხბურთელის აზრის მოსმენაც არ იქნება ურიგო.


„წინა თამაშისთვისაც კარგად მოვემზადეთ, თუმცა 3 შეცდომა დავუშვით და დავალებების შესრულება არ გამოგვივიდა. ხვალინდელი თამაშისთვისაც მზად ვართ და იმედი გვაქვს, კარგი თამაში გამოგვივა. ყველამ ვნახეთ, რომ სომხეთში საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდათ, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ თამაშზე ჩვენი გულშემატკივრების სიმრავლე იქნება. არაერთხელ გვინახავს გასვლით თამაშებზე ჩვენი გულშემატკივრები მრავლად", ამბობს არტურ სერობიანი, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი.


ბუნებრივია, იმედი ბოლოს კვდება და ვერც ოცნებას დაუშლი კაცს, მაგალითად „დინამო არენაზე" სომეხი ქომაგის სიჭარბესთან დაკავშირებით, ქართველებთან შედარებით. ამიტომ მთავარი მწვრთნელის პასუხებს დავუბრუნდები, რომელმაც რეალურად რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა ნაკრები, 20 მარტს პირველად უხელმძღვანელა ოფიციალურ თამაშში და ახლა, თავის მართლების პროცესშია (სარედაქციო ჩანართი - ჟორჟისა და „აიაქსის" თავგადასავლის შემდეგ, თუ ვან'ტ სხიპს „დავიცავდით" ვერასდროს წარმოვიდგენდით).



ჯონ ვან'ტ სხიპი:

 

მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი შემადგენლობა დატოვა გრანტ-ლეონ რანოსმა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ფეხბურთელმა მოითხოვა, რომ ხვალ აუცილებლად ეთამაშა, სხვა შემთხვევაში, უარს ამბობდა მომავალში, სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ეთამაშა. დღეს რანოსმა კვლავ მკითხა, იქნებოდა თუ არა, ძირითად შემადგენლობაში. ვუთხარი, რომ ალბათ, არა. მან მითხრა, რომ ძირითადში თამაში უნდოდა, თუ არადა, გუნდში არ იქნებოდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მან გუნდი დატოვოს. არ შეიძლება ფეხბურთელმა, თავისი ინტერესები გუნდზე მაღლა დააყენოს. მსგავსი შემთხვევა ჩემს კარიერაში არ მქონია! მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს მეორე ბუნდესლიგაში და ნაკრებში გარანტირებული დროს ითხოვს.


მარტივია, ოქტომბრის ბოლოს ჩავიბარე „აიაქსი" და 4-6 კვირის განმავლობაში, როცა ჟორჟ მიქაუტაძეს ვწვრთნიდი, მის საუკეთესო ფორმაში არ იყო, სხვა ფორვარდებს გოლები გაჰქონდათ, უკეთეს ფორმაში იყვნენ. ვცადეთ, რომ მისთვის ნახევარდაცვაში გვეპოვა ადგილი, თუმცა, ეს არ გამოვიდა. სამწუხაროდ, მასთან ერთად დიდი ხნით მუშაობა არ მომიწია, მაგრამ ნათელია, რომ ის., შესანიშნავი ტალანტია და მასთან პრობლემა არ მქონია, „აიაქსში" შესანიშნავად ვარჯიშობდა. თუმცა, ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მისი საფრანგეთში დაბრუნდა. მიხარია, რომ ის ახლა ამ დონეზე თამაშობს.



ხვალინდელი მატჩის რაც შეეხება - მზად ვართ, რომ რევანში ავიღოთ, ვიბრძოლოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.


რომელიმე სისტემით თამაში თვითმიზანი არ არის და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის დონე. უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები და ამის მიხედვით შევარჩიოთ ტაქტიკა. საქართველოსთან პირველ თამაშს იმ იდეით მივუდექით, რომ მეტოქეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვიო. უნდა ვიპოვოთ გუნდური ბალანსი და მაქსიმალურად მოვემზადოთ მომდევნო მატჩებისთვის.



სომეხთა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა გუნდში, საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის მეკარის ცვლილებაც საჭიროა, თუმცა, მხოლოდ მისი არაო. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთში გამართულ პრეს-კონფერენციაზე და ახლაც, ვან'ტ სხიპმა გარკევევით თქვა რომ მისი მიზანია მოემზადოს სექტემბრის თამაშებისთვის, დიდი ალბათობით, ივნისში, ის ახალ ფეხბურთელებს დააკვირდება. მანამდე კი, კიდევ ერთხელ სთხოვა სომეხ ჟურნალისტებს, მიეცათ დრო, რომელიც შედეგს მოუტანს.