ლაშა ტალახაძე მომდევნო 4 წელი ძალოსნობის ფედერაციას უხელმძღვანელებს
ლაშა ტალახაძე მომდევნო 4 წელი ძალოსნობის ფედერაციას უხელმძღვანელებს
03.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, კიდევ ერთმა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ შეცვალა.  კახიაშვილი კი, რომელიც ძალოსანთა ფედერაციას ორი საარჩევნო პერიოდის მანძილზე გაუძღვა კვლავ ფედერაციაში რჩება და ქართული სპორტისთვის მსახურს, ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში შეეცდება.


„ერთი ლეგენდა, ჩაანაცვლა მეორე ლეგენდამ. თუმცა არ იცვლება პრინციპები, რომლებიც ლაშას, სპორტული ასპარეზობებისას იყო გამოწვევა. ეს იყო ბევრი წარმატება, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე", - ამბობს გიორგი ასანიძე, რომელიც, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრია.


საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, სასტუმრო „ჰუალინგში" გაიმართა. ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ტალახაძე ერთსულოვნად, 4 წლის ვადით აირჩიეს.


„ჩვენი მთავარი მიზანი არის სპორტსმენი. მათთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ერთ-ერთი მთავარი რაც იქნება ისაა, რომ სანერვიულო არაფერი ექნებათ და შვიდად შეეძლებათ ვარჯიში", - ამბობს ლაშა ტალახაძე, უკვე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.


მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძეს აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, დღეს დასრულებული არჩევნების შემდეგ, ტალახაძემ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ აქტიური სპორტიდან ფედერაციის ხელმძღვანელად „გადანაცვლების" შემდეგ, მის გუნდთან ერთად, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ წლებია მიდის ლაპარაკი 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა წონითი კატეგორია, რომელშიც ლაშა ტალახაძე წლების მანძილზე ასპარეზობდა, აღარ იყოს ოლიმპიური წონა. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ჯერ აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად არაფერი განუცხადებია.