რამაზ სვანაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი სპარინგი მოიგო
რამაზ სვანაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი სპარინგი მოიგო
22.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანტალიაში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, ქალისთას სპორტული ცენტრში, ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა.


„ფინეთი, საკმაოდ სერიოზული გუნდია, ისიც, ჩვენს მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ვიცოდით ამ გუნდის ძალა და ზოგადად, ასეთი ტესტ-მატჩები ჩვენთვის ძალიან კარგია. მთლიანი შეკრება, დღევანდელი თამაში და ყოველი თამაში, რომელიც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატამდე გვექნება, განიხილება, როგორც მზადების პროცესი. ამიტომ, იქნება ბევრი პოზიციის ცვლა, იქნება ბევრი ექსპერიმენტი. ბიჭებმა ეს იციან. ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. ვეცდებით, რომ მომდევნო თამაშებში, ყველა იმ ფეხბურთელმა, რომლებიც გვყავს დღეს შეკრებაზე, მონაწილეობა მიიღონ ამ თამაშებში. დანარჩენი ყველაფერი ჩვენს, ჩვენი ფეხბურთელების ხელშია. ერთადერთი და მთავარი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ", - ამბობს რამაზ სვანაძე.


ანგარიში, 24-ე წუთზე ლუკა ჰურულაინენი გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 50-ე წუთზე კი, საბა მამაცაშვილის სტანდარტული, საბა ხვადაგიანმა დაასრულა გოლით და გაათანაბრა ანგარიში. 56-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები უკვე, შეცვლაზე შემოსულმა გიზი მამაგეიშვილმა დააწინაურა, 1-2. მალევე, საბა მამაცაშვილის კუთხურს, ფინელების ავტოგოლი მოჰყვა. დაახლოებით 10 წუთიან მონაკვეთში, სვანაძის გუნდი, რომელიც აგებდა, ორი ბურთით დაწინაურდა. 68-ე წუთზე ფინელებმა კიდევ გაგვიტანეს, თუმცა, თამაშში წერტილი 88-ე წუთზე ოთო მამაგეიშვილმა დაუსვა, რომელმაც ფინელი მცველებისა და მეკარის შეცდომით კარგად ისარგებლა და მეოთხე გოლი გაიტანა. საბოლოოდ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2-4 გაიმარჯვა.


 „ამ შეკრებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩვენი მენტალური მზადყოფნაა. ჩვენი ხასიათი, რომელიც სულ გვგქონდა და დღევანდელ თამაშშიც, ჩემთვის, რეალურად, ყველაზე მეტად ის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, კიდევ ერთხელ შევძელით და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, თამაში შემოვატრიალეთ. ეს ხასიათი ჩვენ, ძალიან გვეხმარება, ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც წინსვლაში," - ამბობს რამაზ სვანაძე, რომელმაც დღეს ახალგაზრდულ ნაკრებს 30-ედ უხელმძღვანელა.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მარტის სანაკრებო შესვენების დროს ანტალიაში იმყოფება შეკრებაზე, მეორე ამხანაგურ შეხვედრას, 25 მარტს, სერბეთის წინააღდეგ გამართავს.